arrow
კატეგორიები
arrow
ავტორები
  • ნოდარ  წულეისკირი ნოდარ წულეისკირი
  • რუსუდან რუხაძე რუსუდან რუხაძე
ვრცლად
ბლოგი
გვანცა მგალობლიშვილის ბლოგი – „ლეიბის ქვეშ შენახული წერილები“
20/02/2018

ვერ დავიჯერებ, რომ რომელიმე თქვენგანს ასტრიდ ლინდგრენის სახელი არ ჰქონდეს გაგონილი; იმ სკანდინავიელი მწერლისა, რომლის წიგნებმაც მთელი მსოფლიოს ბავშვებს დაუვიწყარი თავგადასავლები და წარუშლელი მოგონებები აჩუქა.

 

სხვა სიკეთეებთან ერთად, საბავშვო-საყმაწვილო წიგნების განსაკუთრებული ხიბლი ისიც არის, რომ მას ასაკი არა აქვს და განვლილი წლებისა და საზრუნავების მიუხედავად, ნებისმიერ დროს შეგვიძლია მივუბრუნდეთ ძველ მეგობრებს, რომლებთან ერთადაც ათასი ფათერაკი და უცნაური ამბავი დაგაგვხდენია.

 

სახურავის ბინადარი, ზომიერად ფერხორციანი მოწიფული მამაკაცი და ჭორფლიანი, მამაცი გოგო, ბავშვები სოფელ ბულერბიიდან, ტყეში გაზრდილი ყაჩაღის ასული რონია და ბირკი, ძმები ლომგულები – ჯონათანი და სკორპა, ონავარი და კეთილი ბიჭი ლიონებერგადან, რასმუსი და დეტექტივი კალე ჩემი ცხოვრების ყველაზე გულწრფელ შთაბეჭდილებებს და ლაღ, უზრუნველ ზაფხულებს უკავშირდებიან. თაროზე მიჯრით ჩალაგებულ ლინდგრენის გაცვეთილ და ახალ გამოცემებს დღესაც კრემიანი ტორტების, დაბრაწული გუფთების, მაჭკატების, შემწვარი ვაშლებისა და ფუნთუშების მძაფრი სურნელი ასდის და დრო ვერაფერს აკლებს.

 

                                            

                                                                                                                                       ასტრიდ ლინდგრენი

 

„ჩემში ცხოვრობს ბავშვი, რომელსაც გაზრდა არ უნდა“ – უთქვამს ასტრიდს. მისი პიროვნული საწყისის გასაგებად და, გნებავთ, ინდიკატორად ეს ფაქტიც გამოდგება: როდესაც იგი წლის ადამიანად დაასახელეს, ირონიულად აღუნიშნავს, რომ ამ ფაქტმა, შესაძლოა, ისეთი შთაბეჭდილება დატოვოს, რომ ყველა შვედი ამჟამად მე მგავს – ყრუები, ბრმები და ბებრები არიანო. ამ ირონიისა და თავისუფლების გარეშე, რაღა თქმა უნდა, მისი ლიტერატურული ტექსტები ვერ შეიქმნებოდა; ვერც თამამი და მეამბოხე ბუნების გარეშე დაიწერებოდა „პეპი გრძელწინდა“.

 

გასული საუკუნის 20-იან წლებში ევროპას მოედო მოდური ვარცხნილობის სტილი, რომელსაც „გარსონს“ უწოდებდნენ; ახალგაზრდა, სულ რაღაც ჩვიდმეტი წლის ასტრიდს მოკლედ შეკრეჭილი თმით, შარვლისა და ჰალსტუხის ტარებით სიამოვნებას ჰგვრიდა შვედეთის ქალაქ ვიმერბიუს კონსერვატორული საზოგადოების შეშფოთება. იმ დროისათვის ეს გაუგონარი გამოხდომა მოგვიანებით ჭორფლიანი და კიკინებიანი გოგოს სულისკვეთებად გარდაისახა.

 

მაგრამ ეს და სხვაც ბევრი მის ახალგაზრდობას უკავშირდება.

 

წიგნი კი, რომელზეც ახლა მინდა გითხრათ, სრულიად გამორჩეული და უნიკალურია იმ თვალსაზრისით, რომ ასტრიდი, როგორც მწერალი, მთხზველი, უკანა პლანზე ინაცვლებს და ადგილს უთმობს ქალს, რომელსაც შეულამაზებელი და ნამდვილი წერილების მიწერა შეუძლია პატარა, თავგზააბნეული და მარტოსული გოგოსთვის. საგულისხმო ფაქტია და სევდის მომგვრელიც, რომ ეს წიგნი ბეჭდური სახით მას არასოდეს უნახავს.

 

„შენს წერილებს ლეიბის ქვეშ ვინახავ“ – ასე ჰქვია წიგნს, რომელიც ასტრიდ ლინდგრენისა და სარა შვარტის ოცდაათწლიან მიმოწერას ასახავს. პირველი წერილი 1971 წლით თარიღდება, ბოლო წერილს კი სარა გარდაცვლილ ასტრიდს 2012 წლის თებერვალში სწერს. დღეს ეს წერილები შვედეთის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, ლინდგრენის არქივში ინახება და ეს არქივი მსოფლიო მემკვიდრეობის ნაწილადაა აღიარებული იუნესკოს მიერ.

