arrow
კატეგორიები
arrow
ავტორები
ავტორი
გვანცა ჯობავა
გვანცა ჯობავა

დაიბადა 1986 წელს თბილისში. 2007 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტი საგამომცემლო-სარედაქციო საქმის სპეციალობით, 2009 წელს კი მიიღო მაგისტრის ხარისხი სპეციალობით – განათლების სისტემის მართვა და ადმინისტრირება.

 

მისი პირველი ლექსები დაიბეჭდა 2008 წელს ჟურნალ ლიტერატურულ პალიტრაში. სხვადასხვა დროს მუშაობდა გამომცემლობა ელფის რედაქტორად, მარკეტინგისა და კვლევის ინსტიტუტის რედაქტორად და საგანმანათლებლო ცენტრის დირექტორად. 2011 წლიდან გამომცემლობების – „ინტელექტი“ და „არტანუჯი“ – საერთაშორისო ურთიერთობის მენეჯერია. 2015 წლიდან არის საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის თავმჯდომარე. 2018 წლიდან კი გამომცემელთა მსოფლიო ასოციაციის აღმასრულებელი კომიტეტის წევრი.

 

ეწევა მთარგმნელობით საქმიანობას. ნათარგმნი აქვს: სოლ ბელოუს მისტერ სამლერის პლანეტა (ინტელექტი, 2012), ჯონ ლენონის როგორც მეწერება (არტანუჯი, 2012), ანა პოლიტკოვსკაიას პუტინის რუსეთი (არტანუჯი, 2014); ჯონ სტაინბეკის თაგვებსა და ადამიანებზე (არტანუჯი, 2015); ჩინუა აჩებეს ყველაფერი ნაცარტუტად იქცევა ბოლოს (ინტელექტი, 2018).

 

არის ორი საბავშვო წიგნის ავტორი: 5 ბავშვი - 5 თბილისი (ელფი, 2009) და კოლოფი (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, 2011);

 

2012 წელს გამომცემლობა ინტელექტმა გამოსცა მისი სადებიუტო პოეტური კრებული კარდიოგრამ, ხოლო 2013 წელს პირველი რომანი Check-In.