ბლოგი

ხოხბის მანძილიდან დანახული სიმართლე — რედაქტორი თამარ მღებრიშვილი „ემპუსების ნადიმის“ შესახებ

ხოხბის მანძილიდან დანახული სიმართლე — ოლგა ტოკარჩუკის „ემპუსების ნადიმი“

ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ემპუსა ქვესკნელის საშინელი დემონი, ჰადესის სისხლისმსმელი ურჩხული, ღამეული ლანდი, ჰეკატეს თანამგზავრი და ხშირად, მისი ორეულიცაა.  სიტყვა „Έμπουσα” ერთფეხას ნიშნავს, რაც ამ დემონის გამორჩეულობაზე მიუთითებს, მას  შეეძლო ფორმისა და სახის ცვლილება, ნებისმიერ არსებად გარდასახვა, ის ხან ვირია, ხან ჯორი, ხან ტურა, ხანაც ქალი.

ემპუსა ხშირად მიიჩნევა ერთ-ერთ ლამიად ან მორმოლიკეიად — მონსტრებად, რომლებიც ადამიანებზე ნადირობენ, განსაკუთრებით ახალგაზრდა კაცებზე.  ემპუსა მოხსენიებულია არისტოფანეს კომედიაში „ბაყაყები“ (ძვ.წ. 405წ.), რომელსაც დიონისე ჰადესში მოგზაურობის დროს ხვდება. ის აქ ფორმებს იცვლის, ემსგავსება ხარს, ძაღლსა და ქალს, რაც მის ზებუნებრივ შესაძლებლობაზე მიანიშნებს.

ქსანთია: ღმერთმანი, ვეება ურჩხული გამოჩნდა!

დიონისე: როგორი?

ქსანთია: სასტიკი! სახესაც რომ იცვლის. ხარია! ჯორია! ახლა კი ქალია, ნორჩი და ლამაზი!

დიონისე: სად არის? მივირბენ!

ქსანთია: ქალი აღარაა. უკვე ქოფაკია.

დიონისე: ემპუსა ყოფილა!  (არისტოფანეს „ბაყაყები“, ლევან ბერძენიშვილის თარგმანი)

მოგვიანებით, სხვადასხვა თხზულებაში ემპუსა აღიწერება როგორც ღამის დემონი, რომელიც ადამიანებს აშინებს. ის კლასიკური “ფატალური ქალის” არქეტიპია — მომაჯადოებელი, მაგრამ საშიში ქალი, რომელიც სილამაზით მსხვერპლს იზიდავს და შემდეგ ანადგურებს. მისი ისტორია გენდერული როლებისა და ქალის ძალაუფლების შესახებ მრავალ კითხვას აჩენს, სწორედ ამ კითხვებზე პასუხის ძიებაა ოლგა ტოკარჩუკის რომანიც „ემპუსების ნადიმი“.

როდესაც ოლგა ტოკარჩუკმა 2022 წელს „ემპუსების ნადიმი — ნატუროპათიული ჰორორი“  გამოსცა, კრიტიკოსებმა მაშინვე აღნიშნეს მისი აშკარა კავშირი თომას მანის „ჯადოსნურ მთასთან“. ორივე  რომანში სიუჟეტი სანატორიუმში ვითარდება, ცენტრალურ ევროპაში, პირველი მსოფლიო ომის წინ. ორივე ავტორი სნეულებასა და იზოლაციას ცივილიზაციის კრიზისის მეტაფორად იყენებს.

იქ, სადაც მანი ქმნის ფილოსოფიურ რომანს კაცთა შორის ინტელექტუალური დებატებით, ტოკარჩუკს ტექსტში ჰორორი, მითი და ფემინისტური კრიტიკა შემოაქვს. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ სიტყვა „ნატუროპათია“, რომელიც რომანის ქვესათაურია, ბუნებრივი საშუალებებით მკურნალობას ნიშნავს.

