arrow
კატეგორიები
arrow
ავტორები
  • ნოდარ  წულეისკირი ნოდარ წულეისკირი
  • რუსუდან რუხაძე რუსუდან რუხაძე
ვრცლად
ბლოგი
თეკლა ქველაძის ბლოგი „სისულელის ტრაქტატი ბარნოვის 122-ში“
20/04/2017

გაგა ნახუცრიშვილის ნოველებისა და მინიატურების ახალი კრებული – ბარნოვის 122 – 2015 წელს გამოცემული სისულელის ტრაქტატის  გაგრძელებაა. იქნებ ავტორისა და გამომცემლის ჩანაფიქრი ასეთი სულაც არ იყო, მაგრამ ასე გამოვიდა: ეს ერთი გრძელი ამბავია ჩვენი ქვეყნის უახლოეს წარსულზე. ამბავი მეგობრობაზე, სიყვარულზე, ქალაქზე, ადამიანებზე, მთაზე და პირველ ყოვლისა სევდაზე – წასულთა სევდაზე, ცოცხლად დარჩენილთა და გადარჩენილთა სევდაზე. ეს არის წიგნები ადამიანებზე, რომლებიც პოეტ გაგა ნახუცრიშვილს ცხოვრების გზაზე გადაჰყრიან და შემდეგ გაცლიან, მარტო მას კი არა, მთლიანად ამ სამყაროს მოშორებიან და ასე მოგონებებად, ზღაპრებად და ნოველებად დარჩენილან. 

გაგა ნახუცრიშვილის ნოველების კრებული სისულელის ტრაქტატი  (გამომცემლობა ინტელექტი, 2015 წ.)

გაგა ნახუცრიშვილის ნოველების კრებული ბარნოვის 122 (გამომცემლობა ინტელექტი, 2016 წ.)

 

ჩვენი მამები, ანუ 90-იანებში დაბადებულების მამები, დედები, ბიძები და სხვანი ალბათ სხედან, კითხულობენ სულის შეხუთვამდე სევდიან ამბებს, იგონებენ იმ პერიოდის თბილისს, ადამიანებს, რომლებიც მათ სივრცეში, მათ ყოველდღიურობაში იყვნენ და მოგონებები ყელში ეჩხირებათ. ჩვენთვის კი ეს ყველაფერი ისტორიაა, წარსული, რომელიც არ გვახსოვს და ამიტომაც გაგა ნახუცრიშვილის მინიატურები ჩემთვის დოკუმენტური ნოველებია – ისტორიის სახელმძღვანელოებში ამას ვერ წაიკითხავთ, ეს რეალური ამბები მეოცე საუკუნის მიწურულის თბილისზეა.

 

ხშირად ვამბობ ხოლმე, პოეტები სხვანაირად წერენ პროზას. გაგა ნახუცრიშვილის პროზაც ასეთია, რიტმული, მუსიკალური და მთელი წიგნი თითქოს ერთი გაბმული ბალადაა იმ ყველაფერზე, რასაც პოეტი ცხოვრებისგან ქმნის.

 

კითხულობ გაგა ნახუცრიშვილის მინიატურებს და ყოველ სიტყვაში ნაცნობი პორტრეტები და ადამიანები გხვდებიან, მათ ხომ შენც იცნობ, მათ ხომ წინა ნოველაშიც შეხვდი, ან წინა წიგნში ან სულაც გაგას ლექსები ხომ ეს ადამიანები არიან. ის-ის არის უნდა შეგიყვარდეს, ის-ის არის შენი ახლობელი უნდა გახდეს და მთავრდება – მთავრდება მათი ამბავი წიგნში და მთავრდება მათი ცხოვრების ამბავიც. შემდეგ გვერდზე ახალი ამბავი იწყება, ახალი სიყვარული, ახალი თავგადასავალი და ახალი სევდა, სანამ თითოეულ ნოველას თუ მინიატურას მოიშინაურებ, უკვე წაკითხული გაქვს. გაელვებასავით არის, ზაფხულის გაელვებას ეძახიან თუ რაღაც მაგდაგვარს. გაგას პროზა ერთი გაელვებაა, რომ გაგაშუქებს, გაგანათებს და ისე გაქრება, თითქოს არც ყოფილა. ამიტომაც იკითხება ასე, ერთი ამოსუნთქვითა და დიდი სევდით.

 

სიკვდილი ის მთავარი ამბავია, რომელსაც გაგა ნახუცრიშვილის ტექსტებში ვერსად წაუხვალთ. ეს ხომ 90-იანი წლების მოგონებებია, მაშინდელი თბილისი, ავტორის სიჭაბუკე, მაშინ კი იქ ყველგან სიკვდილი იყო, სადღაც მუდმივად ვიღაცის სიკვდილი ჩასაფრებულიყო.

თბილისი. 1990-იანი წლები

 

თუ ამ ორ წიგნს იღლიაში ამოიჩრი, სადმე ვერის ბაღში, მყუდრო სკამზე მოკალათდები და კითხვას დაიწყებ, იქნებ სადმე პაკო და ხულიგანაც მოგელანდოს, ანდა გიო იოსელიანი შენიშნო გაგა ნახუცრიშვილის ბავშვობის დროინდელი მწვანე რვეულით. იქნებ აღარასდროს მოგინდეთ მყინვარწვერზე წასვლა თბილისში დაბრუნების შიშით. ყველაფერი შეიძლება მოხდეს, შეიძლება სასაცილო მხიარულ ამბებზეც აგეტიროს, რადგან ეს ამბები წარსულში დარჩა და სწორედ ამიტომ არის სევდიანი.

 

თუმცა, მთავარი მაინც სინათლეა, რაც ამ სევდაში ჩანს. ესეც პოეტის ჭეშმარიტი მდგომარეობაა – ნათელი სევდა, რომელსაც ადამიანისთვის იმედის, ნუგეშის გაზიარება შეუძლია, რომელიც ყველაზე უკუნ წყვდიადშიც გამძლედ ანათებს.

 

რეცენზია გამოქვეყნდა ლიტერატურულ გაზეთში ( №3 (187), 2017 წ.)



სხვა ბლოგები
  • თამარ კვარაცხელიას ბლოგი – „ზღაპრებიდან წერილებამდე“
    26/10/2017
    მამა-შვილის მიმოწერა – ეპისტოლური ჟანრის მსგავს ნიმუშებს მრავლად ინახავს მსოფლიო ლიტერატურა. წერილების...
    ვრცლად
  • ბაკურ გაბუნია – „მარტოობის 50 წელი – ერთი დღე მაკონდოში“
    05/06/2017
    „ინტელექტის“ მკითხველთა კლუბის კონკურსის – „მარტოობის 50 წელი – ერთი დღე მაკონდოში“ – გამარჯვებული...
    ვრცლად
  • გვანცა მგალობლიშვილის ბლოგი „აფრიკელები“
    10/05/2017
    დაწერილია საგანგებოდ თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალისთვის 1952 წელს, შვედეთის სამეფო აკადემიამ...
    ვრცლად