ბლოგი

Memento Memorias-  პოეზია სიკვდილის შესაყოვნებლად – ალექსანდრე ლორთქიფანიძე

დე,

რამდენი დღე გავიდა, რაც შენი ახალი კრებული წავიკითხე და სიტყვებისთვის თავის მოყრა გამიჭირდა. შენი ლექსებით ყოველთვის აღფრთოვანებული ვიყავი, ყოველთვის მიყვარდა, სხვადასხვანაირად. თავიდან ადრინდელები უფრო, ხმელები – ნაკლებად. მერე ხმელებიც დავაფასე, ალბათ, ასაკი და გამოცდილება უნდა მომმატებოდა, რომ გამეგო. მაგრამ ეს კრებული სულ სხვაა. ისეთი სათაურია, ცოტა შემშურდა, მე რომ არ მომაფიქრდა, მით უფრო, რომ კონცეპტუალურადაც გამართული ალუზიაა, არა მხოლოდ სიტყვების თამაშისთვის.

სერ ალექს ფერგიუსონი ორიოდე წლის წინ ძალიან ცუდად გახდა, გულის შეტევა ჰქონდა და ძლივს გამოგლიჯეს ხელიდან სიკვდილს. ოპერაციის შემდგომ ინტერვიუში ჟურნალისტი ეკითხება, ყველაზე მეტად რისი შეგეშინდათ, როცა სიკვდილს ჩახედეთ თვალებში, რისი დაკარგვისო და ფერგი პასუხობს: Memories.. Memories… – თავისი შოტლანდიური აქცენტით ისეთი გულწრფელია, მაშინ პირველად დავფიქრდი, რას ნიშნავს ადამიანისთვის მოგონებები და ამ მოგონებების გაქრობის შიში.

შენმა კრებულმა საკუთარ შიშებთან შემახვედრა. ხომ არსებობს ჭეშმარიტება, რომ თითოეული დღით სრულად უნდა იცხოვრო და ყოველი მორიგი დღის გათენება გიხაროდეს. მაგ ჭეშმარიტების მედალს მეორე მხარეც აქვს, ეგ გათენებული დღეები ღამდება და დრო გადის და იცი, რომ ნაკლები დღე დარჩა, ვიდრე გუშინ იყო. თუმცა, ერთადერთი, რაც ყველაზე მძაფრად რჩება – მოგონებებია.

შენი ლექსები ნელა უნდა იკითხო, ასე ვერ ჩაიკითხავ, ერთი ხელის მოსმით, წყალივით. წყალს არ ჰგავს შენი ლექსები, უფრო მიწაა, მიწამაც ხომ იცის გადაადგილება, შეიძლება მილიონობით წელი დასჭირდეს, მაგრამ ქანები ხომ გადაადგილდებიან – მაგ ტემპით უნდა იკითხო, რადგან ყველა ფრაზის მიღმა ცალკე ამბებია. არცერთი ზედმეტი ფრაზა და არცერთი გადასახტომი. ხანდახან მგონია, რომ ერთი ლექსი ცალკე ლექსების კრებულია, რომელთაგანაც თითოეულისგან თითო სტრიქონი დატოვე, ყველაზე მნიშვნელოვანი და მერე მათგან ერთი ლექსი ააწყვე.

განსაკუთრებით იმოქმედეს ამ ლექსებმა: „ამონაწერი ავად ყოფნის ისტორიიდან“ – ფანტასტიკურია, „შირმა“ – კრებულის პოდიუმზეა, „ლექსების ბიოგრაფია“ – ეს ვიცოდი, ხომ? კითხვისას გრძნობა მქონდა, რომ მიყვარდა ეს ლექსი. „ფოთოლცვენის ამბავი“ – ეს ლექსი, საერთოდ, ჰაიკუს ძალას ფლობს, ნახატი დამანახა. „მამაჩემის კინო“ – დიდებულია! „წერილი მოსამართლე N-ს“ – ეს აბსოლუტურად არაშენეული ლექსია, მაგრამ გადასარევია, ისეთი ზუსტი მიგნებაა და ისეთი კარგია, ვიზეპირებ. შენ ხომ გიწერია, ჩემს ლექსებს ვერ დაიზეპირებენო, ეს უნდა დავიზეპირო.

მთლიანობაში, ვფიქრობ, ეს შენი საუკეთესო კრებულია, ყველაფერმა ერთად მოიყარა თავი, რაც შენი პოეზიის ნაყოფია – დაწურულობამ, ემოციურობამ, ამბებმა, გულწრფელობამ – სხვა რომ ვერ გაბედავს ისეთმა მეტაფორებმა და ალეგორიებმა, რომლებშიც ცალკე უნდა იმოგზაურო, რომ ყველაფერი გაიგო და სიმძიმემ, რომელიც სარკეში გახედებს, საკუთარ შიშებთან გაყენებს და გაიძულებს, ძლიერი იყო და ლექსები წერო, რომ სიკვდილი ცოტათი მაინც შეაყოვნო.