arrow
კატეგორიები
arrow
ავტორები
  • ნოდარ  წულეისკირი ნოდარ წულეისკირი
  • რუსუდან რუხაძე რუსუდან რუხაძე
ვრცლად
ბლოგი
ოთარ ჭილაძე – „ხალხი ივიწყებს, ადამიანი – არა“
07/08/2019
საუბარი ავსტრიული გაზეთის – „დი პრესეს“ კორესპონდენტ ედუარდ შტაინერთან
ინტერვიუ შესულია დიალოგების კრებულში – „ღრუბელი“
 
 
ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ქართველი მწერალი „დი პრესესთან“ საუბრობს რუსული პოლიტიკის გენეტიკურ აგრესიულობაზე, ევროპის „უდიდეს შეცდომაზე“ და მწერალზე, როგორც „შენელებული მოქმედების ბომბზე“.
როდესაც ოთარ ჭილაძისთანა დიდი მწერალი ინტერვიუსთვის მადლობას გიხდის, ეს, ალბათ, თანამედროვე მსოფლიოში არსებულ განუკითხაობას უნდა მივაწეროთ. „მას შემდეგ, რაც 1991 წელს საქართველომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა, კულტურის არც ერთი უცხოელი ატაშე არ დაინტერესებულა ქართული ლიტერატურითო“, – სინანულს გამოთქვამს ოთარ ჭილაძე, მერე კი, ფიქრებში წასული, დასძენს: „აგვისტოს ომის წინააღმდეგ არც ერთ რუს მწერალს არ აღუმაღლებია ხმაო“. ჩვენთან საუბარში იგი გამოთქვამს საკუთარ მოსაზრებებს რუსული ხელისუფლების ფსიქოლოგიაზე, ეროვნულ ფასეულობებზე, კავკასიურ ტრადიციებსა და მხატვრული სიტყვის ძალაზე.
 
მწერლები ხშირად მიდიან ხოლმე პოლიტიკაში. არასოდეს გიფიქრიათ ამაზე?
 
მწერალი თავისთავად უკვე პოლიტიკოსია. ვიქტორ ჰიუგოზე ამბობენ, თავისი შემოქმედებით მან მილიონობით ადამიანის ცნობიერება შეცვალა, მაშინ, როდესაც მთელ ბატალიონს მხოლოდ 200-300 კაცის განადგურება შეუძლიაო. როგორც ქართველი, ასევე რუსი კრიტიკოსები წერდნენ, მე საქართველოს დამოუკიდებლობას ძალადობის გარეშე შევუმზადე ნიადაგი, თუმცა საერთოდ იარაღის ტრფიალი ვარ და ახალგაზრდობაში კარგი მსროლელიც ვიყავი; მწერლები და ხელოვანები ყოველთვის ოპოზიციის რიგებში დგანან. ნებისმიერი მთავრობა ცდილობს კარგი ურთიერთობა ჰქონდეს მათთან, მოისყიდოს და მორჩილებაში იყოლიოს ან საერთოდ თავიდან მოიშოროს ისინი. ეს არახალია, ძველია.
 
რა რევოლუციური გავლენა შეეძლოთ მოეხდინათ თქვენს ნაწარმოებებს?
 
ჩემი ხალხი ბოლოს და ბოლოს მიხვდა, რომ თავისუფალი უნდა იყოს, და ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემთვის ეს არის. უკანასკნელი ორი საუკუნეა, რაც ჩვენ რუსეთის დიქტატის ქვეშ ვიმყოფებით. მტკნარი სიცრუეა, როდესაც პოლიტიკოსები საქართველოს და რუსეთს შორის „მეგობრობაზე“ ლაპარაკობენ. ეს „მეგობრობა“ არც ერთი წუთით არ არსებულა. მე დიდად პატივს ვცემ რუს ხალხს და რუსულ კულტურას, მაგრამ რუსული სახელმწიფო სულ სხვა მექანიზმია. რუს მწერლებთან ვმეგობრობდი, მაგრამ ამ მეგობრობას წერტილი დავუსვი, როდესაც დავინახე, რომ ისინი აქტუალურ მოვლენებზე ხმა-კრინტს არ ძრავენ, და, არც ერთი მათგანს არ აღმოაჩნდა გამბედაობა და ღირსება, ეთქვა, რომ ქართველები აგრესორები არ არიან.
 
