ზანდა ჩეჩელაშვილის რეკომენდაციები

რაც თავი მახსოვს, მახსოვს წიგნებიც. ძალიან ადრეული ბავშვობიდან სულ მიკითხავდნენ და სულ წაკითხვას ვითხოვდი. ჩემს ბავშვობაში განებივრებული არ ვყოფილვარ ახლანდელი გასართობებით. წიგნი უკონკურენტო იყო, ვერაფრით ჩაანაცვლებდი. მეც გამიმართლა და, ჩემი სახლის უზარმაზარ ბიბლიოთეკაში არავინ მიშლიდა ნებისმიერი წიგნის აღებას, გადაფურცვლას, დათვალიერებას. ახლა რომ ვფიქრობ, დედაჩემს ნახატიანი წიგნები ზუსტად ჩემს სიმაღლეზე ჰქონდა შელაგებული კარადაში, მარტივად რომ მივწვდენოდი. ამოჩემებული მქონდა ერთი წიგნი, ცხოველები და უუცნაურესი მცენარეები ეხატა. იმდენს ვფურცლავდი, სანამ ხელში არ შემომეცვითა.
ახლა, როცა ბავშვებთან და მშობლებთან ვმუშაობ და ჩემი ყოველდღიურობა ზუსტად ბავშვებთან დროის გატარებაა, თუ სიტყვა იმაზე ჩამოვარდება, როგორ შევაყვაროთ ბავშვებს კითხვა, რეკომენდაცია ბევრია, თუმცა უპირველესი მაინც ისაა, წავუკითხოთ ბავშვებს წიგნები ძალიან ადრეული ასაკიდან. რადგან ბავშვობას ახასიათებს დამოკიდებულებების ფორმირება, მშრალი ფაქტებისა და ცხოვრებისეული ჩვეულებრივი მომენტების ემოციებითა და შთაბეჭდილებებით დატვირთვა. ეს კი, ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანია ნებისმიერი რამის შეყვარებისთვის.
თანამედროვე კვლევების მიხედვით, მამის ხმა უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ბავშვის განვითარებაში, განსაკუთრებით კი ენობრივი და სოციალური უნარების ფორმირებაში. მამის დინჯი ხმის ტონი და დაბალი ტემბრი შეუცვლელია ბავშვის ემოციური რეგულაციის გამომუშავებაში. და თუ მე რეკომენდაციები უნდა გავცე, უპირველესად მამებს ვურჩევდი, სანამ ბავშვი თავად დაიწყებს კითხვას, ჯერ წაუკითხეთ თქვენ. მოუყევით ამბები, სულერთია რა. ბავშვს ამ დროს ხმა მოსწონს თქვენი, ურთიერთობა მოსწონს თქვენთან და მოგონებებს აგროვებს, უმნიშვნელოვანეს მოგონებებს, რისი მოგროვების დროც არც იმდენია, ჩვენ რომ გვგონია. წიგნიერება არ იწყება კითხვით, წიგნიერებაა ნებისმიერი ამბის მოსმენა, ნახატების თვალიერება, რომ უმღერით ბავშვს, ეგეც კი წიგნიერებაა. არ გამოტოვოთ ეს დრო, არაფრის გამო.
და მაინც, რატომ ვკითხულობთ წიგნებს?
წიგნი ინსტრუმენტია შეიმეცნო სამყარო. თითოეული ჩვენგანის გონება ძალიან ადრეული ასაკიდან ისეა მოწყობილი, რომ სურს, მოისმინოს კარგი ამბავი. ყოველთვის, როცა ამბებს ვცვლით, ჩვენ ვუკავშირდებით ერთმანეთს, საკუთარ თავს და ჩვენ გარშემო არსებულ სამყაროს. თითოეული წიგნი თავის ამბავს გვიყვება; თითოეულ ამბავს თავისი მიზანი აქვს. ისტორიები შეგვიძლია გამოვიყენოთ ნებისმიერი რამისთვის: დროის გასაყვანად; დასამშვიდებლად; დასახმარებლად, როგორ შეიძინო მეგობრები; როგორ იზრუნო ადამიანებზე, საკუთარ თავსა თუ ცხოველებზე. ისტორიები ნათლად დაგვანახებს, რომ დამარცხება ადამიანურია და ამას არა უშავს, რომ გამარჯვებისთვის ბევრი მცდელობა და შრომაა საჭირო, რომ ზოგჯერ კარგ ადამიანებს ბედი არ სწყალობთ, რომ ყოველთვის ვერ მიიღებ საწადელს. ამბავს გააჩნია: ზოგი წიგნის კითხვისას ვბრაზდებით, გვეშინია, ვსევდიანდებით და ეს ბუნებრივია. წიგნი გვასწავლის, რომ ნებისმიერი ემოცია მისაღებია, ყველას დატევა უნდა შევძლოთ. სწორედ წიგნში წაკითხული ამბები გვეხმარება ვიპოვოთ ჩვენი თავი ამ უზარმაზარ სამყაროში.