„ჯადოსნურ მთაში“ ჰანს კასტორპი სანატორიუმში მცირე ხნით ჩადის, მაგრამ ეს დრო უსაზღვრო დროდ იქცევა. სანატორიუმი ხდება სცენა, ევროპული აზრის კონდენსირებული თეატრი,  პაციენტები ლიბერალიზმს, ჰუმანიზმს, მისტიციზმსა და რადიკალიზმს განიხილავენ იმ დროს, როდესაც დაავადება ნელ-ნელა ხრწნის მათ სხეულებს.

„პრუსიის სილეზიაში, ვალდენბურგის რაიონში, ჩეხეთის საზღვრიდან ¼ მილის, ხოლო ვროცლავის სამხრეთ-აღმოსავლეთით 11 მილის დაშორებით, ბუმბერაზ მთებსა და არწივის მთაგრეხილებს შორის, ვალდენბურგის მდინარე შტეინას ნაპირზე მდებარეობს თვალწარმტაცი სოფელი გიორბერსდორფი, სადაც უკვე რამდენიმე ათეული წელია არსებობს ცნობილი კურორტი გულმკერდის ღრუს სნეულებებით დაავადებულთათვის….“

ამბავი, რომელსაც ოლგა ტოკარჩუკის „ემპუსების ნადიმში“ ამოვიკითხავთ პოლონურ ბროშურაზე დაბეჭდილი ამ ტექსტიდან იწყება.

24 წლის მეჩილსავ ვოინიჩი, ლვოვის პოლიტექნიკური ინსტიტუტის სტუდენტი, განსაკურნებლად გიორბესდორფში ჩადის. ეს ადგილი პოლონური, გერმანული და ჩეხური კულტურების გადაკვეთის არეალია, აქ ისეთ საკითხებზე შევხვდებით ინტელექტუალურ მსჯელობებს, როგორიცაა  — მონარქია თუ დემოკრატია, ერისა და სახელმწიფოს ცნება, ქალთა როლი, ნაციონალიზმის მოახლოებული ქარიშხალი.

თომას მანთან ავადმყოფობა მხოლოდ ბიოლოგიურ ჩარჩოში არ თავსდება, ტუბერკულოზი ევროპის დამაკნინებელი მეტაფორა ხდება, ხოლო სანატორიუმში დროის პირველადი აღქმა იკარგება და დრო მრუდდება.  ტოკარჩუკთან სნეულება კულტურული დეგენერაციაცაა და სხეულის სუსტი მატერიაც, რომელიც სქესობრივ სტერეოტიპებს ასახავს. ვოინიჩის სუსტი და მყიფე სხეული კონტრასტშია მამაკაცების ხმაურიან, დაპირისპირებულ, სტერეოტიპულ მსჯელობებთან.  „ემპუსების ნადიმში“ ავადმყოფობა მამაკაცურ ავტორიტეტებს ბზარავს და ნათელი ხდება, რომ ინტელექტუალური სიტყვა და დაპირისპირებები ხშირად სისუსტის დაფარვისთვის ხელსაყრელი შესაძლებლობაა.

ორივე შემთხვევაში, ტოკარჩუკთანაც და მანთანაც, სანატორიუმი მხოლოდ სივრცე კი არა, სიმბოლური სამყაროა — ადგილი, სადაც ევროპის შფოთვები იყრის თავს, სადაც ჯანმრთელობისა და ავადობის, გონებისა და ირაციონალურის, სიცოცხლისა და სიკვდილის საზღვარი იშლება.

„ემპუსების ნადიმი“ სავსეა სუბვერსიული მეტაფორებით, ტოკარჩუკი ქმნის ნარატივს,  რომელშიც რეალობა და ფანზატია ისე ერთიანდება, რომ ადამიანის ბუნებას გარდაქმნის.

რომანის მთავარ პერსონაჟს, მეჩისლავ ვოინიჩს, არაერთგვაროვანი ფსიქოლოგიური და ემოციური ენერგია აქვს. განსაკუთრებით საყურადღებოა მისი ბავშვობა, ვინაიდან, სწორედ იმ დროის ყალიბდება ვოინიჩი, როგორც „ანომალიური“ პიროვნება. ვოინიჩი არ შეესაბამება იმ სოციალურ სტერეოტიტებს, რომლებსაც მამა და პატრიარქალური საზოგადოება უწესებს. სიუჟეტის მიმდინარეობისას ბავშვობის ნარატივი ძირითად ამბავს ენაცვალება.

