arrow
კატეგორიები
arrow
ავტორები
  • ნოდარ  წულეისკირი ნოდარ წულეისკირი
  • რუსუდან რუხაძე რუსუდან რუხაძე
ვრცლად
ბლოგი
ფრანსუა ელიზადეს ბლოგი "მაკონდოს ანტიგონე"
10/04/2017

დრო წრეზე ბრუნავსო, ამბობდა ურსულა იგუარანი. ის ურსულა, რომელმაც ბუენდიების უამრავი თაობა აღზარდა და პირველი ამჩნევდა მათ სახეზე აღბეჭდილ მარტოობას. ურსულამ, ალბათ, არ იცოდა, რომ იქვე, მაკონდოში, კოლუმბიელმა კიდევ ერთხელ დაატრიალა ქვეყანა წრეზე და ამჯერად „ანტიგონეს“ სიუჟეტი ახლად დაარსებული ქალაქის იმ სახლში გააცოცხლა, ქარი რომ ხეზე სამიოდე ტოტს არხევს – შვილის, დედისა და ბაბუისა. სხვა ტოტები ჩამოაცალა და ბანანის კომპანიიდან მონაბერმა ქალაქის ყველა ნამდვილ თუ ალეგორიულ ხესაც ჩამოუბერტყა ფოთლები დარდებად, ცრემლებად თუ ტკივილებად. „ფოთოლცვენა“ – სათაურშივე მინიშნებულია, რომ დიდი ხნის წინ დაწყებული ამბის დასასრული ახლოვდება.

 

დღეს მარკესის თაყვანისმცემლები „ფოთოლცვენას“ ლამის „მარტოობის ასი წლის“ ნაწილად აღიქვამენ. თუმცა, რა თქმა უნდა, ის თვითმყოფად ლიტერატურულ ნიმუშს წარმოადგენს.

 

მსოფლიო ლიტერატურაში მრავალი ნაწარმოები მოიძებნება, რომელშიც მიცვალებულთა მიმართ ადამიანების დამოკიდებულებაა ასახული: სოფოკლეს „ანტიგონე“, უილიამ ფოლკნერის „სული რომ ამომდიოდა“, ქართული იგავ-არაკის გახსენებაც შეიძლება სულხან-საბა ორბელიანის შემოქმედებიდან – „მაოხრებელი მკვდარი“. 

 

გაბრიელ გარსია მარკესი

 

მარკესის „ფოთოლცვენა“ სიკვდილით იწყება. ავტორი ამბის შუაგულში (in medias res) გვათავსებს და სამი სხვადასხვა პერსპექტივიდან გვაწვდის ინფორმაციას გარდაცვლილზე. ერთ-ერთი მათგანია ისაბელი – პოლკოვნიკის ქალიშვილი და მცირეწლოვანი ბავშვის დედა. სამივე თავისი გადმოსახედიდან აფასებს მომხდარს და სამივეს განსხვავებული ურთიერთობა ჰქონდა გარდაცვლილ ექიმთან. ახლა კი, როდესაც მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება უნდა მიიღონ – დამარხონ თუ არა მიცვალებული – მათი პოზიციები ერთმანეთს არ ემთხვევა. თუმცა მთავარი სიტყვა ოჯახის უფროსს ეთქმის, პოლკოვნიკს, მის წინააღმდეგ წასვლა კი არავის შეუძლია. სწორედ აქ ვხვდებით უმთავრეს ინტერტექსტუალიზმს სოფოკლეს „ანტიგონესთან“. თუ ძველბერძნული ტრაგედიის გმირი ცდილობს, აკრძალვის მიუხედავად, საკუთარი ძმის ცხედარი მიწას მიაბაროს, მარკესის პერსონაჟებმა მთელი მაკონდოს სურვილის საწინააღმდეგოდ უნდა გაილაშქრონ და ექიმს მიუჩინონ საუკუნო განსასვენებელი. იმ ექიმს, რომლის სიკვდილსაც მთელი ქალაქი მოუთმენლად ელოდა. ნატრობდნენ იმ დღის დადგომას, როცა მისი აყროლებული სხეულის სუნს ქარს მინებებული ფოთლები მოიტანდა და ყოველი სახლის კართან დააწყობდა. ნაოცნებარის ახდენას კი პოლკოვნიკი არ აცდის. ისაბელმა იცის, რომ ქალაქი არ შეარჩენს მათ ამას და სახლიდან გასულები შეიძლება ჩაქოლონ კიდეც.  ასეც რომ  არ მოხდეს, არ სურს იმ ხალხის განაწყენება, რომელთა გვერდითაც ცხოვრება უნდა განაგრძონ.

