ინა არჩუაშვილი
დაიბადა 1969 წლის 21 ივლისს ყვარელში. 1995 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. 1995 წლიდან მუშაობდა ჟურნალ-გაზეთებში კავკასიონი, ცხელი შოკოლადი, არილი. 1999-2002 წლებში თბილისის მე-6 საავტორო გიმნაზიაში ასწავლიდა ქართულ ენასა და ლიტერატურას.
2003 წელს გიმნაზიაში მოსწავლეებთან ერთად გამოსცა საბავშვო კრებული ღია გაკვეთილი. 2008 წლიდან მისი მოთხრობები იბეჭდება ქართულ ლიტერატურულ პერიოდიკაში – ლიტერატურული პალიტრა, ლიტერატურა (ცხელი შოკოლადის დამატება), ქართულ მწერლობა, ჩვენი მწერლობა, ლიტერატურული გაზეთი. 2010 წელს გამოსცა მოთხრობების კრებული ინო (გამომცემლობა საარი, რედაქტორი მარინე ხუციშვილი).
არის ლიტერატურული კონკურსების – Penმარათონი 2010-ის III პრემიისა და რეზო ინანიშვილის სპეციალური პრიზის მფლობელი. 2011-სა და 2019 წელს იყო ლიტერატურული პრემიების – საბა და ლიტერა – ნომინანტი.
2013 წლის ივნისში მიწვეული იყო ლიტვაში მწერალთა და მთარგმნელთა საერთაშორისო ლიტერატურულ სემინარზე.
ინტელექტმა ინა არჩუაშვილის ნოველების ორი კრებული გამოსცა: მას ერქვა ვატანაბე (2014 წ.) და მე ახლა არავის ველოდები (2018 წ.). მისი ნოველები თარგმნილია ინგლისურ, აზერბაიჯანულ და თურქულ ენებზე.