„მეჩილსავს ბავშობიდან ახსოვდა მამისთვის დამახასიათებელი ამძაღებული ცხიმის სუნი. ეს სუნი თითქოს მისი მეორე კანი იყო.“

“კიდევ რისი სუნი ჰქონდა „შვერმერაის“ – ეს ძაღლის თათების სუნი იყო. თავისი ძაღლი გაახსენდა, რომელიც ბავშვობაში ჰყავდა და ჩაეღიმა.

„მერე გაახსენდა დოქტორ ზემპერვაისის საწერ მაგიდაზე მიყუდებული თოფი, რომელმაც ის დრო გაახსენა, როცა მამა და ბიძა სროლას ასწავლიდნენ.“

ტოკარჩუკი ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ ვოინიჩის სხეული გარდამავალ „ზონას“ წარმოადგენს, რაც ვერც ერთ კლასიფიკაციაში თავსდება.  მისი ფიზიკური თავისებურებები, რომლებიც აჩვენებს “ქალის” ნიშნებს, ისევე როგორც ექიმის მიერ მისი ქალად აღიარება, თვითშეფასების საკითხს წარმოშობს.  ვოინიჩის ანომალიური სხეული  კონფლიქტის წყაროა, მისი შინაგანი ტრანსფორმაციისა და ფსიქოლოგიური გარდაქმნის პირველსაწყისია.

რომანის ერთ-ერთი მთავარი ხაზი მიზოგინიასა და ქალის როლს ეხება. მწერალი პატრიარქალური საზოგადოების დამოკიდებულებას ქალთა მიმართ ირონიულ-სატირული ენით გადმოსცემს. სანატორიუმის პაციენტთა ურთიერთსაპირისპირო შეხედულებებით მწერალი ქალების მიმართ არსებულ ტრადიციულ ინტერპრეტაციებს აკრიტიკებს.

 „ქალი გახლავთ ევოლუციის ერთგვარი მაჩანჩალა. მაშინ, როდესაც კაცი განვითარდა, წინ წავიდა და უამრავი ახალი უნარ-ჩვევა შეიძინა, ქალი პირვანდელ მდგომარეობაში დარჩა.“

„ფილოსოფიური თვალსაზრისით, ჩვენ არ გვაქვს უფლება, ქალი ისეთივე სრულყოფილ ობიექტად განვიხილოთ, როგორიც, მაგალითად, მამაკაცია. რაც იმას ნიშნავს, რომ ქალს განვითარება და იდენტობის შენარჩუნება  მხოლოდ მამაკაცის სივრცეში შეუძლია. დიახ, ასეა, ქალის იდენტობის ჩარჩო გახლავთ მამაკაცი.“

აღსანიშნავია ისიც, რომ რომანის ყველა ძირითადი პერსონაჟი მამაკაცია, ქალები ფაქტობრივად არ ფიგურირებენ. ისინი მხოლოდ ირიბ ობიექტებად რჩებიან, მაგალითად დედა და გლიცერია ვოინიჩის ბავშვობიდან, გარდაცვლილი ოპიცოვა, შლიაპიანი ქალი, რომელიც ვოინჩში გაურკვეველ ვნებებს აღძრავს და ყველაზე საინტერესო ქალთა სახეები — ფრაუ ვებერი, ფრაუ ბრეხტი  და მათი მესამე, იდუმალი და.

