arrow
კატეგორიები
arrow
ავტორები
  • ნოდარ  წულეისკირი ნოდარ წულეისკირი
  • რუსუდან რუხაძე რუსუდან რუხაძე
ვრცლად
ბლოგი
თამარ კვარაცხელიას ბლოგი – „ზღაპრებიდან წერილებამდე“
26/10/2017

მამა-შვილის მიმოწერა – ეპისტოლური ჟანრის მსგავს ნიმუშებს მრავლად ინახავს მსოფლიო ლიტერატურა. წერილების სერია თუ ცალკეული ბარათები ყოველთვის საუკეთესო საშუალება იყო მშობლისა და შვილის ურთიერთობისთვის. მაგალითად, საქვეყნოდ ცნობილია ლორდი ჩესტერფილდის 1774 წელს გამოცემული „წერილები ვაჟიშვილს“, რომლებმაც თავის დროზე დიდი ხმაური გამოიწვია ბრიტანულ საზოგადოებაში. ან ჯონ სტაინბეკის წერილი შვილისადმი სიყვარულის თაობაზე. 1958 წელს უფროსმა ვაჟმა, ტომმა, მისწერა მამას, რომ შეყვარებული იყო. ჯონ სტაინბეკი მთელი სერიოზულობით და თანაგრძნობით მოეკიდა ბიჭის პირველ გრძნობას და მისმა სიბრძნით, სინაზითა და წინდახედულობით სავსე პასუხმაც არ დააყოვნა. წერილი დღესაც არ კარგავს აქტუალურობას და გზავნილია ყველა იმ ადამიანისთვის, ვისაც უყვარს ან ჰყვარებია.

ოტია იოსელიანმა შვილთან ურთიერთობა ზღაპრებით დაიწყო. წერილებს კი მას წლების განმავლობაში სწერდა.

 

        

                                                                                                                    ოტია იოსელიანი

 

სიყვარული, რწმენა, მეგობრობა და მეგობრის არჩევა, სიმართლე და სიცრუე – მწერალი კრებულში „წერილები დაჩის“ თითქმის ყველა იმ თემას/საკითხს შეეხო, რითაც ადამიანის ცხოვრება განისაზღვრება. შესაძლოა ამ წიგნს ეპისტოლური რომანიც კი ვუწოდოთ. ადამიანის უმთავრეს თვისებად ოტია იოსელიანს ერთგულება მიაჩნია, რომლის გარეშე ვერც ჭეშმარიტი მორწმუნეობაა შესაძლებელი და ვერც მამულიშვილობა. მწიგნობრობა, განათლება, ცოდნის შეძენა კი ერთადერთ საშუალებად ესახება, რომელსაც შეუძლია გვაქციოს თანამედროვედ და მთელი კაცობრიობის განვლილი გზის თანაზიარად.

 

                                                                                                               ილუსტრაცია წიგნიდან. მხატვარი: დეა სოსელია

 

რაც შეეხება ზნეობას, ავტორი აქ ყველაზე მკაცრი და შეუვალია: „ყოველნაირი უბედურების სათავე უზნეობაა. უზნეოს, საუბედუროდ, სასიკეთო არაფერი შეუძლია, ყოველნაირ ბოროტებას ჩაიდენს, კიდევაც რომ იცოდეს, რა ცოდვა-ბრალს დაატრიალებს...“; თავისუფლების შენარჩუნება მხოლოდ იქამდე შეიძლება, სანამ იბრძვი: „მონა თუ იბრძვის, მონა არაა. დაპყრობა დამონებას არ ნიშნავს, დამპყრობელის მოძულეს და ურჩს მონობა არ ეთქმის. მოძალადისადმი დათმობა, დაზავება, შეგუებაა მონობა“. სპორტის სახეობებში მწერალი მთამსვლელობას გამოარჩევს: „მთამსვლელობა ომს ჰგავს, ომში ვინც მიდის, ყველა უკან არ ბრუნდება, მაგრამ არ ჰგავს იმათ, ვინც ომიდან გამარჯვებული ბრუნდება. მთამსვლელი შეიძლება უკან გამარჯვებულიც ვერ დაბრუნდეს“.

 

 

                                                                                                              ილუსტრაცია წიგნიდან. მხატვარი: დეა სოსელია.

 

სამშობლოს თემას განსაკუთრებული ადგილი უჭირავს წიგნში. ყველა ნამდვილი მწერლის მსგავსად, ოტია იოსელიანის მთავარი საზრუნავიც და საფიქრალიც ისაა. წერილში „სამშობლოს თაობაზე“ ავტორი წერს:

 

„შენ, მთლიანად და განუყოფლად, შენს ხალხსა და ქვეყანას ეკუთვნი. შენ ერთი სამმემილიონედი ნაწილი ხარ საქართველოსი და, როგორც სხეულის ცოცხალი უჯრედი ცალკე ვერ იარსებებს, ისე არ შეიძლება, შენი ცხოვრება უმისოდ...“

                                                                               ილუსტრაცია წიგნიდან. მხატვარი: დეა სოსელია.

 

შეუძლებელია ამ დროს არ გაგახსენდეს მიხეილ ჯავახიშვილის „ჩვენი დროის ათი მცნება“, რომელიც დიდმა მწერალმა თავის ქალიშვილს – ქეთევანს ჩაუწერა უბის წიგნაკში, და ერთი ძვირფასი ფრაზა ამ ტექსტიდან: „შენ ხარ მარადიული, განუყრელი და ერთგული წევრი და მსახური შენი მშობელი საქართველოსი“.

 

ოტია იოსელიანის წიგნში შესულ თითოეულ ბარათს ცალკე ილუსტრაცია ერთვის, რომელიც ნიჭიერ მხატვარს, დეა სოსელიას ეკუთვნის და კარგად გადმოსცემს თითოეული წერილის/ჩანახატის შინაარსსა და ხასიათს.

 

„წერილები დაჩის“ ნამდვილ, მარადიულ ფასეულობებზე დაწერილი წიგნია, სადაც ჩანს როგორც შვილისადმი ავტორის ნდობითა და პატივისცემით აღსავსე დამოკიდებულება, ისე თავად ოტია იოსელიანის ცხოვრებისეული მრწამსიც, ბუნებაც და მისწაფებებიც. თუმცა, ვფიქრობ, მთავარი  მაინც ის ხიდია, რომელიც ამ წიგნით ორ თაობას შორის გაიდო.



სხვა ბლოგები
  • ბაკურ გაბუნია – „მარტოობის 50 წელი – ერთი დღე მაკონდოში“
    05/06/2017
    „ინტელექტის“ მკითხველთა კლუბის კონკურსის – „მარტოობის 50 წელი – ერთი დღე მაკონდოში“ – გამარჯვებული...
    ვრცლად
  • გვანცა მგალობლიშვილის ბლოგი „აფრიკელები“
    10/05/2017
    დაწერილია საგანგებოდ თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალისთვის 1952 წელს, შვედეთის სამეფო აკადემიამ...
    ვრცლად
  • თეკლა ქველაძის ბლოგი „სისულელის ტრაქტატი ბარნოვის 122-ში“
    20/04/2017
    გაგა ნახუცრიშვილის ნოველებისა და მინიატურების ახალი კრებული – ბარნოვის 122 – 2015 წელს გამოცემული სისულელის...
    ვრცლად