გამოდის, რომ ყველაფერში რუსები არიან დამნაშავე?
 
ოსები და ეგრეთ წოდებული აფხაზები არასოდეს ყოფილან საქართველოს მკვიდრი მოსახლეობა. ეს ხალხები აქ რუსებმა ჩამოასახლეს. სამხრეთ ოსეთი ცენტრალური საქართველოა; აფხაზეთში კი ქართულ სახელმწიფოს ჩამოყალიბებას ჩაეყარა საფუძველი, და თვით სოჭიც, ქართული ქალაქია. სწორედ რუსიფიკაციული პოლიტიკის შედეგად მიენიჭა აფხაზეთს საკუთრივ სახელმწიფო ერთეულის სახელი და ამ გზით ხდებოდა წლების მანძილზე ქართული ცნობიერების რუსულით ჩანაცვლება. რუსული პოლიტიკა არაფრის წინაშე არ იხევდა, რათა აფხაზეთის ტერიტორია მიეტაცებინა. ამ პოლიტიკამ ბევრი ადამიანი აიძულა, რუსიფიკაცია განეცადა, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი ვერ შესძლებდნენ რუსეთთან ეკონომიკურ ურთიერთობას.
 
აი, გისმენთ, და ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, თითქოს რუსებს აგრესია გენებში ჰქონდეთ.
 
დიახ, ეს დაახლოებით ასეა.
 
მსოფლიო აშკარად იცვლება და ამას გლობალიზაციის პროცესი უდევს საფუძვლად. ხომ არ გაქვთ იმის მოლოდინი, რომ რუსეთშიც მოვა ახალი თაობა?
 
სამაგისო ნიშნებს ჯერჯერობით ვერ ვხედავ. ორიოდე ადამიანი კი ცდილობს, ობიექტური იყოს და აკრიტიკებს მიმდინარე პროცესებს, მაგრამ ეს არ კმარა; ანდა, ეშმაკმა უწყის, რა მიზნით ხდება ეს; იქნებ ადამიანების შეცდომაში შესაყვანად?
 
როგორ ფიქრობთ, თავად საქართველოში ხელისუფლებას საკმარისად აკრიტიკებენ? სამხრეთ ოსეთის დედაქალაქზე ქართველების თავდასხმის ფაქტი ხომ დიდ ეჭვებს იწვევს?!
 
ეს სულ სხვა თემაა. ხელისუფლების მოწონება-არმოწონება ჩვენი პირადი საქმეა. ქართველებს შორის ეს საკითხი ამჟამად არ დგას, რადგან დღესდღეობით ის მთავრობა გვყავს, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობას და მის სახელმწიფოებრიობას იცავს. რა თქმა უნდა, სასიამოვნოა ჩვენთან რომ იმყოფებით, მაგრამ, მინდა გითხრათ, რომ ჩვენს საუბარს ამ თემაზე აზრი ეკარგება, თუ ეჭვი გეპარებათ იმაში, რომ საქართველო აგრესორი ქვეყანა არ არის. რუსმა პოეტმა ალექსანდრ პუშკინმა ჯერ კიდევ 1821 წელს ბრწყინვალე შეფასება მისცა რუსულ პოლიტიკას, როდესაც თქვა: „ძალზე მნიშვნელოვანია, როგორ მოიქცევა ამ შემთხვევაში რუსეთი: დავიპყრობთ თუ არა მოლდოვასა და ვლახეთს მშვიდობისმყოფელი შუამავლების სახელით“-ო. რას იტყვით, აქტუალურია, არა?
 
და, მაინც: რა არ მოგწონთ საკუთარ ქვეყანაში?
 
