ბლოგი

ვინ არიან ლომგულები?

 „ლომგულების“ პერსონაჟების გაცნობას ბანგლადეშიდან ვიწყებთ, შემდეგ გერმანიაში გადავდივართ, იქიდან – სენეგალში, სენეგალის შემდეგ მალი უნდა მოვინახულოთ, ამის შემდეგ კი ესპანეთია, რომელსაც ჯერ საფრანგეთი მოსდევს, შემდეგ – ინდოეთი. დაბოლოს, ისევ იქ ვბრუნდებით, საიდანაც დავიწყეთ– ბანგლადეშში.
ჩემთვის წიგნის მთავარი კონცეფციაც მისი სტრუქტურიდან გამომდინარეობს და ასეთია: არ აქვს მნიშვნელობა, დედამიწის რომელ წერტილში ვცხოვრობთ, რადგან ჩვენ იმაზე მეტად ვართ ერთმანეთთან დაკავშირებული, ვიდრე წარმოგვიდგენია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს.
 „ლომგულები“ გვაფიქრებს გლობალიზაციასა და გლობალურ პრობლემებზე; გვაფიქრებს იმ მიზნით, რომ ეს პრობლემები გავითავისოთ, ჩვენად მივიღოთ.
ვაღიარებ, წიგნის კითხვისას ვფიქრობდი და ველოდებოდი, რომ „ლომგულებში“ საქართველო და ქართველი ბავშვებიც გაკრთებოდნენ, მათი თანმდევი პრობლემებით; ალბათ იმიტომ, რომ ნინო ხარატიშვილი ძალიან ბევრს წერს სამშობლოზე, მის წარსულსა და აწმყოზე. მერე დავფიქრდი და ასე გადავწყვიტე, რომ საქართველოს ამბავი ჩვენ, მკითხველებმა უნდა მოვყვეთ; ბრილკას თაობამ, რომელმაც კარგად ვიცით, რომ ბანგლადეშელი პატარა ბიჭის, ანანდის, თავგადასავალი, რომელიც სწავლის ნაცვლად უზარმაზარ ქარხანაში სათამაშოებს კერავს, იმ ქართველი ბავშვის თავგადასავალიცაა, რომელიც, მაგალითად, სკოლაში სიარულის ნაცვლად, სკოლასთან ახლოს ჯართს აგროვებს. თითოეულის დაკარგული ბავშვობა გვეხება ყველას, სადაც არ უნდა ვცხოვრობდეთ და რა ენაზეც არ უნდა ვსაუბრობდეთ.
ამიტომ, ეს წიგნი, ჩემთვის, უპირველესად, დიდებისთვის დაწერილი წიგნია, განსაკუთრებით მათთვის, ვინც პასუხისმგებელია ბავშვების უკეთეს მომავალზე და ვინც ამ პასუხისმგებლობას ძალიან ხშირად თავს არიდებს.
 არ ვიცი, ლიტერატურას შეუძლია თუ არა ადამიანების ძირეული გარდაქმნა, მაგრამ მინდა, ასე მჯეროდეს. ამიტომ, პირველ ყოვლისა, ამ წიგნს სწორედ ბავშვების ბედის განმკარგავ ხალხს ვურჩევდი“, – მელანო კობახიძე.
გერმანულიდან თარგმნა მაია ფანჯიკიძემ
ილუსტრატორი: იულია ბ. ნოვიკოვა