 

დაბადებიდან ყველანი საკუთარი პროცესიისთვის ვაგროვებთ ადამიანებს, მაგრამ ექიმს, რომელმაც მაკონდოს სამწევრიანი ოჯახის სახლის კარი 25 წლის წინ შეაღო, სხვაგვარად გამოუვიდა. მან თავად თქვა უარი სრულუფლებიანი და პატივცემული მოქალაქე გამხდარიყო. ქალაქმა ღალატად მიიჩნია მისი საქციელი, რადგან ექიმს ავადმყოფების მოვლა ევალება, მან კი შუაღამით სახლის კართან მოყვანილი უამრავი დაჭრილი უარით გაისტუმრა. მიზეზად კი მკურნალობის დავიწყება დაასახელა. რა თქმა უნდა, ის აითვალწუნა მაკონდომაც. რადგან ბორბალი დატრიალდა, მისი ცოლის, მემეს, გაქრობაც მასვე მიაწერეს. ერთი სიტყვით, განაჩენი დიდი ხნის წინ იყო გამოტანილი.

 

როცა „ფოთოლცვენას“ კითხულობ, გამუდმებით გიტრიალებს კითხვა: მაინც ვინ არის ეს კაცი? ყოველ გვერდზე ახალი აზრი გიჩნდება. ერთგან იფიქრებ, სულაც არ არის ექიმი, ეს სტატუსი უბრალო ნიღბად შეურჩევიაო, მეორეგან რწმუნდები, რომ წინა შეფასებისას შემცდარხარ. გინდა სამმა მთხრობელმა უფრო მეტი ინფორმაცია მოგაწოდოს მის ცხოვრებაზე, გაიგო როგორი იყო 25 წლის წინათ, მაგრამ წარსულში ასე შორს გახედვა მაკონდოელებს არ შეუძლიათ. ისაბელის მამამ და შვილმა სხვა არაფერი იციან ექიმის განვლილ ცხოვრებაზე, გარდა იმისა, რომ პოლკოვნიკ აურელიანო ბუენდიასთან ყოფილა დაახლოებული. მაკონდოს  საზღვრებთან თითქოს ნისლის სქელი ფენაა ჩაწოლილი და შეუძლებელია გავიგოთ რას წარმოადგენდა ქალაქის გარეთ. თუმცა ჩვეულებრივ პიროვნებასთან რომ არ გვაქვს საქმე ნათელია. ეს არის ადამიანი, რომელიც ნაბიჯ-ნაბიჯ მიიწევს სიმარტოვისკენ, სხეულიდან იგლეჯს ცივილიზაციისგან ნაბოძებ სიმდიდრეს და პირველყოფილ, ბუნებრივ მდგომარეობას უბრუნდება. ყოველ შემთხვევაში, ცდილობს დაუბრუნდეს. ამ მოსაზრების გასამყარებლად ოთხი მნიშვნელოვანი მაგალითის მოყვანა შეიძლება:

 

1. ექიმი არ მიირთმევს კერძებს, მხოლოდ მწვანე ბალახს ჭამს.

2. საკუთარ თავს დააჯერებს, რომ ექიმობა დაავიწყდა.

3. მისთვის ქალთან ურთიერთობა მხოლოდ ხორციელი სურვილების დაკმაყოფილებაა, ყოველგვარი ვნებისა და სიყვარულის გარეშე.

4. იკეტება ოთახში და არ კითხულობს გაზეთებს, ანუ წყვეტს კავშირს საკუთარ ფესვებთან, გარესამყაროსთან და ცივილიზაციასთან.

 

„ფოთოლცვენის“ პირველი გამოცემა (გამომცემლობა Ediciones SLB, კოლუმბია, 1955 წ.) 

ქართული გამოცემა (ესპანურიდან თარგმნა თეა გვასალიამ, დიზაინი თეონა ჭანიშვილისა, გამომცემლობა „ინტელექტი“, 2015 წ.)

