arrow
კატეგორიები
arrow
ავტორები
  • ნოდარ  წულეისკირი ნოდარ წულეისკირი
ვრცლად
ბლოგი
ბაკურ გაბუნია – „მარტოობის 50 წელი – ერთი დღე მაკონდოში“
05/06/2017

„ინტელექტის“ მკითხველთა კლუბის კონკურსის – „მარტოობის 50 წელი – ერთი დღე მაკონდოში“ – გამარჯვებული ტექსტი

 

დაუსრულებელი წვიმების სეზონი იდგა. სიესტისას ფანჯარასთან დაკიდებულ ჰამაკში ვიწექით, რომელიც პირველი ეგებება სახლში თავშესაფრის საძებნელად უნებართვოდ შემოსულ გრილ ჰაერს, თან რომ მარტოობის, სამოქალაქო ომისა და გარდასული წლების მოგონებებს შემოიყოლებს ხოლმე. აქედან ბოშათა ბანაკისთვის განკუთვნილი მიწები ჩანს, სადაც ახლაც დაეხეტება დაღვარჭნილთითებიანი მელკიადესის ლანდი და უკვე ქიმერებად ქცეულ პირველ მოსახლეებს, გაკვირვებულნი, მხრებაჩეჩილნი, გაუბედავად რომ მიყვებიან ზურგსუკან, ამსტერდამელი მეცნიერების ახალ და საოცარ აღმოჩენებზე ესაუბრება.

                                       „მარტოობის ასი წელიწადის“ ინგლისური გამოცემა.

   „ბოლო 50 წლის საუკეთესო რომანი ნებისმიერ ენაზე“ – სალმან რუშდი

 

ერთხელაც შევავლე თვალი ყინულისგან ხელებდამწვარ პატარა აურელიანოს, მომავალში ოცდათორმეტჯერ რომ წამოიწყებს შეიარაღებულ აჯანყებას და ოცდათორმეტჯერვე დამარცხდება, ჩემი მემე ღონივრად მივიკარი და დაუსრულებელი წვიმებისგან სახურავზე გულისგამაწვრილებელი რაკარუკისგან გახმოვანებული სიტყვებით ვკითხე:

– გინდა, მოგიყვე, ერთ დროს ჩვენი მაკონდო როგორი სოფელი იყო?

– ბაკურ, გთხოვ, თბილისი არასდროს ყოფილა მაკონდო და საერთოდაც, მემე კი არა, ალინა მქვია.

– იმ წელს, მთელ სოფელს უძილობა რომ შეგვეყარა, ნაღვლიანი ამბები დატრიალდა მაკონდოში. – განვაგრძობ. თითქოს არც გამიგია მისი სიტყვები. – გულმავიწყობა შემოგვეჩვია. ნელ-ნელა დაგვავიწყდა ნივთების სახელები და მათი ფუნქციები. ყოველგვარი საქმე მოვილიეთ და პარმაღში შეკრებილები დღეში ათასჯერ ვუყვებოდით ერთმანეთს ზღაპარს თეთრ ყვერულზე. ერთხელაც, სასიყვარულო წინადადებებითა და ქათინაურებით პირამდე სავსე წერილი კონვერტში მოვათავსე და ვერაფრით გავიხსენე მისამართი, რომ მიმეწერა. მერე კი მაგიდაზე დიდი ხნის წინ მიტოვებულ კონვერტს უბრალოდ ჩავუვლიდი, რადგან არ ვიცოდი საიდან მოხვდა, ვინ დადო, ვისთვის იყო განკუთვნილი. მთელ სახლში მიმოფანტული ჩემი სიზმრის პერსონაჟებიც ვერ მიმხელდნენ სიმართლეს. მერე სიარული დამჩემდა მაკონდოს ქუჩებში. სხეულს თავისით მივყავდი ერთი მტრედივით ქათქათა სახლისკენ, წინ რომ ჩამოვჯდებოდი და დიდხანს ვუყურებდი ეზოში სარეცხის გასაფენად გამოსულ სევდიან გოგონებს. „მელკიადესი დაბრუნებულა ბუენდიებთან“ – მიღიმოდა თორმეტიოდე წლის ბიჭი და შუშის ციცქნა ჭურჭელი მომაწოდა, დალიეო. მაშინვე გიცანი. ეს შენ სახლთან მოვყავდი სხეულს. შენი სახლის მისამართი ახსოვდათ ჩემს ინსტინქტებს.

                                                                                                                                                                                                               გაბრიელ გარსია მარკესი

 

ჩემმა მემემ, თავად როგორც ამბობს, ალინამ, ღრმად ჩაისუნთქა, ერთი ამომხედა სიყვარულის ნიშნად და თავი ისევ ჩემს მხრებში ჩამალა. ასეა. მაკონდოში ყოველი ჩვენგანისთვის განკუთვნილი ამბები ხდება.

 



სხვა ბლოგები
  • გვანცა მგალობლიშვილის ბლოგი „აფრიკელები“
    10/05/2017
    დაწერილია საგანგებოდ თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალისთვის 1952 წელს, შვედეთის სამეფო აკადემიამ...
    ვრცლად
  • თეკლა ქველაძის ბლოგი „სისულელის ტრაქტატი ბარნოვის 122-ში“
    20/04/2017
    გაგა ნახუცრიშვილის ნოველებისა და მინიატურების ახალი კრებული – ბარნოვის 122 – 2015 წელს გამოცემული სისულელის...
    ვრცლად
  • ფრანსუა ელიზადეს ბლოგი "მაკონდოს ანტიგონე"
    10/04/2017
    დრო წრეზე ბრუნავსო, ამბობდა ურსულა იგუარანი. ის ურსულა, რომელმაც ბუენდიების უამრავი თაობა აღზარდა და პირველი...
    ვრცლად