ბლოგი

რეჟიმის მაიმუნი. „მეფისტოფელი,ანუ ერთი კარიერის ამბავი“ – კლაუს მანი

რა უნდა დავუმატოთ თომან მანის ვაჟის რთულ ბიოგრაფიას?

კლაუს მანი, ერთგან ძმას სწერდა – „ისინი ჩვენ ყველას დაგვხოცავენ, ყველა ინტელექტუალს“.  ამ ავი წინათგრძნობის მიუხედავად,ავტორმა დაწერა რომანი, რომელიც ნაცისტური გერმანიის საზოგადოებაზე შექმნილი ერთ-ერთი პირველი კრიტიკული ნაწარმოები აღმოჩნდა.

ამსტერდამის გამომცემლობა „კერიდოს“ მიერ 1936 წელს დასტამბული გერმანელი ემიგრანტის მეექვსე რომანი, გერმანიაში მხოლოდ 1956 წელს გამოჩნდა.

მსახიობ ჰენდრიკ ჰიოფგენის დეგრადაციის სურათში, მწერალი მთელი საზოგადოების მორალური დაცემის ალგორითმს შიფრავს.

სცენის ოსტატს და ათიათასობით მაყურებლის საყვარელ არტისტს პატივმოყვარეობა და სულწასულობა “ხელისუფალთა მაიმუნად” და “მკვლელთა გამრთობ ტაკიმასხარად” აქცევს.

მსახიობი, როლზე მუშაობისთვის თავს არასოდეს ზოგავდა. შეეძლო 18 საათიანი რეპეტიციებისთვის გაეძლო. 39 წლის, 50 წლისას ჰგავდა. რქის ჩარჩოიანი  სათვალის უკან დამალულ ფერწასულ სახეზე უდრეკი სიმშვიდე ეხატა. როგორც ავტორი წერს, ასეთი სიმშვიდე მხოლოდ ნერვიულ და პატივმოყვარე ადამიანებს აქვთ.

ხელისუფლებასთან გარიგების შედეგად ჰიოფგენი ბერლინის სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ხდება და ნაცისტური გერმანიის კულტურული ცხოვრების გავლენიან ფიგურადაც იქცევა.

ეს ის დროა, როდესაც ძვირფასი ჭაღები ჩახჩახებს და პრემიერებზე საუკეთესოდ შემოსილი ქალები და კაცები კულტურის, თეატრის უდიდეს როლზე საუბრობენ. დუღს ცხოვრება ბერლინის და ჰამბურგის თეატრებში და ამ ხმაურში, ტაშის ფონად იხრწნება საზოგადოება. იხრწნება ჰენდრიკის სულიც. რაც უფრო მეტად იტანჯებოდნენ სხვები, მით უკეთეს გუნებაზე დგებოდაო, – ასე ახასაითებს მას კლაუს მანი.

რეჟიმის მაიმუნი ქამელეონივით ცვალებადი და მოუხელთებელია, ხან დაუნდობელს, ხანაც ბინძურ-ღიმილიანს თამაშობს; მოუსვენარი მზერა აქვს, ზოგჯერ არამზადა, ზოგჯერ ამპარტავანი, ან თავდაჯერებული და ალერსიანი, ხანაც, გადაგვარებული ლორდია.

ჰენდრიკს გარდასახვის უნარის უნიკლური ფლობა შეეძლო. გარდაისახა კიდეც.

“რა უნდა ჩემგან ამ ხალხს? თავს რატომ არ მანებებენ? ასე სასტიკად რატომ მექცევა ყველა? მე ხომ ერთი ჩვეულებრივი მსახიობი ვარ!” – ბოლოჟამს, ასე ცდილობდა საკუთარი თავის დაცვას.

“მეფისტოფელში” პროპაგანდის მინისტრიც ჩნდება… “გართობა დიქტატორის პირობებშიც ხომ შეიძლება?” , –  ასეთ ნიშანდობლივ რეპლიკასაც იპოვით. სახალხო ზეიმები იმართება, – გერმანული კულტურა “ებრაელებისაგან გაიწმინდა”.

ჰენდრიკი გვამებით მოფენილ შემზარავ გზაზე დაჰყვება რეჟიმს.

რას აშავებს? ის ხომ მსახიობია… მსახიობი, რომელიც გოეთეს გარდაცვალების იუბილესთვის მიძღვნილი “ფაუსტის” ახალ დადგმაში მეფისტოფელი უნდა იყოს.

მაგრამ დიქტატურაში ასე ხდება, ჯერ მსახიობი ხარ, შემდეგ მხარდამჭერი, შემდეგ მძევალი, თანამონაწილე და დამნაშავე.

რეპერტუარს ამოფარებულ ჰენდრიკსაც ახლოს ჩაუქროლებს სიკვდილი. გაუჩინარებულ კოლეგას, ოტო ულრიხს თვითმკვლელობას აბრალებენ, რეალურად,კი თანამშრომლების ჩასაშვებად, ულრიხი სწორედ იმ რეჟიმმა აწამა და მოკლა, რომლის მასხარადაც იქცა ჰენდრიკი.

ახლა რას იზამს? ის ხომ მსახიობია?  სცენაზე უნდა იდგეს.

მაგრამ ასე არ მოხდება. სული შეჭმულია.

მასხარად ქცეულის ნათამაშები ჰამლეტი რა იქნება?!  ჰენდრიკის ჰამლეტი ნევრასთენიული თვისებების მქონე პრუსიელ ლეიტენანტს ემსგავსება.

“არ არსებობს რეჟიმი, თეატრი რომ არ ესაჭიროებოდეს. უჩემოდ ვერცერთი რეჟიმი ვერ იარსებებს”.  –  ყვირის ჰალუცინაციებში გახვეული მკვლელთა გამრთობი ტაკიმასხარა, რომელსაც სასოწარკვეთისაგან შურს კიდეც მკვდარი ოტო ულრიხის, რადგან ის უკვე მკვდარია. დედის კალთაში თავჩარგულ მეფისტოფელს კი მომაკვდინებელი ტკივილები წინ აქვს.

(„მეფისტოფელი, ანუ ერთი კარიერის ამბავი“ ქართულენოვანი მკითხველისთვის გერმანულიდან დავით კაკაბაძემ თარგმნა).

ავტორი: ნესტან ნენე კვინიკაძე