ბლოგი

ერთგული მკითხველის ბლოგი – ირინა გურული

ნინო ხარატიშვილის შესახებ პირველად ათი წლის წინ, ჩემი გერმანელი მეგობრისგან გავიგე. ის აღფრთოვანებული მიყვებოდა, „მერვე სიცოცხლე (ბრილკას)“ შესახებ, დეტალურად აღმიწერდა ოჯახური საგის პარალელურად განვითარებულ ისტორიულ მოვლენებს. მისი თქმით, ნინომ გერმანელებს საქართველო ახლებურად დაანახა, როგორც ევროპული ცივილიზაციის განუყოფელი ნაწილი, თავისი რთული ისტორიითა და მდიდარი კულტურით. მისმა წიგნებმა ევროპელი მკითხველის ინტერესი გააღვივა საქართველოს მიმართ, ზოგს კი წიგნში აღწერილი ადგილების საკუთარი თვალით ნახვის სურვილი გაუჩინა.
მოგვიანებით, გამომცემლობა „ინტელექტმა“ ნინოს პირველი რომანი ქართულ ენაზე გამოსცა და ჩემი მოგზაურობაც მაშინ დაიწყო: მეოცე საუკუნის საქართველოს ისტორიის სხვადასხვა ეპოქაში. ეს იყო მოგზაურობა სიყვარულის, მეგობრობის, ერთგულების, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი ადამიანების მარცხის და გამარჯვევების კვალდაკვალ.
ნინოს წიგნები არის წარსულზე, აწმყოსა და მომავალზე, იმაზე, თუ როგორ უნდა შევიმეცნოთ ისტორია დღეს – მომავლის გაკვეთილების სასწავლებლად.  ნაწარმოებებში აღწერილი საბჭოთა ტოტალიტარული წარსული კიდევ ერთხელ გვახსენებს, თუ როგორ მოქმედებს რეჟიმი რიგითი ადამიანების ცხოვრებაზე – რა გავლენას ახდენს თავისუფლების, ადამიანის უფლებების შეზღუდვა საზოგადოების განვითარების უკუსვლაზე.
ჩემთვის ნინო ხარატიშვილი საქართველოს ევროპული მომავლის კულტურული სიმბოლოა.
ირინა გურული