ნინო ხარატიშვილის სიტყვა დემოკრატიაზე

სიტყვა დემოკრატიის შესახებ 2025
ნინო ხარატიშვილი
რამდენიმე თვის წინ ბერლინში ვმონაწილეობდი დისკუსიაში თემაზე „დემოკრატია აღმოსავლეთ ევროპაში“. ვიჯექი სცენაზე ჩემს სერბ, უკრაინელ, პოლონელ და ყოფილ გდრ-ელ კოლეგებთან ერთად და ყველანი ერთად ვცდილობდით, „ევროპის ჩვენი კუთვნილი ნაწილი“ წარმოგვეჩინა და საკუთარი (გეოგრაფიული) პოზიციიდან მოგვეთხრო მისი აქტუალური პოლიტიკური მდგომარეობის შესახებ.
განსაკუთრებით უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, დემოკრატიაზე საუბრის შეთავაზებას, თითქმის ყოველთვის დიდი სიხარულით ვიღებდი და პატივად აღვიქვამდი. ერთი მხრივ, რადგან დემოკრატია კაცობრიობის უდიდეს მონაპოვრად მიმაჩნია, მეორე მხრივ კი, რადგან დემოკრატიის სიმყიფე მიკვლევია, მასზე მიწერია და თვითონ განმიცდია, რას ნიშნავს დემოკრატიის ჩამოშლა ან არარსებობა. მაგრამ იმ საღამოს უცნაური უხერხულობა დამეუფლა, პირველად მომეჩვენა, რომ არასწორია ამ დიდ თემაზე რომელიმე კონკრეტული გეოგრაფიული წერტილის პერსპექტივიდან საუბარი. დავფიქრდი, რა შეიცვალა, რატომ ვგრძნობ-მეთქი თავს ამ როლში უცებ უხერხულად და მივხვდი, რომ საფრთხე, რომელიც დღეს დემოკრატიას ემუქრება, დიდი ხანია გლობალურ საფრთხედ ქცეულა. რასაკვირველია, სპეციფიკური გამოწვევები ყოველთვის განსხვავებულია და რასაკვირველია, ამ ქვეყანაში (ჯერ) გვიმართლებს და, საქართველოს ან სერბეთის მსგავსად, არ გვიწევს დემოკრატიის დასაცავად გამუდმებით ქუჩაში გასვლა ან ციხეში თავის ამოყოფა, აქ ჯერ კიდევ შეგვიძლია ვისარგებლოთ იმ პრივილეგიებით, რომელსაც სწორედ ეს დემოკრატია გვთავაზობს, მაგრამ საზღვარი, რომელიც შესაძლოა მთელი ამ წლების განმავლობაში არსებობდა, ეს უხილავი და თან ასეთი მკაფიო ხაზი პირველ და მეორე სამყაროს, დემოკრატიასა და ავტოკრატიას, სამართლებრივ სახელმწიფოსა და კორუმპირებულ სახელმწიფო სისტემებს, დასავლეთის მორალურ უპირატესობასა და დანარჩენ სამყაროს შორის – ეს საზღვარი ჩემი აზრით, წაშლილია, აღარ არსებობს.
ამიტომ მომეჩვენა უცებ არასწორად, პირველი ხარისხისა და მეორადი დემოკრატიის შესახებ მსჯელობა, რასაც გერმანიაში ცხოვრების განმავლობაში მივეჩვიე. და როდესაც დისკუსიის მსვლელობისას გვკითხეს, თქვენი აზრით, რა არის დასავლეთი აღმოსავლეთის პერსპექტივიდანო, ჩემდა უნებურად და ჩემდა გასაოცრად, უცებ ვუპასუხე, მოცემულ მდგომარეობაში დასავლეთი ჩემთვის არის ღირებულებებზე დაფუძნებული გაერთიანება, რომელსაც ამ წუთას აღმოსავლეთი იცავს – ნაწილობრივ შიშველი ხელებით და არცთუ იშვიათად საკუთარი სიცოცხლის ხარჯზე-მეთქი.
წარმოვთქვი თუ არა ეს სიტყვები, თვითონვე გამიკვირდა ჩემი განმარტება და შინ მიმავალს კიდევ დიდხანს გამყვა ამ უცაბედ ფორმულირებაზე ფიქრი. მართალი ვიყავი თუ გადაღლამ და სასოწარკვეთამ მათქმევინა ეს სიტყვები, რადგან ბოლო თვეების განმავლობაში ამდენი და ასე ხშირად მილაპარაკია აღმოსავლეთის ხშირად მცდარად გაგებულ კონტექსტზე? იქნებ იმედგაცრუების ბრალია, რაც ბოლო ხანს ბევრჯერ მიგრძვნია დასავლეთ ევროპის ლეთარგიის შემყურეს?
ამ კითხვამ არ მომასვენა. ნახევარი ცხოვრება ეგრეთწოდებულ დასავლეთში ვიცხოვრე და მუდამ მთხოვენ განვმარტო, რა არის აღმოსავლეთი, არასოდეს – პირიქით. უმეტესად, მთხოვენ ავხსნა ეს ბუნდოვანი კონგლომერატი, შემდგარი – ჰო, კაცმა რომ თქვას, რისგან შემდგარი? მთხოვენ თვალსაჩინოდ აღვწერო ეს ძნელად ასახსნელი წარმონაქმნი პოსტსოციალისტური ქვეყნებისა, რომელთაც აერთიანებს რთული ისტორია, მყიფე დემოკრატია, გეოგრაფიული რელიეფი, რომელსაც რუსული ჩრდილი ეცემა, უკიდეგანო სივრცე, სადაც უმეტესად თოვს – ყოველ შეთხვევაში, დასავლეთის წარმოდგენაში – სადაც ჭმუნვარე სახით სვამენ არაყს და სადაც უმეტესად მოუთოკავი ტემპერამენტი ბობოქრობს.
