arrow
კატეგორიები
arrow
ავტორები
ავტორი
გიორგი ლეონიძე
გიორგი ლეონიძე

ქართველი პოეტი, მწერალი, მეცნიერი. 1918 წელს დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია. რედაქტორობდა სემინარიაში გამომავალ ხელნაწერ ჟურნალებს გვირგვინი და ფანდური. 30-იან წლებში მისი ინიციატივით დაარსდა მთაწმინდის მწერალთა მუზეუმი, რომელიც მოგვიანებით საქართველოს სახელმწიფო ლიტერატურულ მუზეუმად გადაკეთდა, იგი წლების მანძილზე ამ მუზეუმის დირექტორად მუშაობდა. გიორგი ლეონიძის დაარსებულია ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი საგურამოში, აგრეთვე ალმანახი ლიტერატურული მემკვიდრეობა, რომელსაც თვითონვე რედაქტორობდა. 1940-1948 წლებში ლიტერატურული მატიანის რედაქტორი იყო, 1951-1953 წლებში ხელმძღვანელობდა საქართველოს მწერალთა კავშირს. 1957-1966 წლებში შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ისტორიის ინსტიტუტს.

 

პირველი ლექსი მცხეთა 1911 წელს გამოაქვეყნა. 1912 წლიდან ლეონიძის ლექსები სისტემატურად იბეჭდებოდა. 1918 წლიდან გიორგი ლეონიძე დაუახლოვდა ქართველ სიმბოლისტთა ჯგუფს – ცისფერყანწელებს, რომლებთანაც ანათესავებდა ქართულ ნიადაგზე მოდერნიზმის გადმონერგვის სურვილი და ლექსის ტექნიკური სრულყოფისაკენ სწრაფვა.

 

გიორგი ლეონიძის ლირიკულმა შედევრებმა (ნინოწმინდის ღამე, სიმღერა პირველი თოვლისა, 1926; მყვირალობა, ყივჩაღის პაემანი, ყივჩაღის ღამე,  ოლე, და სხვა) იმთავითვე განსაზღვრა პოეტის გამორჩეული როლი XX საუკუნის ქართულ პოეზიაში, საქართველოს ისტორიის წარსულისადმი მიძღვნილ ლექსთა ციკლი ქართლის ცხოვრება კი პატარა ერის ისტორიის ტრაგიკული ფურცლებია. გიორგი ლეონიძე გამოეხმაურა მეორე მსოფლიო ომს (შინმოუსვლელო, სადა ხარ?, არ დაიდარდო, დედაო და სხვა) – ძნელბედობის დროს შექმნილი ზოგიერთი მისი ლექსი ხალხურ სიმღერად იქცა.

 

გიორგი ლეონიძის მოთხრობების წიგნზე – ნატვრის ხე, რომელიც გამოსვლისთანავე უდიდეს ლიტერატურულ მოვლენად იქცა, რეჟისორმა თენგიზ აბულაძემ 1962 წელს გადაიღო იმავე სახელწოდების ფილმი.

 

გიორგი ლეონიძე დაკრძალულია მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

ავტორის წიგნები
ვრცლად