გვანცა ჯობავა
გვანცა ჯობავა – პოეტი, მთარგმნელი, გამომცემლობა „ინტელექტის“ საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ხელმძღვანელი, გამომცემელთა მსოფლიო ასოციაციის პრეზიდენტი.
დაიბადა 1986 წელს თბილისში. 2007 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტი, სპეციალობით საგამომცემლო-სარედაქციო საქმე. 2009 წელს კი, ამავე უნივერსიტეტში მიიღო მაგისტრის ხარისხი სპეციალობით განათლების სისტემის მართვა და ადმინისტრირება. მისი ლიტერატურული დებიუტი 2009 წელს ჟურნალ „ლიტერატურულ პალიტრაში“ შედგა, სადაც პირველად გამოქვეყნდა მისი ლექსები. მისი პირველი საავტორო წიგნი „5 ბავშვი 5 თბილისი“ „ელფის გამომცემლობამ“ საბავშვო ლიტერატურის ჟანრში გამოსცა.
2012 წელს გამომცემლობა „ინტელექტში“ გამოვიდა მისი სადებიუტო პოეტური კრებული „კარდიოგრამა“ და სადებიუტო თარგმანი, ამერიკელი მწერლის სოლ ბელოუს „მისტერ სამლერის პლანეტა“. მას შემდეგ მან არაერთ თარგმანზე იმუშავა და 2015 წელს გამომცემლობა „არტანუჯის“ მიერ გვანცა ჯობავას თარგმანით გამოცემული ჯონ სტაინბეკის „თაგვებსა და ადამიანებზე“ ლიტერატურული პრემია „საბას“ 2016 წლის საუკეთესო თარგმანების მოკლე სიაში მოხვდა. გვანცა ჯობავას თარგმანებს შორისაა ასევე ანა პოლიტკოვსკაიას „პუტინის რუსეთი“, ჯონ ლენონის „როგორც მეწერება“, ჩინუა აჩებეს „ყველაფერი ნაცარტუტად იქცევა ბოლოს“, ვოლოდიმირ ზელენსკის „გზავნილი უკრაინიდან“, ზორა ნილ ჰარსტონის „მათი თვალები ღმერთს შეჰყურებდნენ“ და სხვა.
2014 წელს გამოიცა მისი სამოგზაურო რომანი „Check-In“. 2015 წელს კი გვანცას ლექსები ითარგმნა სომხურ ენაზე და გამომცემლობა „ანტარესის“ მიერ გამოიცა პოეტურ ანთოლოგიაში „7 სახელი“. 2018 წელს ბესიკ ხარანულის „კარტოფილის ამოღების“ ინგლისურენოვანი თარგმანი გვანცა ჯობავასა და ამერიკელი მთარგმნელის ილან სტავანსის ავტორობით, ამერიკულ ონლაინ ჟურნალში THE COMMON გამოქვეყნდა.
გვანცა ჯობავა 2010 წლიდან დღემდე გამომცემლობა „ინტელექტის“ საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურისა და თარგმნილი ლიტერატურის დეპარტამენტის ხელმძღვანელია. ასევე ითავსებს ლიტერატურული აგენტის ფუნქციასაც და ქართული ლიტერატურის პოპულარიზაციის მიზნით ყოველწლიურად მონაწილეობს ფრანკფურტის, ლონდონის და სხვა საერთაშორისო წიგნის ბაზრობებზე. 2018 წელს ბრიტანულ გამომცემლობა „კომა პრესში“ გვანცა ჯობავასა და ბრიტანელი რედაქტორის ბეკა პარკინსონის რედაქტორობით გამოიცა ქართველი ავტორების მოთხრობების ანთოლოგია „წიგნი თბილისზე“. 2017 წელს გვანცა ჯობავას ინიციატივით, თბილისს ლიტერატურის დარგში 2015 წლის ნობელის პრემიის ლაურეტი, ბელარუსი მწერალი სვეტლანა ალექსიევიჩი ეწვია და ქართველ მკითხველს შეხვდა.
2013-2022 წლებში გვანცა ჯობავა იკავებდა საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ბორდის წევრის, თავმჯდომარის მოადგილისა და თავმჯდომარის პოზიციებს. ასოციაციაში საქმიანობის ფარგლებში, იგი იყო ფრანკფურტისა და ლონდონის წიგნის ბაზრობებზე საქართველოს ეროვნული სტენდების თანაორგანიზატორი. 2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე კი, საქართველოს, როგორც საპატიო სტუმრის პროექტის საგამომცემლო პროგრამას ხელმძღვანელობდა. 2017-2018 წლებში მისი ორგანიზებით, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე ორჯერ მოეწყო ქართველი ავტორებისა და გამომცემლების მშვიდობიანი აქცია-პერფორმანსი STOP RUSSIA! ამავე წლებში იგი ხელმძღვანელობდა ყოველწლიურ ლიტერატურულ ღონისძიებებს: თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი და თბილისის წიგნის საახალწლო ფესტივალი. 2016 წელს მისი ინიციატივით დაფუძნდა საქართველოში წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე, რომელიც მას შემდეგ ყოველწლიურად აღინიშნება.
2021-2022 წლებში იუნესკოს „თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“ პროექტის ფარგლებში, მისი თაოსნობით დაფუძნდა თბილისის პირველი საბავშო წიგნის ფესტივალი და საბავშვო ლიტერატურის პრემია „ნაკადული“; ასევე ჩატარდა კავკასიისა და შავი ზღვის აუზის ქვეყნების პირველი რეგიონული საგამომცემლო კონფერენცია.
2018 წელს გვანცა ჯობავა გახდა პირველი ქართველი გამომცემელი, რომელიც ჟენევაში დაფუძნებული, 130 წლიანი ისტორიის მქონე გამომცემელთა მსოფლიო ასოციაციის (IPA) 15 კაციანი აღმასრულებელი ბორდის წევრად არჩევნების გზით აირჩიეს. მას შემდეგ იგი გახდა ამავე ასოციაციის სახელმძღვანელოების გამომცემელთა მსოფლიო ფორუმისა და გამოცემის თავისუფლების კომიტეტის წევრი და IPA-ს ინკლუზიური განათლებისა და წიგნიერების კომიტეტში წიგნიერების ქვეკომიტეტის ხელმძღვანელი.
2023 წელს გვანცა ჯობავა გამომცემელთა მსოფლიო ასოციაციის ვიცე პრეზიდენტად, 2025 წელს კი ამავე ასოციაციის პრეზიდენტად აირჩიეს.
აჩვენებს %d შედეგს