აღმოსავლეთს მხოლოდ დასავლეთის არსებობა განსაზღვრავს. მხოლოდ დასავლური ნარატივის ავტორიტეტი ქმნის ამ გამყოფ ხაზს, რომელიც დღემდე, მართალია, უხილავად და მავთულხლართებისა და საკონტროლო პუნქტების გარეშე, მაგრამ მაინც საგრძნობად და რეალურად არსებობს. ოღონდ ყველაზე მტკივნეული გამყოფი ხაზი ამ კულტურულ ან გეოგრაფიულ ლანდშაფტებს შორის, ჩემთვის სულ სხვაგან გადის. კერძოდ, გარკვეულწილად უხილავ და დაუწერელ იერარქიაში, რომელიც ჯერაც არსებობს და განსაზღვრავს, რომ ზოგიერთი რამ, რაც აღმოსავლეთში დასაშვებია, დასავლეთისთვის წარმოუდგენელია და პირიქით, თითქოს განუწყვეტლივ ფასდებოდეს ყველაფერი ორმაგი საზომით. თითქოს არსებობდეს პირველი და მეორე ხელის ევროპა. თითქოს აღმოსავლეთის როლს მსოფლიო მოვლენებში აბეზარი, უუნარო უმცროსი ძმა ასრულებდეს, რომელიც პირველშობილ სამაგილითო შვილს ვერასოდეს გაეჯიბრება, ვერასოდეს შესწვდება. ყველაფერი ეს კარგად ვიცი, საკუთარ თავზე გამომიცდია. ნახევარი ცხოვრება, რაც გერმანიაში ვარ, ამ ნაპრალში ვარ გაჭედილი, იძულებული, რაღაც სულ ერთი ნაპირიდან მეორეზე გადავზიდო: აღმოსავლეთიდან დასავლეთში, ერთი კულტურიდან მეორეში, გამოცდილების ერთი კოსმოსიდან – მეორეში.
მაგრამ მაინც სად იწყება „აღმოსავლეთი“? არსებობს აღმოსავლური ნარატივი? აღმოსავლეთი მხოლოდ გეოგრაფიული ცნებაა? რა აკავშირებს ერთმანეთთან აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს, გარდა მათი სოციალისტური მემკვიდრეობისა? განა სიცილიასა და საქართველოს შორის მეტი მსგავსება არ არის, ვიდრე ყაზახეთსა და საქართველოს ან სომხეთსა და უკრაინას შორის? განა თვით სოციალიზმიც განსხვავებული არ იყო ამ ქვეყნებში? აღმოსავლეთ ბერლინი გარკვეულწილად განა უფრო უცხო არ არის ჩემთვის, ვიდრე ჰამბურგი? და განა გაოცებულები არ არიან გერმანელი მეგობრები, ჩემთან თბილისში რომ ჩამოდიან და ხედავენ, როგორი სამხრეთ ევროპულია ქალაქი და როგორი დასავლური მისი ხალხი? მაშასადამე, სად გადის ეს გამყოფი ხაზი? ანდა, სად იწყება? არსებობს კულტურული სივრცე, რომელიც ყველა აღმოსავლეთევროპულ ქვეყანას აერთიანებს?
ვშიშობ, არ არსებობს …
„დასავლეთის“ შემთხვევაში სხვაგვარადაა, რადგან ღირებულებების ერთიანობის გარდა, დასავლეთი საერთო კულტურული სივრცეც არის: არისტოტელე არა მხოლოდ ბერძენია, კარავაჯიო არა მხოლოდ იტალიელი, ბახი არა მხოლოდ გერმანელი, ვან გოგი არა მხოლოდ ნიდერლანდელი, სერვანტესი არა მხოლოდ ესპანელი, შექსპირი არა მხოლოდ ბრიტანელი, ფროიდი არა მხოლოდ ავსტრიელი და ა.შ. ყველანი, უპირველეს ყოვლისა, ევროპელები არიან, მყარი შემადგენელი ნაწილი ეგრეთწოდებული „დასავლური კულტურისა“. ამას აღმოსავლეთ ევროპაზე თუ გადავიტანთ, მაშინვე საზღვრებს მივაწყდებით. ეს რომ მოვახერხოთ, საკმარისად უნდა ვიცნობდეთ ლატვიელ, რუმინელ, მოლდაველ, სლოვაკ ავტორებს, ქართველ და ესტონელ მხატვრებს, სომეხ და უკრაინელ მუსიკოსებს. მაგრამ არ ვიცნობთ. ქვეყანა, რომლის კულტურა ყველამ ვიცით და ვინც ჩვენი კულტურა კარგად იცის, არის რუსეთი. რუსეთი არის, ასე ვთქვათ, „საბედისწერო კავშირი“ ჩვენ შორის. ყველაფერი, რაც ერთმანეთის შესახებ ვიცით, ვიცით უმეტესად სამოცდაათწლიანი კოლონიური პერსპექტივიდან.
