ბლოგი

ფსიქოლოგი მაია ცირამუა “თეთრი ქალაქის” შესახებ

მე და ჩემი და,  ნინო, თეთრ ქალაქში გავიზარდეთ. სინამდვილეში ბავშვებისთვის თეთრ ქალაქს ხომ მშობლები აშენებენ, სადაც ბევრი მზის სხივი, სიკეთე და სიყვარულია. სადაც მამამ,  თავისი ბოხი და თბილი ხმით მოფერებაც იცის და შენიშვნის მიცემაც, რაც როცა დიდი ხდები, ხვდები რომ თურმე საჩუქარი ყოფილა, რადგან შენი თავის გარედან დანახვა გასწავლა … ოღონდ სიყვარულით დანახვა. მუდამ მოფუსფუსე და მშრომელი დედა, გემრიელ ორცხობილებს ან კვერებსაც აცხობს და თუ რაიმე დაგჭირდა,  შენთვის ზურგის ქარზეც კი უფრო ძლიერია.

როცა ასეთ თეთრ ქალაქში ცხოვრობს ბავშვი, მერე ამ ზღაპრის მთავარი გმირივით მოხერხებული და მოქნილი ხდება, რაც იმას ნიშნავს, რომ  წითელ ტალახად ქცეული თეთრი ქვიშა, კი არ შეაშინებს, არამედ მისგან ულამაზესი თიხის ჭურჭლის გამოძერწვას და მასზე ფერადი ჩიტების მოხატვას შეძლებს.

ნინოს წიგნი „თეთრი ქალაქი“ ადამიანური რესურსებით სავსე სკივრს ჰგავს. ახლა ამას რომ ვწერ საკუთარ დაზე, თავს ცოტა უხერხულადაც კი ვგრძნობ. ჯერ ერთი, რომ ჩემზე 12 წლით დიდია და წერა-კითხვაც კი  მან  მასწავლა. მერე, რაღაცების წერა რომ დავიწყე, ჩემი სახლის ფანჯრიდან გამახედა და იქვე, ხეზე საწყლად შერჩენილი ფოთოლი დამანახა და მითხრა, აბა, მიდი და დაწერე, რას შეიძლება ეს ფოთოლი ახლა გრძნობდესო. ჰოდა, მე იმ პატარა მოთხრობას ეული ფოთოლი დავარქვი J

უხერხულია მართლაც, საკუთარი დის შექებას ხომ არ დავიწყებ? მაგრამ აბა, ვინ, თუ არა მე, ვიცი რა ჯადოსნური შეიძლება იყოს ამ წიგნის წაკითხვა დედის ან მამის თბილ მკერდზე მიყრდნობილი ბავშვისთვის.

პირველი, ვისაც ეს წიგნი ვაჩუქე ჩემი ნათლული ნიკოლიკოა. ზუსტად ვიცი, ჩემი მეგობარი სოფო თავისი ნაზი და რაღაცნაირად ლივლივა ხმით რომ წაუკითხავს, აუცილებლად  ისწავლის  პატარა ბიჭი, რომ ყველაზე უებარი წამალი თვითონ ტკივილშია. ზოგჯერ შეიძლება შეეშინდეს კიდეც, რადგან აღმოჩნდება რომ უცნობი კაცის მიერ ნაჩუქარი ფანქრებით შექმნილი  „გამოფენა“ სადღაც გაქრა და კედელზე ცარიელი ფურცლებია მხოლოდ, მაგრამ ზღაპრის ბოლოს მოსმენილი სიტყვები დაამშვიდებს, რადგან „ჯადოსნურმა ფანქრებმა ვანოც პატარა, კეთილ ჯადოქრად აქცია.“ იმასაც ისწავლის პატარა ნიკოლა, რომ შეიძლება რაღაც აღარ შეგეძლოს, ძველებურად ჯანზე ვერ იყო, თუმცა შენი გაკეთებული კეთილი საქმეები, დოლი დიპლიპიტოსავით, სასწაულებს მოახდენს. ღიმილი როგორ იპოვოს, თუ ამის უნარს დაკარგავს, ან თუ მარტოობას იგრძნობს რა დაეხმარება, ამაზეც ბევრი ამბებია „თეთრ ქალაქში“. ისწავლის სევდას, შიშს და ბრაზს როგორ დაუმეგობრდეს, რომ სევდიან, მშიშარა და ბრაზიან ადამიანად არ გადაიქცეს.

კიდევ ერთი ჯადოსნური უნარი აქვს თეთრ ქალაქს. ამ ქალაქიდან სადაც არ უნდა წახვიდე, გზა არ აგებნევა, ვერც ვერავინ მოგატყუებს, საკუთარი თავის მოტყუებაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. თან გექნება სკივრი, სადაც ხელს ჩაყოფ და  იქ, ჯადოსნურ ძალას ოპოვი. ასეთია თეთრი ქალაქი და აკი დასწყისშოვე გითხარით, ასეთ ქალაქებს ბავშვებისთვის თვითონ მშობლები აშენებენ.