arrow
კატეგორიები
arrow
ავტორები
ბლოგი
სალომე ლიპარტიას ბლოგი – „ადამიანების ხმები“
19/02/2019
დებიუტანტი ავტორების ტექსტებთან მისასვლელი გზა ყველაზე ხაოიანი და ეკალ-ბარდებით სავსე არისო, ნათქვამია. ნათქვამია რა, ფაქტია. წიგნზე ჯერ ჩვენთვის უცნობი ავტორის სახელისა და გვარის დანახვისას შიში გვიპყრობს, რეკორდულად სწრაფ დროში ერთდროულად ათასი კითხვა და სტერეოტიპული აზრი ამოხტება ხოლმე გონებაში: „ვინაა ეს საერთოდ?!“; „ღირს რო წაკითხვა?“; „ამდენი ფული რომ გადავიხადო და არ მომეწონოს?“; „რას დაწერდა ეს ახალს?!“; მით უმეტეს თუ გვითხრეს, რომ ახალგაზრდაა და ჯერაც უნივერსიტეტში სწავლობს, ე  მანდ უფრო რთულდება საქმე, ტვინი კრეატიულობის უმაღლეს ლეველს აღწევს და გვთავაზობს კიდევ ერთ ერთობ არაჩვეულებრივ კითხვას / აზრს – „რა დროს ამის წერა და წიგნების გამოცემაა, წავიდეს და სწავლას მიხედოს!“. მიდი და შეედავე. ზუსტადაც, უნდა შევედავოთ და ვუთხრათ, რომ წერას და ზოგადად ლიტერატურას ასაკი არ აქვს, როგორც ბევრ სხვა მნიშვნელოვან რამეს, მაგალითად მეგობრობას, სიყვარულს. კამათის დროს გამოგვადგება ის ხარისხიანი ლიტერატურა, რომელიც ზემოთ მოყვანილ აზრს ლიტერატურის უასაკობის შესახებ, დაადასტურებს. 
 
საბედნიეროდ, ქართველი გამომცემლები თამამად იღებენ იმ გამოწვევებს, რაც სადებიუტო წიგნის გამოცემას შეიძლება ახლდეს თან. აქვე გამოვყოფ გამომცემლობა „ინტელექტს”, რომელიც ობიექტურად ყველაზე რისკიანი გამომცემლობაა – ყოველწლიურად ათობით დებიუტანტ ავტორს აძლევს შანსს გახდეს დიდი ლიტერატურის სრულუფლებიანი და, როგორც ბატონი ვახტანგ ჯავახაძე იტყოდა, პასპორტიანი წევრი. 
 
დიდი ხნის სურვილი მკლავს, ერთი დებიუტანტი ავტორის ძალიან კარგ წიგნზე, უფრო კონკრეტულად კი მოთხრობების კრებულზე – ილია ჭანტურიას „ნინოშვილის 25“-ზე – დავწერო. ილიაც სწორედ გამომცემლობა „ინტელექტის“ 2018 წლის დებიუტანტების სიაშია. მისი წიგნის გამოცემის შესახებ ზუგდიდის ლიტერატურისა და ხელოვნების ფესტივალ F5-ზე ყველასთვის მოულოდნელად გახდა ცნობილი ზვიად კვარაცხელიას მიერ. 
წიგნს კარგი რედაქტორის ხელი ეტყობა – ალექსანდრე ლორთქიფანიძემ წიგნში შესული რვავე მოთხრობა ემოციურ-ფსიქოლოგიურად ძალზე სწორად დაალაგა. 
 
                       
 
 
თავიდან ძალიან ბრაზდები ყველაზე, განსაკუთრებით საკუთარ თავზე; მერე გგონია თითქოს მშვიდდება სიტუაცია, მაგრამ თურმე არა; მერე მამაო მიდის ჩქარა და შენ ვერ ეწევი, ტალახიანი თასმები ფეხებში გედება და ბორძიკობ, მამაოც არ გელოდება, მაინც ცდილობ, მაგრამ ვერაფრით ეწევი; მერე ვიღაც გიყვარდება, კედელზე უწერ I LAVIU-ს, მაგრამ სიყვარულს არ გაცდიან, გიკლავენ; მერე ნიკუშა მიდის და შენ ძალიან ბევრს ტირი, ძალიან; მერე ცხელა, ძალიან ცხელა; ააააააააააააააააააააააააააააააა, ყვირი, მაგრამ არავის ესმის, თითქოს არც არსებობ; ბოლოსკენ უკვე ერთი ამოსუნთქვაღა გრჩება, და იმასაც „დადას“ კუკლას“ წაკითხვას ახარჯავ; ბოლოს თან გეღიმება, თან ნიკუშას წასვლით გამოწვეული ცრემლები გახსენდება და ხვდები, რომ ავტორს დებიუტი გამოუვიდა. ის შედგა.
 