ფაქტი, რომ სიტყვა „კოლონიალიზმი“ არასოდეს გამოიყენება საბჭოთა კავშირში შემავალი თხუთმეტი ეგრეთწოდებული „საბჭოთა რესპუბლიკის“ მიმართ, იმ უფსკრულის მაჩვენებელია, რომელიც საბჭოთა კავშირის დაშლიდან ამდენი წლის შემდეგაც არსებობს ჩვენ შორის. არა მხოლოდ აღმოსავლეთსა და დასავლეთს, არამედ აღმოსავლეთსა და აღმოსავლეთს შორისაც. შესაძლოა, ჩვენი ბრალიც იყოს, ამ ჩრდილს რომ ვერ დავაღწიეთ თავი, ჩვენი ნარატივი რომ ვერ შევქმენით, ჩვენს სატკივარს რომ არ მივანიჭეთ ისეთივე მნიშვნელობა, როგორც ამას დასავლეთი აკეთებს, ჩვენს ტკივილს რაღაცნაირად ვაკნინებდით, რადგან რუსული გაკვეთილი ასე გადასარევად ვისწავლეთ, რადგან ნასუნთქი გვაქვს „რუსული სულის“ ცნობილი მითოსი, რომელიც ხომ იმას გვეუბნება, რომ ტკივილს ლამის აღფრთოვანებით უნდა შეეგებო და უხმოდ აიტანო. შესაძლოა, ჩვენ ყველა, ბოლო ოცდათექვსმეტი წლის განმავლობაში, გადარჩენას ვცდილობდით და ისტორიის გადამუშავება მაინცდამაინც ვერ დავისახეთ პრიორიტეტად, რას იზამ, ახლა სამწუხაროდ, ჩვენითვე გვიწევს განაცდურის ანაზღაურება. მაგრამ ეს სხვა თემაა. მთელი ამ ტკივილისა და სასოწარკვეთის ფონზე, არსებობდა სამაგალითო პირველშობილი, დასავლეთი, რომელსაც აღმოსავლეთი ქვემოდან შესცქეროდა, არსებობდა მიზანი: გავხდეთ ისეთი, როგორიც უფროსი, უნაკლო ძმაა, შევიძინოთ მისნაირი თვისებები, მივაღწიოთ მის ხარისხს, თავი წარმოვაჩინოთ, თავი დავაღწიოთ საკუთარი არასრულფასოვნების ჩრდილს. არსებობდა, შესაძლოა, გულუბრყვილო რწმენა, რომ გაკვეთილი, რომელიც უფროსმა ძმამ ასე მწარედ ისწავლა თავისი ტოტალიტარული წარსულიდან, მას არ დაანებებდა, როდესმე თუნდაც ერთი საინტიმეტრით გადაეხვია საზეიმოდ დაფიცებული დემოკრატიული გზიდან. ეს ძმა ხომ გარკვეულწილად დემოკრატიის მასშტაბად აღიქმებოდა. ის ხომ, უპირველეს ყოვლისა, განასახიერებდა ლოზუნგს – „აღარასოდეს“ და ამტკიცებდა მარადიული თეზისის საპირისპიროს, რომ კაცობრიობა საკუთარი შეცდომებიდან ვერაფერს სწავლობს. უფროსმა ძმამ ცოდნა გაიღრმავა, ყოველ შემთხვევაში, ბევრს ასე ეგონა, მათ შორის, მეც. ჩვენ, მილიონობით ადამიანმა, ვინც მოვახერხეთ და რკინის ფარდის ქვეშ გამოვძვერით, როგორც კი ფარდა ოდნავ აიწია. ჩვენ გვჯეროდა, რომ მისგან ვისწავლიდით და ათვისებულ ცოდნას ოლიმპიური ჩირაღდნივით წავიღებდით ჩვენს ქვეყნებში …
მაგრამ იმდღევანდელი დისკუსიის შემდეგ შინისკენ მიმავალ გზაზე და ახლაც, ამ სიტყვას რომ ვწერ, ამ საპატიო დავალებას რომ ვასრულებ, ვრწმუნდები, როგორ ვწვალობ, როგორ წინაღობას მიქმნის ერთდროს წმინდა სიტყვა „დემოკრატია“, როგორი ბზარები გასჩენია ჩემს მტკიცე რწმენას გასული წლების განმავლობაში.
უნდა ვაღიარო, რომ არნახულ სირთულეს ვგრძნობ ამ დავალების შესრულებისას. რადგან ხელშეუვალობის ილუზია გაცამტვერებულია. რწმენა ლოზუნგისა „აღარასოდეს“ შებღალულია. საფრთხე ყოვლისმომცველია და ამ საფრთხის წინაშე მხოლოდ არასრულფასოვანი უმცროსი ძმა აღარ დგას, რომლის შემთხვევაში ბოლო ათწლეულების განმავლობაში ლამის ბუნებრივად აღიქმებოდა მისი სიმყიფე და მერყეობა. არა, ბზარები უხილავ დამცავ კედელსაც დაეტყო. ბზარები შუაში გასდევს სამართლებრივი სახელმწიფოს ნარატივის უმაღლეს კატეგორიასაც. ამ ანტიდემოკატიული პანდემიის საწინააღმდეგო აცრა, კარგა ხანია, აღარც უნაკლო ძმაზე მოქმედებს. ამიტომ მიჩნდება კითხვა, ნუთუ იმის გაცნობიერება, რომ ჩემს ცხოვრებაში პირველად, ეგრეთწოდებული „აღმოსავლეთი“ უფრო დასავლურად მეჩვენება, ვიდრე თვით დასავლეთი, იმის ბრალია, რომ აღმოსავლეთმა პირველად აჯობა თავის სამაგალითო ძმას. რომ ის ბევრად უფრო ცხადად ხვდება, რა მდგომარეობაშია დღეს დემოკრატია და რომ ჩვენ, ადამიანებს, ვერასოდეს გვექნება გარანტია ლოზუნგისა „აღარასოდეს“.
