arrow
კატეგორიები
arrow
ავტორები
  • ნოდარ  წულეისკირი ნოდარ წულეისკირი
  • რუსუდან რუხაძე რუსუდან რუხაძე
ვრცლად
ბლოგი
თამარ კვარაცხელიას ბლოგი – „საგა მედროვეობაზე“
10/02/2018
მწერლები საგას უმეტესად მაშინ მიმართავენ, როცა სურთ ერთი გვარის ცხოვრებისეული გზის ჩვენებით მთელი ქვეყნის თავგადასავალი მოგვითხრონ. ირაკლი სამსონაძემ თავის მეორე რომანში ერთი გვარის ისტორიასთან ერთად იმ ადამიანების ამბავიც მოგვიყვა, რომლებსაც არც სამშობლო აქვთ, არც სახლი და არც ეროვნება.

 

„ლეას საათი“ ერთი ოჯახის ორ საუკუნეზე მეტი ხნის ამბავს ეფუძნება. ბაგარების ექვსი თაობის მთავარი მიზანი საქართველოში თავის დამკვიდრება, წარჩინებული ოჯახის ქალის ცოლად შერთვა და ძვალთშესალაგის მოხვეჭაა. „აქ დავმკვიდრდები“ – ეს ფრაზა არაერთხელ გაისმის რომანში, სხვადასხვა დროს, სხვადასხვა თაობის ბაგარის მიერ, თუმცა მეფის რუსეთის სამსახურში ჩამდგარი და უნგრეთიდან ჩამოსული პირველი ბაგარით – ლასლოთი დაწყებული ეს ამოცანა ყველასთვის მიუწვდომელი რჩება.

 

                                                                                                                                                                                                              ირაკლი სამსონაძე

 

პარალელურად კი ბოლო ორი საუკუნის განმავლობაში საქართველოში მომხდარი თითქმის ყველა მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვანი ისტორიული მოვლენა ვითარდება: რუსეთ-თურქეთის ომი, 1832 წლის შეთქმულება, ილიას მკვლელობა, ცარიზმის დამხობა, საქართველოს პირველი რესპუბლიკა თუ საბჭოთა ოკუპაცია. მკითხველი ყველა ამბავს ბაგარების გადმოსახედიდან აკვირდება, რადგან გვარის ესა თუ ის წარმომადგენელი ყველა მნიშვნელოვანი მოვლენის მომსწრე, უშუალო მონაწილე და წარმმართველია. პერსონაჟების ხატვისას, ეპოქის შესაბამისად სტილიზებული ენა და ავტორისეული პოზიციაც იქცევს ყურადღებას:

 

„ის უზარმაზარი სივრცე, რასაც ადრე რუსეთის იმპერია ერქვა, გალეშილი გოლიათივით ამოყირავდა, სქელ ყინულს დაჰკრა კეფა, ერთხანს კომაში იყო, გონს მოსვლის შემდეგ კი სრულიად გაუგებარ, თავისთვისაც უცნობ ენაზე დაიწყო მეტყველება. იმპერიის მოზრდილ, ყველაზე არსებით ნაწილში ბოლშევიკების ძალაუფლება დამყარდა. გამოიკვეთა პირველი ბელადის სახე – მონგოლოიდურად წვრილთვალა, სიმელოტით შუბლგადახსნილი, ჩია ტანის ულიანოვ-ლენინი, ღარიბ-ღატაკთათვის ყველაზე მაცდური ლოზუნგით – „ქარხნები – მუშებს, მიწა – გლეხებს!“ გამოეცხადა ღარიბ-ღატაკთა დაოსებულ მასებს, უკიდურესად გააბოროტა ბრბო და როგორც კი ოდნავ მოიდგა სული, ახალი იმპერიის შესაქმნელად ღარიბ-ღატაკთა ურდოები დაძრა“.

 

კონსტანტინე ბაგარი გვარის ცენტრალური ფიგურაა. ჟანდარმერიის გენერალი, ბაგარებს შორის კარიერულ კიბეზე ყველაზე მაღლა ასული კაცი. ლეას საათიც სწორედ მან მოქოქა. ლეას საათი, როგორც დამკვიდრების ჟინით შეპყრობილი ადამიანის ყივილი, რომანის მთავარი მამოძრავებელი ძალაა. კაცმა რომ თქვას, არც ისე უცხო და გაუგებარია დამკვირდების სურვილი, მაგრამ ბაგარებმა მის მისაღწევად არასწორი გზა აირჩიეს: მუხანათობა, მედროვეობა, ვერაგობა. არც არის გასაკვირი, რომ ქართული მიწა უარს ამბობს მათ მიღებაზე და ხშირად უკან უბრუნებს მათივე ნამოქმედარს, რადგან არც თუ ისე იშვიათად ისეთივე სიკვდილით კვდებიან, როგორითაც სხვებს უსწრაფებდნენ სიცოცხლეს.