არ მომწონს, რომ ჩემს ქვეყანაში ოკუპანტები დგანან. როდესაც დამოუკიდებლობას მთლიანად დავიბრუნებთ, მაშინ მოგახსენებთ, რა არ მომწონს საკუთარ სახელმწიფოში. მწერალი შენელებული მოქმედების ბომბია, ჟურნალისტის სიტყვა კი უმალ იწყებს მოქმედებას. ჟურნალისტი სიმართლეს დაუყოვნებლივ უნდა ამბობდეს. რაც ახლა ხდება, ჩვენ მიერ ცხინვალზე თავდასხმის შედეგი არ არის. ეს იმის შედეგია, რომ ცხინვალიდან ოსები თვენახევრის განმავლობაში ბომბავდნენ ქართულ სოფლებს, მერე კი ამ პროვოკაციაზე ჩვენც გამოვხატეთ რეაქცია. ამ დროს ერთი რამ გაცხადდა: მე წუხილს გამოვთქვამ ამ ომში მოკლულ თითოეულ ადამიანზე, ოსები კი მხოლოდ საკუთარ თანამემამულეებს გლოვობენ და სულაც არ ადარდებთ მოკლული ქართველების ბედი. რატომ დაარიგეს რუსული პასპორტები სამხრეთ ოსეთში?
 
როგორ ფიქრობთ, რაც მოხდა, ამის შემდეგ კიდევ არსებობს იმედი, რომ სამხრეთ ოსეთი საქართველოს შემადგენლობაში შევა?
 
სამხრეთ ოსეთი ყოველთვის საქართველოს შემადგენელი ნაწილი იყო. მის გარეშე საქართველო საქართველო არ არის. თუ სამხრეთელი ოსები რუსეთთან ყოფნას ამჯობინებენ, სულ რაღაც ათ წელიწადში აღარ იარსებებენ, როგორც ეთნოსი. უკან მობრუნებას მათ ვერ ვაიძულებ, რუსეთმა კი, ვფიქრობ, უდიდესი შეცდომა დაუშვა, რადგან ქართველებზე უკეთეს მეგობარსა და პარტნიორს იგი მთელ მსოფლიოში ვერსად იპოვნის. კარგია, რომ ხალხს ხანმოკლე მეხსიერება აქვს; ეს მას აძლევს საშუალებას, შემწყნარებლობა გამოიჩინოს და არსებობა შეინარჩუნოს. ხალხისაგან განსხვავებით, ადამიანს ხანგრძლივი მეხსიერება გააჩნია, იოლად ვერაფერს ივიწყებს და ის კვდება.
 
თუკი რუსეთი მართლაც ასე აგრესიულია, როგორ წარმოგიდგენიათ მასთან ურთიერთობა?
 
შეხლა-შემოხლას არავის ვურჩევ. ისღა დაგვრჩენია, ღირსება შევინარუნოთ და თავი არავის დავაჩაგვრინოთ; არ წავიდეთ დათმობაზე, რაც რუსეთს გაუძლიერებს იმის რწმენას, რომ ყველაფრის უფლება აქვს. რუსებთან სიმკაცრეა საჭირო, რათა ღირსება შევინარჩუნოთ.
 
რა აზრის ბრძანდებით ევროპის ურთიერთობაზე რუსეთთან უკანასკნელ წლებში?
 
ეს ურთიერთობა უდიდეს შეცდომად მიმაჩნია. ევროპა ყოველთვის დათმობებზე მიდიოდა და რუსეთს არაფერში უშლიდა ხელს. სამწუხაროდ, საქართველოში მომხდარი მოვლენები მთელ მსოფლიოზე აისახება. რაც უფრო ღირსეულად მოიქცევა დასავლეთი, მით უფრო დიდი რიდი ექნებათ მისი რუსებს. თუ თავს ისე დაიჭერთ, რომ რაღაც ძალა გაგაჩნიათ, რუსეთი ცოტათი მაინც დაიხევს უკან. ეს ის ერთადერთი გასაგები ენაა მისთვის; თუ მას საკუთარ სიძლიერეს დაანახებ, რუსეთი მშვენივრად გაერკვევა სიტუაციაში და უმალ კეთილგანწყობილი გახდება.
 
თქვენ ბრძანეთ, რომ თქვენმა წიგნებმა 20 წლის წინ მოვლენების განვითარებას შეუწყო ხელი. რა გავლენა გააჩნია ლიტერატურას დღესდღეობით?
 