საზოგადოებრივი თანაცხოვრების აქამდე არსებულ ყველა ფორმას შორის საუკეთესო, ახლა ბლანტ მასად ქცეულა, მაშინ, როდესაც ყველგან კოცონი გიზგიზებს და ცეცხლში იყრება ადამიანური გონიერება, ფაქტები, ემპათია, ტოლერანტობა, მოყვასის სიყვარული, პატივისცემა, მშვიდობა. ფერფლიდან აღმდგარი ფენიქსებივით იღვიძებენ ტოქსიკური მასკულინობის, უკიდეგანო პატრიარქატის, ძალადობის, პროპაგანდის, გაბატონების წყურვილის და, უპირველეს ყოვლისა, იმპერიალიზმის დიდი ხნის გადალახული და მკვდრად მიჩნეული ფორმები. და ეს ყველაფერი ისე სწრაფად ხდება, რომ თვალის მიდევნებაც კი სუნთქვას გიკრავს. ყველაფერი, რასაც აქ, ამ ადგილას, ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ მგზნებარედ და ღრმა რწმენით ვიტყოდი, ახლა უგულებელყოფილი, უარყოფილი, მასხრად აგდებული მეჩვენება. ვეძებ სიტყვებს, რომელთაც ბოლო წლების მოვლენებმა არ დაუკარგა დამაჯერებლობა, რომელიც გაცვეთილი არ გამოჩნდება და ვწვალობ, თავს ვებრძვი. არადა, ნამდვილად არ ვარ პესიმისტი. იოლად არ მიპყრობს აპათია და მაინც, ბოლო დროს ხშირად ვარ დაბნეული და ვფიქრობ, როგორ შეიძლებოდა აქამდე მივსულიყავით. სად ვიპოვო რწმენა ღირებულებათა გაერთიანების, სისტემის მიმართ, რომელიც სულ რამდენიმე წლის შინ შეურყეველი მეგონა.
ჩემს თავს ვეკითხები, რისი იმედით უნდა დავდგე აქ და ვამტკიცო, რომ დემოკრატია ცხოვრების ის ფორმაა, რომელიც იმსახურებს ყველა საშუალებით დავიცვათ, როდესაც სწორედ ამ დემოკრატიამ 77,3 მილიონ ამერიკელ მოქალაქეს მისცა საშუალება, სახელმწიფოს სათავეში აერჩია კორუმპირებული, მიზოგინური, ძალაუფლების ჟინით შეპყრობილი პოპულისტი, რომელიც დაჩქარებული წესით ანგრევს ამ დემოკრატიას და მიგრანტებს „საგიჟედან გამოქცეულ ადამიანებს“ უწოდებს. როგორ უნდა დავიცვა ეს დემოკრატია, როცა სწორედ მან გახადა შესაძლებელი. რომ გასული წლის ოქტომბერში საქართველოში ძალაუფლება განიმტკიცა პარტიამ, – კი, გაყალბებითა და მანიპულაციებით, მაგრამ მაინც – რომელიც საკუთარი ხელით მიგვათრევს უკან პუტინის იმპერიაში, მიუხედავად იმისა, რომ სწორედ ეს რუსეთი, ბოლო ორი ათწლეულია, სისხლს გვწოვს, 2008- ში ბომბები დაგვაყარა თავზე და ჩვენი ტერიტორიის 20% მავთულხლართებით შემოღობა და მიიტაცა? თუკი დემოკრატია შესაძლებელს ხდის, რომ გერმანიის მოსახლეობის 20,8 პროცენტმა აირჩიოს პარტია, რომლის წევრებიც აბათილებენ ჰოლოკოსტს, მიესალმებიან ზოგიერთი ეთნოსის დახვრეტას და, რომ შეეძლოთ, ჰომოსექსუალიზმს დასჯადს გახდიდნენ. და ჩემს თავს ვეკითხები, როგორ ავუხსნა ჩემს შვილებს, დაწყებითი სკოლის ასაკის ბავშვებს, რომ, როგორც ჩანს, უთვალავი ადამიანი თანახმაა, ნებაყოფლობით იცხოვროს მონობაში და ჩაგვრაში. მეტიც, ისინი მონობას დემოკრატიულადაც კი ირჩევენ!
დასავლეთის ტრიბუნიდან აღმოსავლეთის დემოკრატიაზე საუბრისას რომელ უპირატესობას დავეყრდნო, როცა ბოლო წლებში აღმოჩნდა, რომ თვით ეს უპირატესობაც ფარსი ყოფილა? როდესაც ორმაგმა მორალმა, რომელიც ჭირივით მოედო ამ ქვეყანას, მოიცვა ყველაფერი, რასაც თითქოს ვიცავდით და რისთვისაც ვიბრძოდით? ზოგიერთი ჩვენგანი უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას გმობს, ცდილობენ, როგორმე შეინარჩუნონ ყვავილებით მორთულ-მოკაზმული პაციფიზმი, ოღონდ წლების განმავლობაში არ შეწუხებულან, რომ იარაღის სიდიდით მეორე მიმწოდებელი იყვნენ ქვეყნისთვის, რომლის მთავრობა ამწუთას შიმშილით კლავს სხვა ერს. მაგრამ ამ თემაზე არ ვლაპარაკობთ, რადგან ჩვეული პოლიტიკური კორექტულობა ამ თემას კრძალავს. მთავარია, რასისტები არ გამოვჩნდეთ, ეს უფრო მთავარია, ვიდრე ბავშვების შიმშილით სიკვდილის ცქერა. რადგან, როგორც ჩანს, მთავრობას თავისი მოსახლეობისგან ვერ გამოჰყოფ. თითქოს მე, საქართველოს ავტოკრატიული და პრო-პუტინისტური მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ (ამასობაში მგონი „ქართული კოშმარის“) მტკიცე მოწინააღმდეგეს, საქართველო მძულდეს, რადგან ამ პარტიას ვაკრიტიკებ და მის წინააღმდეგ ქუჩაში გავდივარ. დღეს პოლიტიკურ კორექტულობას მეტი მნიშვნელობა ენიჭება, ვიდრე ადამიანის სიცოცხლეს, თუკი მსხვერპლი „დემოკრატიული“ ქვეყნიდან არ არის. ხოლო თუ რა არის დემოკრატია, ამას დიდი რვიანის ქვეყნები განსაზღვრავენ: ეჭვი მაქვს, მსყიდველობითი უნარის მიხედვით. მის წევრ ქვეყანას, ამერიკის შეერთებულ შტატებს ჰყავს პრეზიდენტი, რომელიც 1973-დან 2016 წლამდე 4000-ზე მეტ სამართლებრივ დავაში იყო ჩართული თავისი კომპანიებით, სხვა წევრი სახელმწიფოს, რუსეთის პრეზიდენტი კი, ცოტა ხნის წინ სანქტ პეტერბურგში იქედნურად იყურებოდა კამერაში და ღიმილით ამბობდა, „სადაც რუსი ჯარისკაცი ფეხს დადგამს, ყველგან რუსეთიაო“, უკრაინაში მოკლული ჯარისკაცების დედებს კი 8 მარტს ხორცის საკეპ მანქანებს ჩუქნის.
