მთავარი » წიგნები » გიორგი კეკელიძე – ძველი სიმღერები

გიორგი კეკელიძე – ძველი სიმღერები

ავტორი: გიორგი კეკელიძე

შემოქმედი კი არ ირჩევს თემატიკა იქნება, ხედვის რაკურსი თუ ენობრივ-სტილური თავისებურება, არამედ: თემატიკა, ხედვის რაკურსი თუ ენობრივ-სტილური თავისებურება ირჩევს შემოქმედსაც და მის სვლასაც ამ გზაზე – გარდასახვებიანად, შემობრუნებებიანად, ნიღბებიანად. ყველაზე ხელშესახები გიორგი კეკელიძის სიმღერათა ამ ორ დინებას შორის აღმოჩნდებოდა სწორედ ზმანება, ერთში – იდუმალებიდან ამომზევებული, ხოლო მეორეში – კიდევ უფრო ჩაძირული იდუმალებაში, ოღონდ მზეც რომ თან უნდა ჩაჰყოლოდა, გახსენებად ზეცის არსებობისა, რათა:
მისი უქონლობა მთელი ძალით განეცდევინებინა მკითხველისათვის და მოენდომებინა კვლავაც ზიარება იმ დაკარგულ სამყაროსთან, რომელიც ყოფით რეალობად ეგულებოდა და მშვიდადაც უმზერდა, როგორც უკვე მოპოვებულს.
როსტომ ჩხეიძე

მე მის ახალ „ძველ სიმღერებს“ „ადამიანის მარადიული დარდის სიმღერებს“ დავარქმევდი. ვკითხულობ ამ სიმღერებს და კიდევ ერთხელ ნეტარებით ვეფლობი მის ასე თავისებურ და ასე უცნაურად მიმზიდველ სამყაროში, სადაც „ქარში ნისლის ნაწნავები გახლართულან“, სამყაროში, სადაც „ყველაფერი გვიან იყო და არის“, სადაც გვიანია შემოდგომა, სახლში გვიან ბრუნდება მამა, შუქი მოდის გვიან, შენ ვერ ბედავ სიყვარულში გამოუტყდე იმას, ვინც გიყვარს… და გაგვიანდება… გაგვიანდება სიყვარული.
ლანა ღოღობერიძე

გიორგი კეკელიძის ლექსების ახალ კრებულში – „ძველი სიმღერები“ ხანგრძლივი ბრძოლაა გამართული ლირიკულ გმირსა და სამყაროს, კულტურასა და ბუნებას შორის. კრებულის მთავარი მეტაფორა ცოდვილი ადამიანისა და უმწიკვლო მზის შეტაკებაა. ადამიანი მძიმე ვინმეა, ათასი რამ სჭირდება, ხოლო სოკრატეს და პლატონის მზე უანგაროა, ძველი ღმერთებისგან განსხვავებით, მას მსხვერპლი არ სჭირდება, ჩვენი მაცხოვარიც უანგაროა, ჩვენგან არაფერი სჭირდება, მაინც ვუყვარვართ, მაგრამ სოკრატემდელი და მაცხოვრისშემდეგი ძველი და ახალი მზე მსხვერპლს ითხოვს, გულის სისხლს ითხოვს. და თუ ეს ასე არ იქნება, ის ჯერ „არსაიდან“ ამოვა, ხოლო შემდეგ „აღმოხდების“ სულაც დასავლეთიდან. კულტურით მარადიულად უკმაყოფილო ადამიანს კულტურა სჭირდება, მას მუდმივად ეჩვენება, რომ კულტურა აკლია, ყველაფერს უმსა და ნედლს სთავაზობენ, ყველაფერს კულტურის მთავარი აგენტი – მეტაფორული მარილი აკლია და ლირიკული გმირი „გადის მარილზე“, უმზეობაში, ჰადესში, თანატოსში.
ლევან ბერძენიშვილი

▼ Show more

კატეგორია: ქართული პოეზია

ISBN: 9789941319396

ჟანრი

გამოცემის წელი

2026

ენა

გვერდები

ფორმატი

ყდა

ნაწარმოების ენა

ორიგინალი