„ნინოშვილის 25-ის“ წაკითხვის შემდეგ, ილიას ვთხოვე თავისი ლექსები გამოეგზავნა. გამომიგზავნა, მათ შორის ერთ-ერთი ეს იყო:
 
                       „კოსმონავტობაზე ოცნებობდა პაპაჩემი ბავშვობიდან.
                       მაგრამ მიწის ჯურღმულში დარჩა, მაღაროელად.
 
                       და როცა კვდებოდა, ვარსკვლავებით მოჭედილი ცის ნახვა სურდა მხოლოდ,
                       მაგრამ მიწის ჯურღმულში მოკვდა პაპაჩემი, მაღაროელად.“
 
და მივხვდი, რომ ყველა იმ  პრობლემას, რაზეც ილია ჭანტურია მთელი წიგნის განმავლობაში განსხვავებული ასაკის, სქესის, შეხედულებების მქონე ადამიანების ხმით გვესაუბრება, ის ძალიან კარგად იცნობს და ესმის. თან იმასაც მივხვდი, თუ რატომ არის მისი მოთხრობები ზედმეტი სიტყვებისგან, ხარახურისგან დაცლილი – ის პოეტიცაა. 
 
ყველაზე რთულია ალბათ სხვის ტკივილზე წერა. ბედნიერებას რაღაცნაირად მიუხვდები და გამოხატავ. აი, რაც გტკივა, მაგის წარმოთქმა და სხვისთვის გადაცემა ძალიან რთულია. ბოლომდე უნდა შეძვრე ადამიანის კანში, ნერვულ დაბოლოებებში და იმპულსურად იგრძნო ყველაფერი. მაინც რთულია, მაგრამ ილია ჭანტურიამ გაბედა და თინეიჯერი გოგონას ტრაგიკული ამბავი მოგვიყვა, დევნილების დასახლებაში რომ ცხოვრობდა, არავის რომ არ აინტერესებდა მისი მომავალი, ყველა მის ზურგსუკან რომ საუბრობდა და ბოლოს არავინ რომ არ აიღო მის თვითმკვლელობაზე პასუხისმგებლობა. მოგვიყვა და გვითხრა, რომ ჩვენი ბრალიცაა ეს ამბავი. და ზოგადად, როდესაც ამ ასაკში სიცოცხლით სავსე გოგო თუ ბიჭი სუიციდს გადაწყვეტს, ყველა ჩვენგანის ბრალია. სადღაც შეგვეშალა…
 
ილია ჭანტურიას „ნინოშვილის 25“ პირდაპირი მნიშვნელობით ერთი ამოსუნთქვით წასაკითხი წიგნია, მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმეგან შეიძლება სუნთქვის შეკავებაც მოგიწიოთ. თან ამ ზამთარ-ზაფხულის ზღვარზე თქვენი ქურთუკის ჯიბეებშიც მარტივად მოთავსდება და დიდად არ შეგაწუხებთ.


სხვა ბლოგები
  • ილია ჭანტურიას ბლოგი – „ძველი სკოლის კვალდაკვალ“
    08/10/2020
    თურმე სერგეი ეიზენშტეინს უთქვამს, კინო არის გახსენების და დავიწყებისო. როდესაც ფილმს უყურებ, საჭიროა წინა...
    ვრცლად
  • აქ. ახლა მარიო ვარგას ლიოსასთან და ლანა კალანდიასთან ერთად
    27/07/2020
    30 ივლისს, 20:00 საათზე, ყველა მსურველს საშუალება აქვს ვირტუალურად დაესწროს ცნობილი პერუელი მწერლის, ნობელის...
    ვრცლად
  • ზაზა ბიბილაშვილი – „რატომ გვიყვარს მემარცხენეები“
    11/06/2020
    „ის, ვინც მტერთან ბრძოლით ცხოვრობს, დაინტერესებულია იმით, რომ მტერმა სიცოცხლე შეინარჩუნოს“.   გიორგი...
    ვრცლად