როგორ არ უნდა შემიპყროს სასოწარკვეთამ, როდესაც დემოკრატია ადამიანებს კატეგორიებად ჰყოფს, ემპათიას კი გეოგრაფიისა და კანის ფერის მიხედვით ედება განსხვავებული ფასი: ხან ძალიან ძვირი, ხან ძალიან იაფი. ადამიანთა გარკვეული ჯგუფები თითქოს „მშვიდობის“ კოლატერალურ ზიანად ქცეულან. რამდენი იფიგენიაა ირგვლივ, რომელთა მსხვერპლად შეწირვის უფლება მინიჭებია მეფესა და მამას – აგამემნონს, რათა ზურგის ქარმა კარგად ჩაიყვანოს მისი გემები ტროაში.
აღშფოთებულები ვუწესებთ სანქციებს აგრესორ რუსეთს და თან განზე ვიხედებით, როცა გვესმის, რომ ევროკავშირში რუსეთიდან გაზის მიწოდებამ გასული წლის განმავლობაში ისევ მოიმატა. როგორ ვირწმუნო რაიმე იდეის ან ღირებულებათა სისტემის, როდესაც ისეთ გაუგებარ დროში ვცხოვრობთ, როცა მთელ ევროპელ მემარჯვენეებს რუსეთი უდგას მხარში და აფინანსებს კიდეც, ხოლო ევროპელი მემარცხენეები – ამერიკანიზმისა და კაპიტალიზმის პრინციპული მიუღებლობის გამო – ეკეკლუცებიან სოციალიზმს, მას რუსეთთან აიგივებენ, „მშვიდობიანი მოლაპარაკებების“ მომხრე არიან და ვერ ხვდებიან, რომ არ შეიძლება კაციჭამიებს მაგიდასთან დაუსხდე და კულტივირებული საუბარი გაუმართო. როგორ არ უნდა შემიპყროს სასოწარკვეთამ, როცა ისევ და ისევ ვაწყდები ფაქტს, რომ დასავლეთი ვერ იჯერებს, რომ საბჭოთა კავშირის დაშლა არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს რუსული იმპერიალიზმის დაშლას. რომ ის არსად გამქრალა და ახლა ჰიბრიდული და მუტირებული ფორმით დაბრუნდა, გაძლიერებული და გაზრდილი იმის წყალობით, რომ წლების განმავლობაში ზრდილობიანად არიდებდნენ თვალს! რომ საბჭოთა კავშირი მხოლოდ სიმპტომი იყო, დაავადებას კი რუსული იმპერზიალიზმი ჰქვია. როგორ არ შემიპყროს სასოწარკვეთამ, როდესაც აზროვნებაში არასოდეს შერყეულა დასავლური ჰეგემონია (განსაკუთრებით მემარცხენეების შემთხვევაში), რომელიც დღემდე ამტკიცებს, რომ უკიდურესი ბოროტება ნაციონალ-სოციალიზმი და ჰიტლერი იყო, კომუნიზმი და სტალინი კი ბევრად დაბლაა „რეიტინგში“ და რომ იდეოლოგიას დღემდე შეიძლება განვიხილავდეთ ისტორიისგან გამოყოფილად! დიახ, ოცი წელი უნდა მეცხოვრა ეგრეთწოდებულ დასავლეთში, რომ მივმხვდარიყავი – ბოროტებასაც ახასიათებს იერარქია, ერთგვარი კოლონიალიზმი სისასტიკისა!