 

თორმეტი წლის სარას პირველი წერილი მის ყველაზე ძნელ და პრობლემებით აღსავსე პერიოდს ემთხვევა. გოგონას საკუთარი თავი სულელი, უშნო და მოუქნელი ჰგონია. ასტრიდს გულღიად უყვება თავის შიშებსა და საწუხარზე; სახლში ატეხილ ჩხუბებსა და დავიდარაბაზე, ფსიქიატრიულ კლინიკაში ცხოვრებასა და სკოლიდან არაერთ გაქცევაზე. აკი წერს კიდეც ასტრიდს – გაქცევაზე სერიოზულად ფიქრი მაშინ დავიწყე, როცა ფილმი „პეპი გაიპარა“ ვნახე პირველადო.

 

                    

                                                                                                                                            სარა ბავშობაში და ახლა

 

მას შემდეგ კი, რაც სარა საკუთარ ფოტოს უგზავნის, ასტრიდი მის მოჭარბებულ თვითკრიტიკულობას სიფრთხილითა და სიყვარულით ეპყრობა და ასეთ სიტყვებს სწერს: „სალამი, მშვენიერო სარა! წარმოგიდგენია, უშნო ვარო მომწერე და მეც დავიჯერე. დავიჯერე, რომ შენც ისეთი გოგო ხარ, როგორებსაც მე შეუხედავ, უკოცნელ გოგოებს ვუწოდებ. <...> ცამეტი წლის ასაკში თითქმის ყველას უშნო ჰგონია თავი. მეც ასე ვიყავი. ცამეტი წლისას თავი ყველაზე უშნო გოგო მეგონა და ვფიქრობდი, რომ არასდროს არავინ შემიყვარებდა – თუმცა თანდათან მივხვდი, რომ საქმე ასე ცუდადაც არ იყო. ვეჭვობ, რომ სულ მალე შენც ასევე იფიქრებ.“ (შვედურიდან თარგმნა ლიკა ჩაფიძემ)

 

ასტრიდის მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულება თამბაქოს, ალკოჰოლისა და ნარკოტიკებისადმი აშკარად ჩანს ორი ვრცელი წერილიდან, სადაც დაწვრილებით და გულწრფელად უყვება გოგონას საკუთარ გამოცდილებაზე და სთხოვს, აღარასოდეს გაუსინჯოს გემო სიგარეტს, სანაცვლოდ კი 1000 კრონას ჰპირდება.

 

                                                             

                                                                                                 გარეკანის დიზაინერი: თეონა ჭანიშვილი

 

ასტრიდი რამდენჯერმე თავის წიგნებს უგზავნის საჩუქრად, მზრუნველობითა და გულისხმიერებით ეკიდება სარას ყველა ფიქრს, განცდასა და ოცნებას; ოცნება კი მართლაც სანუკვარი აქვს გოგონას – სურს, რომ ფიდელის როლი შეასრულოს ფილმში... მწერალი ყოველმხრივ ცდილობს ბედნიერებისა და სისხლსავსე ცხოვრებისკენ გაახედოს თავისი მეგობარი და სირთულეების დაძლევასა და გადალახვას აჩვევს.

 

მიუყვება მკითხველი ერთდროულად სევდითა და მხნეობით, სასოწარკვეთილებითა და იმედით გაჯერებულ ნაწერს და გრძნობს თუ როგორ იზრდება ფურცლიდან ფურცლამდე სარა – ასტრიდ ლინდგრენის გამორჩეული ადრესატი, რომელსაც დიდმა მწერალმა არა მხოლოდ შიშების ძლევა და უსიამო განცდების მხრებიდან ჩამოფერთხვა შეაძლებინა, არამედ ადამიანურ ურთიერთობათა ისტორიის გმირადაც აქცია.

 

ნიშანდობლივია, რომ ამ ამბისა და ისტორიის, წიგნად აკინძული 80-მდე წერილის „პერსონაჟთა“ ეპისტოლური, სულისშემძვრელი დრამა წრფელად და ამაღლებულად ასახავს ხანგრძლივ ურთიერთობას ორი ადამიანისას, რომლებიც არასოდეს შეხვედრიან ერთმანეთს.

 



სხვა ბლოგები
  • სალომე ლიპარტიას ბლოგი – „პერსონალური ქრისტეს ძიებაში“
    16/04/2018
    თეონა დოლენჯაშვილის ახალი მოთხრობების კრებული „პერსონალური ქრისტე“ სულ რამდენიმე თვის წინ გამოსცა...
    ვრცლად
  • თამარ კვარაცხელიას ბლოგი – „საგა მედროვეობაზე“
    10/02/2018
    მწერლები საგას უმეტესად მაშინ მიმართავენ, როცა სურთ ერთი გვარის ცხოვრებისეული გზის ჩვენებით მთელი ქვეყნის...
    ვრცლად
  • თამარ კვარაცხელიას ბლოგი – „ზღაპრებიდან წერილებამდე“
    26/10/2017
    მამა-შვილის მიმოწერა – ეპისტოლური ჟანრის მსგავს ნიმუშებს მრავლად ინახავს მსოფლიო ლიტერატურა. წერილების...
    ვრცლად