როგორ შევაყვაროთ ბავშვებს კითხვა?
თუ გვინდა, ბავშვებმა მოისმინონ ისტორიები და მოგვიანებით თავად წაიკითხონ ისინი, უნდა შევურჩიოთ ისეთი ამბები, რომლებიც მოსმენად ღირს. ამბავი უნდა იყოს საინტერესო, ასაკის შესაბამისი, ემოციური, რაღაც ახლის მომცემი; ამბავი უნდა ჰყვებოდეს ისეთ პერსონაჟებზე, იმდენად მნიშვნელოვან ისტორიებს, რომ აიძულოს ბავშვები მოუთმენლად გადაფურცლონ წიგნი, არ ეთმობოდეთ ამბავი გასაწყვეტად.
წიგნები პატარა სამყაროსავით არიან — სადაც გინდა მიდიხარ, როცა გინდა – ჩერდები, შენი ფანტაზიით წარმოიდგენ ყველა პერსონაჟს, ყველა ოთახს, ყველა ხმას. სწორედ ამ ფერად სამყაროში იწყება ნამდვილი თავგადასავალი.
ესმა ონიანი, ოთარ ჭილაძე, გივი ჭიჭინაძე – „დათუნია დრუნჩა“ (საბავშვო ლექსები)
„დათუნია დრუნჩა“ ნამდვილად გახდება ბავშვის მეგობარი. ხანდახან ჭირვეულობს, ხანდახან დაღლილი და უხასიათოა, მაგრამ ყოველთვის ძალიან თბილი და საყვარელი. ისეთი ბუნებრივი, როგორიც ნამდვილი ბავშვი. დათუნია გასწავლის ყველაზე უბრალო რამეები – თამაში, გემრიელად ჭამა, ან თავპირის ამოთხუპვნა – როგორი სახალისო შეიძლება იყოს. კარგად რომ გაიცნობ, მიხვდები, რომ ცოტათი შენნაირია. ამიტომაც, ძალიან მარტივია შეიყვარო, შეეჩვიო და დაიმეგობრო. იცი ეს ლექსები როგორია? აი, მიდიხარ საბავშვო ბაღის გზაზე, ცოტა გეზარება, სახლში გერჩივნა, მაგრამ ხელში შენი საყვარელი სათამაშო გიჭირავს და მამა თავის ბავშვობაზე გიყვება ამბებს, სასაცილოდ, უშუალოდ, შეულამაზებლად და შენც მხიარულად მიყვები და სთხოვ, მეტი მოგიყვეს, კიდევ გაიხსენოს რამე.
„ჩვენ ყველანი თავისუფლებისთვის დავიბადეთ“
ეს წიგნი ძალიან გასაგებად გვესაუბრება იმაზე, რაც ყველამ უნდა გავიგოთ კი არა, შევიგრძნოთ: რომ თითოეული ადამიანი უნიკალურია, ძვირფასია და თავისუფლებისთვის დაბადებული. რას ვასწავლით დედები ჩვენს შვილებს? რას ვასწავლით განსაკუთრებით გოგონებს? მოდი ეს კითხვები დედებს დავუსვათ და დრო მივცეთ კარგად დაფიქრდნენ. მე მაინც ასე მგონია – არაფერია იმაზე ღირებული, იცოდე, რომ შენი აზრი, შენი ხმა და შენი გრძნობები ფასდაუდებელია. ამაზე მნიშვნელოვანი რა შეიძლება ასწავლოს დედამ ქალიშვილს?
თამარ გეგეშიძე – „ჩუმად უნდა იჯდე“
წიგნი უსაფრთხო ადგილია, რადგან შენ იქ ხარ და გაქვს კონტროლი მთლიან პროცესზე. როცა გინდა გაჩერდები, როცა გინდა – გააგრძელებ. ოჰ, როგორ სჭირდებათ მოზარდებს სიტუაციაზე კონტროლის განცდა – ზუსტად ეს ქმნის უსაფრთხოების განცდასაც.
მოზარდობა, იდენტობის ძიება, საკუთარ თავში გამორკვევისთვის დაუსრულებელი ბრძოლა; მშობლებთან, მასწავლებლებთან, მეგობრებთან უპირველესად კი საკუთარ თავთან ბრძოლა; ყველა ემოციის უმძაფრესად განცდა: ბრაზი, რისხვა და ბედნიერება. ამას ყველაფერს მოზარდობა იტევს. რა მნიშვნელოვანია მოზარდს თავისი საკითხავი ჰქონდეს – თავის თავზე საკითხავი. ზუსტად ასეთია თამარ გეგეშიძის წიგნები. აი, თითქოს ავტორი გვერდით გიზის და შენს მოსაყოლს გიყვება, შენს სათქმელს გეუბნება.