ამასთან, საბჭოთა კავშირის და ეგრეთწოდებული „აღმოსავლეთის ბლოკის“ რესპუბლიკების, და კიდევ ჩინეთის, კუბის, ვიეტნამის, კონგოს რეალური ისტორია და კატასტროფული გამოცდილება, რომელსაც საერთო არაფერი აქვს გულებრყვილო მარქსისტულ ძმობასა და თანასწორობასთან, იგნორირებულია. ჰეგემონია, რომელიც დგას სადარაჯოზე, რომ დასავლეთში არავის დასცდეს სიტყვა ნაციონალ-სოციალიზმზე ისე, რომ ჰოლოკოსტი არ ახსენოს, ოღონდ სოციალიზმზე საუბრისას, რატომღაც ითმენს მისი იდეოლოგიის უპირატესობებზე ბრტყელ-ბრტყელ ლაპარაკს და უბრალოდ ივიწყებს გულაგს, მილიონებით მსხვერპლს, რომელთა რაოდენობა დღესაც არ არის დათვლილი! როდესაც კითხულობენ ანე ფრანკს, პრიმო ლევის, იმრე კერტეშს, პაულ ცელანს, მაგრამ არ კითხულობენ სოლჟენიცინს, შალამოვს, გინზბურგს! რომ წაეკითხათ, ეცოდინებოდათ, რომ ბოროტების რეიტინგი არ არსებობს, რომ კომუნიზმი არასოდეს ყოფილა ალტერნატივა და არ არსებობს „უკეთესი დიქტატურები“. „გაზის კამერებისთვის გაზი არ გვქონდა“, წერს სოლჟენიცინი და თავისი უზარმაზარი ნაშრომის „არქიპელაგ გულაგის“ ერთ ადგილას ლამის წინასწარმეტყველურად ამბობს: „ეჰ, თავისუფლებისმოყვარულო მემარცხენე მოაზროვნეებო! ეჰ, ლეიბორისტული პარტიის მემარცხენე მომხრეებო! ეჰ პროგრესულო ამერიკელო, გერმანელო და ფრანგო სტუდენტებო. ჯერ არ გინახავთ საკმარისი. უკვალოდ ჩაგივლით მთელი ჩემი წიგნი. მხოლოდ მაშინ მიხვდებით, როცა გეტყვიან – „მკლავები ზურგზე!“ და შეგიყვანენ არქიპელაგის ჭიშკარში.“
როგორ არ შემიპყროს სასოწარკვეთამ, როცა კეთილდღეობით განებივრებული, განათლებული საზოგადოების დასავლელი წარმომადგენელი ერთ-ერთ წვეულებაზე, შამპანურის ჭიქით ხელში, იმ დიქტატორული სისტემის უპირატესობებს ასხამს ხოტბას, რომელშიც მთელი ჩემი ბავშვობა გავატარე და მიხსნის, რომ კაპიტალიზმი საშინელებაა, არადა, თვითონ ქიშმირის ჯემპრი აცვია, მალედივებზე დადის დასასვენებლად და ტესლას ატარებს? რომ ჩვენი გასაჭირი, დოსტოევსკის პირქუშ სტილში, ჩვენივე ბრალია, ასე პათეტიკურად და გადაჭარბებულად არ უნდა გვდომოდა დამოუკიდებლობა; არ უნდა დაუპირისპირდე მოწინააღმდეგეს, რომელთანაც ვერაფერს გახდებიო, მირჩევს და ელეგანტურად ქაჩავს სიგარეტს შამპანურის ჩამათბობელი ყლუპის თანხლებით. და სანამ ის ჩემს მოქცევას ცდილობს და ლექციას მიკითხავს, თითქოს პატარა გოგო ვიყო – არადა, ბევრად ჩემზე უფროსი ვერ იქნება – და აბსოლუტურად დარწმუნებულია საკუთარ ფემინისტობაში, მახსენდება ირანელი პროდიუსერის მარალ სალმასის სიტყვები და ვცდილობ, მოწოლილი ბრაზი მისი სიტყვებით ჩავიხშო, თითქოს ეს სიტყვები მანტრა იყოს: „ჩვენ ისეთ დროში ვცხოვრობთ, როცა ნეოფაშისტები კოლონიალისტების წინააღმდეგ ბრძოლაში ეკოაქტივიზმის იმიტაციას ცდილობენ, როცა ფემინისტები პატრიარქის წინაშე იჩოქებენ, პროგრესისტები თეოკრატებს იცავენ, ლგბტქი-აქტივისტები კი იმ ისლამისტების გვერდით მიაბიჯებენ, ვინც მათ სიამოვნებით ჩამოკიდებდნენ სახრჩობელაზე.“ და ვცდილობ, შინაგანი სიმშვიდე შევინარჩუნო, თავაზიანადაც კი ვუღიმი ჩემი ძველმოდური აღზრდის გამო, თავი ხელში ამყავს, არადა, შიგნიდან მესმის ჩემი ყვირილი, რომ წამითაც ვეღარ ავიტან ამ ქედმაღლურ სიბრიყვეს, რითიც მდიდარი, დასავლელი მემარცხენეები, რომელთაც ერთი დღეც არ უცხოვრიათ ამ სისტემაში, მიხსნიან კომუნიზმის უპირატესობას, ხოტბას ასხამენ ძმობასა და თანასწორობას! და პასუხის გაცემას რომ ვცდილობ, იძულებული ვარ მოვისმინო – „ეს ხომ სრულიად სხვა რამ არის“. არა, არ არის სხვა რამ. არ არსებობს ჰუმანიზმის, აზრის თავისუფალი გამოხატვის, ადამიანის უფლებების ორი მასშტაბი. არ არსებობს შიშის, წამების, სიკვდილის ორი მასშტაბი. სიცოცხლე ყველას ერთი აქვს! აღმოსავლეთშიც, დასავლეთშიც, ჩრდილოეთშიც და სამხრეთშიც! უბედურებას ეროვნებისა და გეოგრაფიის მიხედვით რომ არ ვახარისხებდეთ, მეოცე საუკუნის ისტორიას ვაღიარებდეთ, როგორც ერთი მედლის ორ მხარეს და იერარქიის ცნებას არ ვაკვეხებდეთ ამ სასოწარკვეთილ, შემზარავ, არაადამიანურ საუკუნეში, თავიდან ავიცილებდით იმ კოშმარებს, რომელსაც დღეს განვიცდით. რადგან უკეთესი და უარესი არ არსებობს გროზნოსა და გუანტანამოს შორის! უკეთესი და უარესი არ არსებობს კოლიმასა და აუსშვიცს შორის! უკეთესი და უარესი არ არსებობს გაზასა და ბუჩას შორის!