წიგნებისადმი დამოკიდებულება, სამწუხაროდ, მთელ მსოფლიოში შეიცვალა. მაგრამ ეს დროებითი მოვლენა უნდა იყოს; კომპიუტერი ხომ წიგნების გასანადგურებლად არ გამოუგონებიათ?! წიგნი ის ერთადერთი სამყაროა, სადაც ადამიანი საკუთარ თავს პოულობს და შეიცნობს. ამ გზით შეიტყობს იგი, რა გადახდა თავს და რა შეიძლება მოხდეს.
 
როდესაც ევროპულ ფასეულობებს აკვირდებით და ხედავთ, დასავლური ცხოვრების წესი – სხვათა შორის საქართველოშიც – როგორ ვრცელდება, რას ფიქრობთ ამ ფასეულობებზე, რა შედეგები მოჰყვება მათ გავლენას, როდესაც ხდება მათი ქართულ, შესაბამისად, კავკასიურ ფასეულობებთან და ტრადიციებთან შეჯახება. შესაძლებელია აქ მათი დამკვიდრება?
 
თავად მე სიცოცხლის ბოლომდე ევროპული ფასეულობების ერთგული დავრჩები, რადგან ახლობელი და მისაღებია ჩემთვის.  სხვაგვარად ცხოვრება ვერ წარმომიდგენია. ევროპული ფასეულობები ქართულ ფასეულობებს ემთხვევა – მათ საერთო საფუძველს ინტელექტუალური და სულიერი სიახლოვე შეადგენს.
 
თქვენ ახლა გეზი ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციისკენ გაქვთ აღებული. ევროპა კი ერთობ განსხვავებული ტრადიციებით გამოირჩევა. რითი შეუძლია საქართველოს გაამდიდროს ევროპა?
 
ამაზე ზუსტად ვერაფერს გეტყვით. ერთი რამ კი დანამდვილებით ვიცი: ქართველები ყოველთვის გამოიჩენენ პატივისცემასა და თანადგომას სუსტი და გაჭირვებული ადამიანებისადმი, არ შეიპყრობთ სხვების მიმართ უპირატესობის გრძნობა. ჯერ კიდევ X-XII საუკუნეებში საქართველოს დედაქალაქში ერთმანეთის გვერდით იდგა ქრისტიანული ეკლესია, ისლამური მეჩეთი და ებრაული სინაგოგა. 
 
დავანებოთ თავი რუსეთის ზეგავლენის ფაქტორს. თქვენი აზრით, ემუქრება თუ არა კონფლიქტების სახით ხიფათი თავად კავკასიას, რომელიც უამრავ ენაზე მოლაპარაკე ხალხებითაა დასახლებული?
 
რუსული პოლიტიკა რომ არა, რომელიც კავკასიის დაპყრობას და ხმელთაშუა ზღვაზე გასვლას ისახავს მიზნად, არავითარი კონფლიქტები არ იარსებებდა. რუსეთი ყოველთვის ცდილობს კონფლიქტური კერების შექმნას საკუთარი გავლენის შესანარჩუნებლად. ამიტომაც ჰქვია ამ ადგილს სახიფათო ზონა.
 
თბილისი, 19.08.2008
გერმანულიდან თარგმნა ნანა გოგოლაშვილმა


სხვა ბლოგები
  • სალომე ლიპარტიას ბლოგი – „უხაიადისა და მისი ჭრელი აქლემისა“
    17/08/2019
    „და აი, ახლა ტირის და არ შეუძლია თავის შეკავება, რომ არ იტიროს. თითქოს ვინც ტირის, ის კი არა, მის გვერდით მძინარე...
    ვრცლად
  • ნინი ნაცვლიშვილის ბლოგი – „ჩვრები, ტრავმები და ის დრო“
    10/08/2019
    „ოცდაათ მაისს გზნებით სავსე. ხალხი ზეიმობს ვაცის ნადიმს.“   დომინიკური მერენგეს ეპიგრაფად...
    ვრცლად
  • დათია ბადალაშვილი – „დედა“
    09/08/2019
    დედა (ნოველა შესულია კრებულში „ფიჭვები შორს იყო“)   საღამოს თითქოს ჩაეძინა, მეც გულმა მომისვენა და...
    ვრცლად