ეს ქალები ჩვეულებრივი პერსონაჟები არ არიან, როგორც ჩანს, მათ სიმბოლური მნიშვნელობა აქვთ, რაც დაკავშირებულია უფრო სიღრმისეულ და ფსიქოლოგიურ განზომილებებთან. ფრაუ ვებერი და ფრაუ ბრეხტი სრულიად შესაძლებელია მითოლოგიურ პერსონაჟებს, მორმოსა და ლამიას განასახიერებდნენ. რომანში ვერც ერთ დიალოგს ვერ შევხვდებით, რომელშიც ისინი მონაწილეობენ, მაგრამ ავტორი მნიშვნელოვნად მიიჩნევს მათ არსებობას, სწორედ ამ ქალებს აქვთ ვოინიჩის ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ტრანსფორმაციაზე დიდი გავლენა. საინტერესოა ისიც, რომ მითის მიხედვით ემპუსას სწორედ ორი და ჰყავდა, მორმო და ლამია, ჩვენ კი რომანიდან ვიგებთ, რომ ფრაუ ბრეხტსა და ფრაუ ვებერს ჰყავთ მესამე და, რომელიც დიდი ხანია თვალით არავის უნახავს. სრულიად დასაშვებია ეს სამი ქალი მითოლოგიურ ჩარჩოში მოვაქციოთ, იდუმალი და ემპუსად, დანარჩენები კი მორმოდ და ლამიად წარმოვადგინოთ. ამას ისიც ემატება, რომ ბერძნულ მითოლოგიაში ეს დემონები ფიზიკურად საზარლები და შეუხედავები არიან,  ფრაუ ვებერისა და ბრეხტის ფიზიკურობაზეც ხშირად ამახვილებენ პერსონაჟები ყურადღებას, მაგალითად კონსერვატორი ლუკასი, რომლის თქმითაც, თუ დემონები ნამდვილად არსებობენ, მათ სწორედ ამ ორი დის სახე აქვთ.

აუცილებლად უნდა ვისაუბროთ თილოსა და ვოინიჩის ურთიერთობაზე, ასევე მათ შორის უჩვეულო კავშირზე, რომელიც საბოლოოდ დე ბლესის ნახატმდე მიგვიყვანს.

ტრანსფორმაციის კონცეფცია ყველაზე მნიშვნელოვანი თემაა ამ რომანში, რადგან ის პირდაპირ უკავშირდება ვოინიჩის „გარდაქმნას“. ტრანსფორმაციის გზაზე  გადამწყვეტ როლს თილო და დე ბლესი ასრულებენ. სამყარო ის არ არის, რასაც ვხედავთ, სამყარო ისაა, რისი დანახვაც შეგვიძლია. სწორი ხედვის ჩამოყალიბებას კი უწყვეტი ვარჯიში სჭირდება. ადამიანები უპასუხოდ დარჩენილი კითხვებისგან შევდგებით, ვოინიჩი საკუთარი თავის შეცნობას მაშინ იწყებს, როდესაც დე ბლესის ნახატს დააკვირდება, მაშინ იწყება შეკითხვების დასმაც, უპირველესად საკუთარი თავისთვის.

დე ბლესის ნახატი მკაფიოდ უკავშირდება რომანის ცენტრალურ თემებს: მსხვერპლს, ტრანსფორმაციას, ბედსა და თავისუფლებას. იმავე დროს, ნახატი გამოკვეთს რთულ ურთიერთობებს, რომლებიც ქალური და მამაკაცური იდენტობის, ოჯახის ძალაუფლებისა და სოციო-პატრიარქალური სტრუქტურების ტრადიციულ შეხედულებებს ეხება.

ისააკისა და აბრაამის ბიბლიური ისტორია ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული ნარატივია, სადაც აბრაამი მზადაა თავისი შვილი ღმერთს მსხვერპლად შესწიროს. „ემპუსების ნადიმში“ ეს მოტივი გახლეჩილია და ვოინიჩის პერსონაჟთანაა შერწყმული.

ის აკვირდება თავის ცხოვრებას, რომელიც მამის, საზოგადოებისა და საკუთარი ქვეცნობიერი სურვილების მსხვერპლი ხდება. დე ბლესის ნახატი წინასწარი ნიშანია იმისა, რომ ვოინიჩი „მსხვერპლშეწირვის“ შედეგად გათავისუფლდება.