 

საბოლოოდ სრულყოფილებას აღწევს და მიწას უბრუნდება თავისივე გადაწყვეტილებით – თვითმკვლელობით. ალბათ, თვითმკვლელობამდე არ ადარდებდა როგორ მოექცეოდნენ მის ცხედარს, გამოუჩნდებოდა თუ არა დამცველი, მაგრამ სხვა მოვალეობებთან ერთად მასპინძლის ვალდებულებაც დაავიწყდა. თუმცა, სიმართლე ითქვას, არა თუ მასპინძლის, არამედ ყოველი ადამიანის მოვალეობაა მიცვალებული, თუნდაც არ იცნობდეს, მიწას მიაბაროს. სწორედ, ამიტომ ეწინააღმდეგება პოლკოვნიკი მთელ ქალაქს. სამსულიან ოჯახს კი შეიძლება ამ წესის აღსრულება ძვირად დაუჯდეს. „ფოთოლცვენა“ ხომ ძველბერძნული ტრაგედიის სიუჟეტს მიყვება და ჩვენ ვიცით, რომ ანტიგონეს სიცოცხლე ფატალურად სრულდება. მარკესის ნაწარმოების კითხვისას ველოდებით როდის გამოასვენებენ ექიმს სახლიდან და ჩაატარებენ მაკონდოს ქუჩებში. ყოველი გვერდის გადაფურცვლისას შიში გვიპყრობს, რომ რომელიმე აბზაცის კუთხეში ჩასაფრებული შურისმაძიებელი პირველ ქვას ისვრის მცირერიცხოვანი პროცესიის მისამართით. ხან ამ ქუჩებში ჩამწკრივებული სახლების ბინადრებთან ერთად ფანჯრიდან თვალს ვადევნებთ სამ მეამბოხესა და რამდენიმე ინდიელს; ხან ურსულასთან აღმოვჩნდებით, ხანაც რებეკასთან, მარტოდმარტო რომ ცხოვრობს. ამ ქუჩაზე მიმავალ უცნობს ხომ თვით აურელიანო ბუენდიამ უთხრა ერთხელ:

 

„ – რას ვიზამ, ვზივარ, ვუცდი როგორ ჩამომატარებენ კუბოთი.“ („მარტოობის 100 წელი“ ესპანურიდან თარგმნა ელზა ახვლედიანმა)

 

მარკესმა დანარჩენი მკითხველის წარმოსახვისა და ინტერპრეტაციის უნარს მიანდო. რაც არ უნდა გადავწყვიტოთ, ყოველი მათგანი ლეგიტიმური იქნება. თუნდაც მივყვეთ წინარეტექსტს – „ანტიგონეს“ – და ვივარაუდოთ, რომ ხალხმა შური იძია საძულველი ადამიანის დამმარხველებზე, ან თუნდაც დავრჩეთ მაკონდოში და სამსულიან ოჯახს მშვიდად აღვასრულებინოთ განზრახული. ნებისმიერი არჩევანი სწორი იქნება, რადგან მწერალმა თავად გვანდო დაგვესრულებინა ამბავი.

 

ეს არის წიგნი სიკვდილსა და სიცოცხლეზე, ყოველი გადადგმული ნაბიჯის სისწორეზე, ღირებულებათა იერარქიაზე, არჩევანის მორალურ საფუძვლებზე, მსხვერპლის გაღებაზე, საკუთარი სიმართლისთვის ბრძოლაზე, ამბოხზე, ბრბოს წინააღმდეგ წასვლაზე, სიყვარულზე და მოვალეობის გააზრებაზე. ეს ყველაფერი მარკესმა თავბრუდამხვევი ოსტატობით შემოგვთავაზა, ისე, როგორც ფოთლები მიმოიფანტებიან ხოლმე ყველგან, სადაც მიესვლებათ და ყვებიან მრავალ მაგიურ ამბავს. 



სხვა ბლოგები
  • თამარ კვარაცხელიას ბლოგი – „ზღაპრებიდან წერილებამდე“
    26/10/2017
    მამა-შვილის მიმოწერა – ეპისტოლური ჟანრის მსგავს ნიმუშებს მრავლად ინახავს მსოფლიო ლიტერატურა. წერილების...
    ვრცლად
  • ბაკურ გაბუნია – „მარტოობის 50 წელი – ერთი დღე მაკონდოში“
    05/06/2017
    „ინტელექტის“ მკითხველთა კლუბის კონკურსის – „მარტოობის 50 წელი – ერთი დღე მაკონდოში“ – გამარჯვებული...
    ვრცლად
  • გვანცა მგალობლიშვილის ბლოგი „აფრიკელები“
    10/05/2017
    დაწერილია საგანგებოდ თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალისთვის 1952 წელს, შვედეთის სამეფო აკადემიამ...
    ვრცლად