ალბათ ერთხელ მაინც ყველა გავჩუმებულვართ, როცა საუბარი კი არა, ყვირილი გვინდოდა. ამ წიგნის კითხვისას თავში სულ ეს ზარი მქონდა: „ჰეეეი, აქ ვარ, აქ ვარ, შემომხედე, მომისმინე, დამინახე“.
ეს წიგნი ზუსტად აღწერს ნამდვილ მოზარდს, მისი ფიქრებით, ტკივილებით, სირცხვილით, შიშით. როგორ ცდილობს ზოგჯერ მოზარდი იპოვოს ან გამოიგონოს ადგილი, სადაც ზუსტად ისეთი იქნება, როგორიც სინამდვილეშია, დაუმალავად, შეულამაზებლად, იმ შიშის გარეშე, სხვები რას იტყვიან. ეს წიგნი ზუსტად ისეა დაწერილი, როგორც ბავშვი მოჰყვებოდა. მოჰყვებოდა ყველაზე მნიშვნელოვანს.
ზანდა ჩეჩელაშვილი – „მე ვარ“
ჩვენ ყველანი უნიკალურები ვიბადებით.
ოჰ, როგორი უხერხულია დაწერო შენსავე დაწერილზე. მაგრამ, მოდი, მივაგოთ პატივი თემებს, რომლებზეც ცოტას ლაპარაკობენ, საკითხებს, რომელიც მხოლოდ კონკრეტულ ადამიანებს აწუხებთ და ბავშვებს, რომლებზეც ცოტას წერენ.
მე მაინც მჯერა, რომ ზუსტად მაშინ ვართ ნამდვილები, მაშინაა ჩვენი ისტორიები, ემოციები, ფიქრები ნამდვილი, თუ მათზე წიგნებში ვკითხულობთ. არ მკითხოთ, არ ვიცი, რატომ მგონია ასე, ალბათ უფრო იმიტომ, რომ თუ ვინმემ ეს დაწერა, ე.ი მარტო არ ვარ, მარტო მე არ მაწუხებს, მარტო მე არ მიხარია.
ამ პატარა წიგნში, როგორც მე ვეძახი, ბავშვები თავად მოგიყვებიან საკუთარ თავზე, მოგწერენ წერილებს და საშუალებას მოგცემენ შენც ამ წიგნის პერსონაჟი გახდე, შენი უნიკალური ამბით. მოგიყვებიან რა არის დილექსია, ADHD და ენისბორძიკი. გაგიზიარებენ, რას გრძნობ, როცა სხვებივით მშვიდად ვერ ზიხარ, ვერ კითხულობ ან ვერ ლაპარაკობ. „გაიძულებენ“ წარმოიდგინო როგორია, როცა გეშინია ახლა არ გითხრან შემდეგი წინადადება „წაიკითხე!“, როგორ ცდილობ შენიშვნა არ მოგცენ „რა გჭირს, რით ვერ მოისვენეო“, როგორ იმალები, რომ დაფასთან არ გაგიყვანონ და გაკვეთილი არ მოგაყოლონ მთელი კლასის წინ. უჰ, ტანში გაგცრის ამის წარმოდგენაზე. ის, რაც შენთვის მარტივია, ზოგისთვის ყველაზე დიდი ტანჯვაა.
მაგრამ ეს წიგნი მაინც იმაზე უფროა, რა შეგვიძლია, რა გვხდის უნიკალურს, ვიდრე იმაზე, რა არ გამოგვდის. ყველას გვჭირდება ერთხელ მაინც შემოგვხედონ და მხოლოდ ჩვენი კარგი მხარე აღნიშნონ, შეგვაქონ, ტაში დაგვიკრან. რომ ვარსებობთ, თუნდაც მხოლოდ ამისთვის! რატომ არ შეიძლება საკმარისი ვიყო უბრალოდ ჩემი არსებობით?!
ეს წიგნი მცდელობაა, ბავშვებმა, რომლებზეც ამ წიგნში წერია, ისე დაინახონ საკუთარი თავი, როგორც მე ვხედავ მათ აწ უკვე 10 წელია; უფრო დიდი მცდელობაა, ყველამ ჩვენ დავინახოთ ისინი ისეთებად, როგორებადაც თავად უნდათ, რომ ვხედავდეთ.
დაბოლოს, გახსოვდეს:
წიგნები არაა მარტო სწავლისთვის და სამეცადინოდ. და თუ ამ დრომდე გეგონა, რომ წიგნი მხოლოდ სწავლისთვისაა, შენს საწამებლად მოგონილი, ოჰ, როგორ ცდებოდი!
მარტო ერთი სწორად შერჩეული წიგნი საკმარისია იმისთვის, რომ შენი თავი იპოვო, შენი თავი გაამხნეო და შეაგულიანო – და ზუსტად ამის მერე იწყება ყველაფერი: მთელი სამყაროს შემცნება.