 

გამოგონილ პერსონაჟებთან ერთად, წიგნის ფურცლებზე ისტორიული პიროვნებებიც მრავლად გვხდება: ახმედ ფაშა ხიმშიაშვილი, მამია გურიელი, ორჯონიკიძე, ხრუშჩოვი, ბრეჟნევი, შევარდნაძე. ბაგარებმა ყველა დროისთვის შეძლეს ფეხის აწყობა, ნებისმიერ წყობილებას აუღეს ალღო, ყველა მთავრობას მოერგნენ. და არც მაშინ დაუხევიათ უკან, როცა ამ დრომ, მთავრობამ თუ წყობილებამ ბიძაშვილების დახვრეტა უბრძანა.

 

                                                                    

                                                                                                 გარეკანის დიზაინერი: ილია ხელაია

 

„ლეას საათს“ დიდი რომანის ყველა ნიშანი აქვს: შესანიშნავი დრამატურგია, მარჯვედ განვითარებული სიუჟეტი, ღია ფინალიც კი, თუმცა, რომანის ერთ-ერთ მთავარ ღირებულებად მაინც მხატვრული სახეების მრავალფეროვნება და ამბების სიუხვე უნდა მივიჩნიოთ. განსაკუთრებით საინტერესოა ქალთა პორტრეტები, ბაგართა ცოლები, რომლებსაც გაგიჟებით უყვარდათ ქმრები და ამ „გაგიჟებამ“ მათი უმრავლესობა მართლაც რომ სულიერ ავადმყოფობამდე მიიყვანა: გურანდუხტ ბარათაშვილი და ნახატის უცნაური ამბავი; თინათინ აბაშიძის კომიკურობამდე ტრაგიკული ფოტოგრაფიით გატაცება; კესარია მაჭუტაძის, ნაწარმოების ყველაზე სათნო და უცოდველი გმირის, სიკვდილის მისტიკური წინათგრძნობა. ამდენი პერსონაჟის არსებობის მიუხედავად, არც ერთი სიუჟეტური ხაზი შუაზე არ წყდება, ბიჭოლა ბაგარის გაურკვეველ მომავალს თუ არ ჩავთვლით, ყველა პერსონაჟის ისტორია ბოლომდეა მიყვანილი. დროდადრო ირაკლი სამსონაძე წინ გადასწევს ხოლმე თხრობის საათს და თავისი მრავალრიცხოვანი გმირების შემდგომ ბედს გვაცნობს.

 

„ლეას საათი“ მედროვეობის ისტორიაა, რომელიც ირაკლი სამსონაძემ ოსტატურად აღწერა ერთი ოჯახის მაგალითზე. ღია ფინალით კი მწერალი ხაზს უსვამს იმას, რომ ბაგარის მოდგმის ხალხი დღესაც არსებობს, ხვალაც იქნება, ისევ დამკიდრებას შეეცდება და ამა ქვეყნის ძლიერთა მხარეს მონიშნავს ადგილს...

 



სხვა ბლოგები
  • თამარ კვარაცხელიას ბლოგი – „ზღაპრებიდან წერილებამდე“
    26/10/2017
    მამა-შვილის მიმოწერა – ეპისტოლური ჟანრის მსგავს ნიმუშებს მრავლად ინახავს მსოფლიო ლიტერატურა. წერილების...
    ვრცლად
  • ბაკურ გაბუნია – „მარტოობის 50 წელი – ერთი დღე მაკონდოში“
    05/06/2017
    „ინტელექტის“ მკითხველთა კლუბის კონკურსის – „მარტოობის 50 წელი – ერთი დღე მაკონდოში“ – გამარჯვებული...
    ვრცლად
  • გვანცა მგალობლიშვილის ბლოგი „აფრიკელები“
    10/05/2017
    დაწერილია საგანგებოდ თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალისთვის 1952 წელს, შვედეთის სამეფო აკადემიამ...
    ვრცლად