არ მინდა სასოწარკვეთამ შემიპყროს, მაგრამ მაინც მიპყრობს, რადგან ჩვენს დემოკრატიულ სამფლობელოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი სიკეთე, კერძოდ, აზრის თავისუფლება, შეუმჩნევლად დავუქვემდებარეთ ცენზურას. კეთილმოსურნე, პოლიტიკურად კორექტული აზროვნების ცენზურა, უხერხულობის „ნაკრძალი“ შევქმენით, სადაც „მაგრამ“ დაშვებული აღარ არის. ცენზურას დავუქვემდებარეთ ენა და ცენზურას დავუქვემდებარეთ ისტორია, რომელშიც კეთილი ზრახვით ვცდილობთ ბოროტების ჩაქრობას, თითქოს ამით ისტორიის უკან მობრუნება შეიძლებოდეს? აღარ უნდა წავიკითხოთ წიგნები და აღარ უნდა ვნახოთ ფილმები, სადაც ესა თუ ის ევოლუციური შეცდომაა ნაჩვენები. იმის მაგივრად, რომ თვალი გავუსწოროთ ჩვენს სისხლიან ისტორიას, საფუძვლიანად შევისწავლოთ საკუთარი შეცდომები, გვირჩევნია, ვიყოთ მსხვერპლი და ჩვენს აღქმას ხანდახან ფაქტებზე მაღლა ვაყენებთ. ფეხაკრეფით ვუვლით გარს მთავარს, გვეშინია, ვინმეს არ ვაწყენინოთ. რასაკვირველია, კეთილი განზრახვით. ოღონდ, საბოლოოდ, რა განსხვავებაა, რამ გამოიწვია ცენზურა? ავტოკრატი აკრძალავს რამეს თუ ლიბერალური საზოგადოება, შედეგი ხომ ერთი და იგივეა? გაერთიანებისკენ მივისწრაფვით, და თან განუწყვეტლივ ვიმწყვდევთ თავს ნაჭუჭში, ჯგუფებში, თანამოაზრეთა წრეებში, სადაც წინააღმდეგობა დაუშვებელია, მითუმეტეს, განსხვავებული აზრი. კარგა ხანია, ყველანი ისეთი მგრძნობიარეები გავხდით, რომ ვეღარ ვიტანთ ამბივალენტურობას, მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო და, უპირველეს ყოვლისა, სწორედ დემოკრატია საპირისპიროს ატანას და საერთო ენის გამონახვას გულისხმობს. დავქუცმაცდით უამრავ სამეფოდ, რომლებიც ადრე თუ გვიან ერთმანეთს დაერევიან, რადგან ვიღაცას უფრო დიდი სასახლე ექნება ან უკეთესი ბაღი. სანამ ჩვენ აქ იმაზე ვდავობთ, ჩია უფრო სასარგებლოა თუ სელის თესლი, როგორც ჩანს, მილიონობით ადამიანი, არა მხოლოდ ამ ქვეყანაში, არამედ მთელ ევროპაში, თავს ისე გარიყულად, ისე მიტოვებულად და ისე დაუცველად გრძნობს, რომ ჩვენთან თანაარსებობას ურჩევნია მემარჯვენე ექსტრემისტები იხილოს ძალაუფლების სათავეში.
არ მინდა სასოწარკვეთამ შემიპყროს, მაგრამ არ გამომდის, და მაინც, მაინც ვიცი, რომ ალტერნატივა არ არსებობს, უნდა დავიბრუნო რწმენა, თუ საჭირო გახდა, თავიდან უნდა აღმოვაცენო, უნდა დავეყრდნო იმას, რასაც სწორედ ეს დასავლეთი წარმოადგენდა ჩემთვის როდესღაც. გავაუქმოთ გამყოფი ხაზი ჩვენსა და თქვენს შორის, აღმოსავლეთსა და დასავლეთს, კაცსა და ქალს, შავსა და თეთრს, მუსლიმსა და ქრისტიანს შორის. უნდა დავუბრუნდეთ ადამიანად ყოფნას. მგონია, რომ მხოლოდ ასე შევძლებთ საერთო დამცავი ფარის აღმართვას იმ საფრთხის წინააღმდეგ, რომელიც კარგა ხანია ყველას გვემუქრება, კერძოდ, წარსულში დაბრუნება, რომელიც კომეტასავით დაგვატყდება თავს და დაგვაბრუნებს მდგომარეობაში, რომელსაც, გვეგონა, თავი დავაღწიეთ. წარსულის ეს ფორმა უკვე მრავალ ადგილას დაბრუნდა და აწმყოდ გამოცხადდა, აწმყოდ, რომელიც მხოლოდ ადამიანის ღირსების შემლახავ გამოსავალს გვთავაზობს, სადაც მთავარი მხოლოდ ინსტინქტები და ძლიერის სამართალია. იქ აღარ არსებობს დიპლომატია, მხოლოდ იარაღი ან შეთქმულების თეორიები. არანაირი ემპათია, მხოლოდ მოგება და დივიდენდები. არანაირი ფაქტები, მხოლოდ პოპულიზმი. ბოლოსდაბოლოს უნდა გავბედოთ, გამოვყოთ თავი უსაფრთხო ნავსაყუდელიდან და ვაღიაროთ, რომ სულ უფრო მეტ ადამიანს ერევა ეს სიგიჟე, რომ ამ „ვირთხებზე მონადირეებს“ სულ უფრო მეტი ბავშვი აჰყოლია, რომ უნდა გავერთიანდეთ, განსხვავებულმა შეხედულებებმა კიდევ უფრო მეტად არ უნდა დაგვაშოროს ერთმანეთს. იდეა, რომელსაც განმტკიცება სჭირდება, არის ღირებულებების იდეა და არა ნაციონალური კუთვნილებისა. და თითოეული ადამიანი, მიუხედავად ეროვნებისა, ვინც ამ ბრძოლაში იბრძვის, უნდა მიიღოს ჩვენმა გაერთიანებამ, ყველა ქვეყანას უნდა ამოვუდგეთ მხარში, რომელიც ავტოკრატიისა და იმპერიალიზმის წინააღმდეგ იბრძვის.
