2015 წელს ტამილელმა მწერალმა პერუმალ მურუგანმა ლიტერატურული თვითმკვლელობა ჩაიდინა. „მწერალი პერუმალ მურუგანი მკვდარია“, დაწერა მან საკუთარ ფეისბუქ გვერდზე, „თავი დაანებეთ“. მან მითითება მისცა თავის გამომცემლებს, მისი წიგნების გაყიდვა შეეწყვიტათ და მკითხველებს კი მათი დაწვა სთხოვა.
თვეების განმავლობაში მასზე ნადირობდნენ მემარჯვენე ინდუსების ჯგუფები, რომლებმაც მიზანში ამოიღეს მისი ძველი რომანი „ნახევარქალი“ (2013 წ.), მასში აღწერილი რელიგიური დღესასწაულის გამო, რომლის დროსაც უშვილო ქალებისთვის, დაფეხმძიმების მიზნით, ნებადართული იყო დაწოლა სხვა კაცებთან. არავითარი დამღა – ერთი ღამით ყველა კაცი ღმერთად იყო მიჩნეული და თითოეული ჩასახული ბავშვი ნახევარღმერთად. მიუხედავად იმისა, რომ მურუგანი ირწმუნებოდა, ამ ჩვეულების კვალს მის მშობლიურ მხარეში, ტამილ ნადუში მიაგნო, ფუნდამენტალისტებმა მასშტაბური კამპანია მოუწყვეს და ინდუსი ქალების შეურაცხყოფაში დაადანაშაულეს. წიგნს წვავდნენ ქუჩებში და ითხოვდნენ მის აკრძალვას. ხელისუფლებამ აიძულა ავტორი ჯერ ბოდიში მოეხადა, შემდეგ კი საკუთარი სოფლიდანაც გაქცეულიყო. მისი თქმით, იგი „მოსიარულე გვამად“ იქცა.
ინგლისურიდან თარგმნა ლალი ყუშიტაშვილმა
პერუმალ მურუგანი (1966 წ.) ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ინდოელი მწერალია ტამილის მხარიდან. ის ნატიფი, ლირიკული ენით წერს, საზღვრებში მოქცეულ ცხოვრებაზე და ავტორია ცხრა რომანის, მოთხრობების ოთხი კრებულისა და ოთხი პოეტური ანთოლოგიის. მისი რომანებიდან შვიდი ინგლისურ ენაზეა თარგმნილი. პერუმალ მურუგანს მისმა ნაწარმოებებმა საქვეყნო აღიარება და რამდენიმე ეროვნული ჯილდო მოუტანა.