ლორკას ბედისწერა და თავისუფლება – ია კარგარეთელი გირჩევთ

ფედერიკო გარსია ლორკა
„ბოშური რომანსერო“
შეუძლებელია, ფედერიკო გარსია ლორკას ლექსები წაიკითხო და არ იგრძნო მათში მობობოქრე ვნება, სინაზე და იდუმალება, მისი შემოქმედება დღესაც ისეთივე ცოცხალია, როგორიც მრავალი წლის წინ იყო.
„ბოშური რომანსერო“ სრულიად შემთხვევით ჩამივარდა ხელში და კითხვა რომ დავიწყე, პირველსავე გვერდიდან სხვა სამყაროში აღმოვჩნდი – სამყაროში, სადაც უწყვეტად ისმის სიმღერა თავისუფლებაზე, სიყვარულზე, ადამიანის გულში ჩაბუდებულ ვნებებსა და უსასრულო მწუხარებაზე, ბედთან ჭიდილსა და ცხოვრებასთან ბრძოლაზე.
ლორკას პოეზია სავსეა სიმბოლოებით, აქ ყველაფერი ცოცხალი და ჟღერადია: მთვარე მხოლოდ კი არ ანათებს, არამედ მღერის, მინიშნებებს გიგზავნის, ნუგეშს გგვრის და ზოგჯერ გსჯის კიდეც; სისხლი სიცოცხლის პულსია, ხოლო ქალი მარადიული სიყვარულის სიმღერა, ცასა და მიწას შორის რომ ისმის, თავისუფლება და ნეტარება.
„ბოშური რომანსერო“ გამორჩეული კრებულია, ესაა ლექსები ბედისწერაზე, თავისუფლებასა და ადამიანად ყოფნის უკურნებელ სევდაზე.
ყველასგან გამოარჩევ ლორკას სტილს, სტროფებში ჩაქსოვილ განცდებს. მისი ნაწერი ნაზი და ცოცხალია, ყოველი სიტყვა გაჟღენთილია ესპანური გიტარის ჰანგებით, უძილო ღამეებითა და ოცნებებით. ბოშები, რომლებზეც პოეტი გვიყვება, ამ ერთი ეროვნების ხალხს არ გულისხმობს, „ბოშა“ მის ლექსებში თავისუფალი ადამიანის სიმბოლოა, რომელსაც ჩარჩოებში ვერ მოაქცევ, ვერ შებოჭავ, თავისუფლებისკენ, ოცნებებისკენ მავალ გზას ვერ გადაუღობავ დაბრკოლებებით, რადგან ვნების ცეცხლი, რომელიც მის გულში ანთია, შიშზე აღმატებულია.
კითხვის დროს ისეთი განცდა მქონდა, თითქოს პოეტი ყველაზე სათუთ და აღმატებულ საკითხებზე მეჩურჩულებოდა: სიყვარულზე, ერთგულებაზე, სიცოცხლესა და სიკვდილს შორის გაჩაღებულ უსასრულო ბრძოლასა და თავისუფლების წყურვილზე.
სიყვარული, რომელსაც გაბრიელ გარსია ლორკა აღწერს, თვინიერი და ჩუმი კი არა, მებრძოლი და ყოვლისმყრობელია, ის გაცოცხლებს, ვნების ცეცხლით გწვავს, დანებების უფლებას არ გაძლევს, ხან მთვარეს გიგზავნის დამხმარედ, ხან კი განსაცდელის მეშვეობით გიბიძგებს მოქმედებისკენ; მას ვერ მოატყუებ და ვერც ხელიდან დაუსხლტები.
ჩემთვის ლორკას შემოქმედება ჩინებული მაგალითია იმისა, რომ ლექსები მხოლოდ ლირიკა და ლამაზი სიტყვები არ არის, პოეზია სიცოცხლე, იდუმალება და მისტიკაა, რომელსაც ბოლომდე ვერასდროს ჩასწვდები და ამოიცნობ.
ია კარგარეთელი