აბრაამი, როგორც მამის ფიგურა, წარმოადგენს ძალაუფლებას, რომლის გავლენასაც ვოინიჩი მთელი ცხოვრების განმავლობაში განიცდის. მისთვის ძალაუფლების არსი ისაა, რომ მამა-აბრაამი მუდმივად მასთან იმყოფება, როგორც “რელიგიური ავტორიტეტი”, რომელსაც შეუძლია განსაზღვროს შვილის სქესობრივი მიკუთვნებულობა და პიროვნული ხასიათი. ნახატი ასახავს იმ მამაკაცურ სოციო-პატრიარქალურ კანონზომიერებებს, რისგანაც ვოინიჩი უნდა გათავისუფლდეს.

ნახატზე არსებული შავი წერტილი წარმოადგენს ვოინიჩის ფსიქოლოგიურ მდგომარეობას და მის შინაგან დაპირისპირებას სამყაროსთან. შავი წერტილი, რომელიც დასაწყისში თითქმის შეუმჩნეველი იყო, დროთა განმავლობაში ვოინიჩისთვის ფიზიკური და ემოციური ჭრილობების მსგავსად იწყებს ფორმის მიღებას. ამ წერტილის აღმოჩენა უკვე მინიშნებს, რომ ვოინიჩი ახლა, თავისი არამყარი იდენტობის ფონზე,  გადადის ისეთ მდგომარეობაში, სადაც გარე პირებისგან შთაგონებული პატრიარქალური ბუნება უკან იხევს და სულ უფრო მეტად უახლოვდება თავის ქალურობას.

„აბრაამმა მოკლა ისააკი, ხოლო ვისაც ბიბლია შემდგომში მოიხსენიებს, სხვა ვინმეა, ის, ვისითაც მოკლული ისააკი ჩაანაცვლეს.“

ვოინიჩი მომკლა მამამ, მსხვერპლად შესწირა პატრიარქალურ სამყაროს, ხოლო ის, ვისაც რომანის ბოლოს ვხედავთ, სხვა ვინმეა.

ყოველ წელს, გვიან შემოდგომით, ნოემბრის პირველი სავსემთვარეობისას, კათოლიკური წმინდა მარტინის დღესასწაულის დამდეგს, ტყეში ერთი ადამიანი იღუპება…  მსხვერპლი ყოველთვის ახალგაზრდა მამაკაცია, გიორბერსდორფი კი სიკვდილის უგულებელყოფის სივრცედ იქცევა.  მსხვერპლს ადგილობრივები წინასწარ ირჩევენ, არჩევანი ამჯერად ვოინიჩზე შეაჩერეს. ის უნდა გახდეს ტუნჩებისა და ემპუსების ნადიმი. ადგილობრივთა ჩანაფიქრი ვერ ასრულდება, ემპუსები უარს ამბობენ ვოინიჩის მსხვერპლად მიღებაზე, აქ აშკარაა, რომ კითხვა უნდა დავსვათ — რატომ უარყვეს დემონებმა ვოინიჩი? სავარაუდოდ, ეს სწორედ მის ქალურ საწყისებს უკავშირდება, ვოინიჩი უკვე შეეწირა მსხვერპლად, მან უკვე გაიარა ტრანსფორმაციის გზა, უკვე გადალახა შიშები, რომლებიც ყველა მამაკაცს მართავს. შესაბამისად, ქალი დემონები ქალს მსხვერპლად არ იღებენ.

რომანის დასასრულს, დე ბლესის ნახატში ვბრუნდებით, იმ შავ წერტილში, რომელიც ახლა უკვე გარჩევადია, ვოინიჩი კლარა ოპიცი ხდება და გიორბერსდორფიდან წასვლისას აღმოაჩენს, რომ მთელი ამ დროის განმავლობაში ფრაუ ვებერისა და ფრაუ ბრეხტის სახლთან აღებული მარცვალი პიჯაკის ჯიბეში ედო. ეს მარცვალი იმ სამართლის მარცვალია, რომელიც ყველამ ვიცით და საკუთარ თავებს დიდი ხნის განმავლობაში ვუმალავთ.