თვალსაჩინოდ უნდა დავინახოთ, რომ ევროპა არ არის ციხე-სიმაგრე, რომელსაც მაღალი გალავანი იცავს საფრთხისგან. ევროპა არის რწმენა დემოკრატიის შესაძლებლობისა და მრავალფეროვნებისა. დღეს ამ იდეას განსაკუთრებით ესხმიან თავს, ტყვიას ესვრიან, ანადგურებენ. როგორც ევროპის შიგნით, ასევე მის გარე საზღვრებთან. ეს იდეა სასიცოცხლოდ სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება, რომ ტოტალიტარულმა ძალებმა კიდევ მეტი ტერიტორია არ შთანთქან. საქართველოში მავთულხლართულით შემოღობილ საზღვრებს რუსი ჯარისკაცები თავიანთ ნება-სურვილზე აჩოჩებენ ქვეყნის სიღრმისკენ. ეს მეტაფორა, რომელიც, სამწუხაროდ, სულაც არ არის მეტაფორა, აღწერს სიტუაციას, რომელსაც თვალი ყველამ უნდა გავუსწოროთ. რადგან ნებისმიერი ორჭოფობა, ყოყმანი, ჩვენი უმოქმედება, მხოლოდ დიქტატორებს აძლევს ხელს.
არ არსებობს არავითარი „აღარასოდეს“! რადგან „აღარასოდეს“ ყოველი ახალი დღის საზრუნავია! „აღარასოდეს“ არის თითოეული მოქმედება, რომლითაც უსამართლო ქმედებას აღვუდგებით წინ. „აღარასოდეს“ არის ადამიანის სინდისი!
იქნებ ყველამ ერთად უნდა გავუწოდოთ ხელი ამ იდეას, დავეხმაროთ მას თვითგვემისა და ყოყმანის დაძლევაში, შევახსენოთ, რომ ის უფრო ძლევამოსილია, ვიდრე დღეს ეჩვენება, რომ უფრო ძლიერია, ვიდრე ჰგონია. რომ მისი შესაძლებლობები იმაზე მეტად უსაზღვროა, ვიდრე წარმოუდგენია. შევახსენოთ მას, რომ უთვალავი ადამიანი შეჰყურებს იმედით, მის გამო გადის ქუჩაში, იბრძვის. რომ უფრო ქმედითია, ვიდრე თვითონ გრძნობს. რომ ჩვენ უფრო მეტნი ვართ, ვიდრე ისინი, ვისაც ის სძულს.
იმ ღამეს, რამდენიმე თვის წინ, სოციალიზმით მოკეკლუცე ქიშმირ-მალდივებიან-ტესლას მძღოლ ბატონთან ერთად გაპრანჭულ წვეულებაზე რომ ვიყავი და სანამ შევძელი, თავს ვიკავებდი, დადგა მომენტი, როდესაც გადავწყვიტე, მისთვის ის მიმერთმია, რასაც მთელი საღამოს განმავლობაში ჩემგან ელოდა: ველური აღმოსავლეთი, მოუთოკავი ემოციურობა, სოციალიზმსა და სოციალიზმის შემდგომ ქაოსში გაზრდილი ბავშვის უპირატესობა. გადავწყვიტე, დამევიწყებინა პოლიტიკური კორექტულობა, შამპანურის სმაში გართული გარემოცვის საზეიმო განწყობა და ის მეპასუხა, რაც მინდოდა. ნამდვილად არ იყო ლამაზი, ჩვენ გარშემო ხალხი გაოცდა, მაგრამ მინდოდა მისთვის მკაფიოდ მეთქვა, რომ ის, რაც მას წვეულებაზე თავშესაქცევი და რაღაცნაირად „მაგარი“ სალაპარაკო თემა ჰგონია, სინამდვილეში, ზოგიერთისთვის, მათ შორის, ჩემთვისაც, მთელი ცხოვრებაა და რომ კეთილი უნდა ინებოს და თუ საფუძვლიანი ცოდნით ვერ გაქაჩავს, მეტი პატივისცემით მაინც უნდა მიუდგეს!
ნამდვილად არ მომწონებია ჩემი თავი მეამბოხეს როლში და მაინც, ეს იყო ერთი დარტყმით გათავისუფლება, შინაგანი ტრიუმფის განცდა, რადგან მე მე ვიყავი, ემოციურად წინააღმდეგობრივი, არა შეუმცდარი, მაგრამ გულწრფელი. ჩემთვის სულერთია იყო, მიიჩნევდა თუ არა ის თავს შეურაცხყოფილად, რადგან ყველაფერი, რაც იმ მომენტში პირში მივახალე, ჩემი ნაცხოვრები, ჩემი განცდილი იყო, ის იყო, რასაც ასი პროცენტით დავამოწმებდი და ეს ცოდნა, ეს რწმენა, შეუდრეკელს მხდიდა. რადგან ეს ჩემი სიმართლე იყო და მინდოდა მის გონებას მისწვდომოდა, აუცილებლად მისწვდომოდა. სწორედ იმ სრულიად უცხო, ჩემთვის არცთუ მაინცდამაინც სიმპათიურ ადამიანს, რომელსაც ალბათ ცხოვრებაში აღარასდროს შევხვდები.
ამ სიტყვის წერისას კი იმედი მაქვს, რომ ჩვენ ყველა, ვისაც სწორედ ამ დემოკრატიის გვჯერა – აღმოსავლეთში თუ დასავლეთში – შევძლებთ ჩვენს ძირეულ პრინციპებთან, ჩვენს სიმართლესთან, უპირველეს ყოვლისა კი ჩვენს სინდისთან დაბრუნებას და თავს დავაღწევთ ორმაგი მორალისგან დამცავ ბადეს. ხანდახან ყველაზე მძიმე და ყველაზე რთული სწორედ ის არის, იყო ის, ვინც ხარ, მაგრამ ვერაფერი მოგანიჭებს იმხელა ძალას, ვერაფერი გაგათავისუფლებს ისე, როგორც იმის კეთება, რისიც მართლა გჯერა, იმისთვის ბრძოლა, რისიც მართლა გწამს.
გერმანულიდან თარგმნა მაია ფანჯიკიძემ