arrow
კატეგორიები
arrow
ავტორები
  • ნოდარ  წულეისკირი ნოდარ წულეისკირი
ვრცლად
ინ • ტელე • ქტი
რუსუდან რუხაძე – ერთი თქვენგანი გამცემს
რუსუდან რუხაძე – ერთი თქვენგანი გამცემს
„სისხლსავსე, მოხდენილი წინადადებები ფურცელზე გადატანამდე სამგანზომილებიან სივრცეში უნდა ააგო!" – ნათქვამს ჰაერში ხელით მონიშნავს ქარის ნათლული. გიმნაზიის მასწავლებელი კი, მწერლობაზე მეოცნებე მოწაფეს წიგნის ამოცნობას ასწავლის: „კარგ წიგნს ნიყვის ფირფიტებივით მოყვითალო ფურცლები აქვს, ცუდს შხამასავით თეთრი ან უკითხავობით განაცრისფრებული“, – გამომცემლობა ინტელექტის თანამედროვე ქართული პროზის სერიას რუსუდან რუხაძის კიდევ ერთი ახალი კრებული – ერთი თქვენგანი გამცემს – დაემატა.  
 
ერთი თქვენგანი გამცემს არის ჩემი მეორე კრებული, რომელსაც ვწერდი სამი წლის განმავლობაში, – უფრო ხანგრძლივად, ვიდრე ჩაისთან მოსაყოლ ამბებს
 
კრებულში ათი ახალი მოთხრობაა, რომელთაგან ერთ-ერთის სათაური არის კიდეც ერთი თქვენგანი გამცემს, მაგრამ მხოლოდ ამ მოთხრობის გამო არ გამომიტანია ეს ფრაზა გარეკანზე. ეს არის ერთგვარი მინიშნება, რომ ერთ-ერთი ტექსტი გამცემს, რომ ყველაფერი გამოგონილი არ არის და რაღაცები რეალურად გადამხდა.
 
ვფიქრობ,  ეს თამაში ძალიან მიმზიდველი იქნება მკითხველისთვის, რადგან ზოგადად, მკითხველს უყვარს ხოლმე სიმართლის მარცვლების ძიება მხატვრულ პროზაში. მართალი გითხრათ, მიჭირს იმის თქმა, რომ ეს ყველაფერი, რაც ამ კრებულშია მოთხრობილი, მე არ გამომივლია, რადგან გარდასახვა, გადასახლება, დროში მოგზაურობა არის კიდეც წერის მთავარი ხიბლი და სიამე.
 
აქ ამბავია თვითმკვლელ ტურისტსა და სასტუმროს დიასახლისზე, რომლებიც ერთმანეთს პირისპირ არ ხვდებიან. მონაცვლეობით შედიან ერთსა და იმავე ოთახში და ერთმანეთის უნახავად ცვლიან ვნებას და იზიდავენ ერთმანეთს. 
აქ ამბავია მასწავლებელსა და მოსწავლეზე, რომლებსაც კინოს სიყვარულის გამო, თავდავიწყებით უყვარდებათ ერთმანეთი.
აქ ამბავია პატარა ბიჭზე, რომელიც ცხოვრობს ძველ თბილისურ ეზოში, სადაც ყველას თავისი ღმერთი ჰყავს, საპირფარეშო კი, საერთო აქვთ.
აქ ამბავია გამქრალ ქალთა გიმნაზიაზე, სადაც ის გოგოები ხვდებიან, ვისზეც უარი თქვეს მშობლებმა მათი სქესის გამო. ამ გოგოებს ჰყავთ მასწავლებლები: ქარი, მიწა და წყალი, რომლებიც ასწავლიან, როგორ გაძლიერდნენ და შეცვალონ ბედისწერა.  ერთ-ერთი ახერხებს კიდეც ამას. ძალიან კარგი გოგოები არიან, ტყეში მიდიან და წიგნებთან წვებიან.
აქ ამბავია შვილსა და მამაზე, რომელსაც აღარაფერი ახსოვს, მეხსიერება წართმეული აქვს. არც გარდაცვლილი მეუღლე ახსოვს და ვეღარც შვილს ცნობს. შვილი კი, ცდილობს, რომ მაგიური სიტყვებითა და მძაფრი შეგრძნებებით გაახსენოს ზაფხულის ერთი დღე წარსულიდან. შვილი ამბობს: ის, ამბები, რასაც ასე ვინახავთ და ვუფრთხილდებით, რა არის: მომდარის ასლია, თუ გადასხვაფერებული წარსული? – რა თქმა უნდა, ამბები გადასხვაფერებულია, რადგან ჩვენ ვყვებით ამბებს ისე, როგორც ჩვენმა გულმა, გონებამ და სხეულმა შეინახა. ანუ ეს არის სხვაგვარი ამბები. შესაძლოა, ზუსტად ასე არც მომხდარა.
 
ვფიქრობ, რომ ახალი წიგნის გამოსვლა, მკითხველისთვის არის საინტერესო შეხვედრის მოლოდინი, მაგრამ ავტორისთვის არის ტექსტებთან დამშვიდობება და მათი დავიწყება იმისთვის, რომ ახალი თავგადასავალი დაიწყოს“.
 
 
წიგნის რედაქტორია თეა ყიფშიძე, დამკაბადონებელი – ლიკა სხირტლაძე, მხატვარი – თამუნა მელიქიშვილი, გარეკანის დიზაინერი – თეონა ჭანიშვილი.
 
ახალი კრებული მწერალმა თავის შვილებს: ელენესა და მატასის მიუძღვნა.