„შემთხვევითი არ არის, რომ ნათელა ჯანელიძის პოეტური კრებული „არყოფნის“ ლექსით იწყება, რადგან ეს წიგნი თავიდან ბოლომდე არყოფნის წიგნია.
სივრცე, რომელშიც ვხვდებით, დაუცველობითა და წინააღმდეგობებითაა სავსე და ადამიანური გამოცდილების მრავალ ასპექტს მოიცავს. ჩვენ ვხედავთ ავტორს, როგორც გარე დამკვირვებელს საკუთარ ტკივილებზე, მარტოობაზე, იზოლაციასა და ლტოლვაზე. ამიტომ წიგნის კონცეფციაც სრულიად ბუნებრივია – როგორც ერთი ადამიანის, ერთი ცხოვრების არასწორხაზოვნება.
კრებული ოთხი ნაწილისგან შედგება – „შავი პირანია“ (მარტოობისა და განდგომის ტექსტები), „ქარიყლაპია პირანია“ (ტკივილიანი სიყვარულის ტექსტები), „წითელმუცელა პირანია“ (გარესამყაროსთან ურთიერთობის ტექსტები) და „ბალახისმჭამელი პირანია“ (მეგობრობისა და სიმშვიდის ტექსტები).
თითოეულ ნაწილს შორის ინტროსპექციული ძაფებია გაბმული, რადგან აქ მოქცეული ტექსტები, თემები, სახეები ქმნის იმ ჯაჭვს, რომელიც ერთმანეთთან და სამყაროსთან გვაკავშირებს.
მარტოობა, როგორც მიღებული მოცემულობა; გაუცხოების გზა, რომელიც საკუთარი თავიდან იწყება; სიყვარული, რომელიც კურნავს და აზიანებს, მეგობრობა და წარმავალი ნუგეში, რომელიც არსებობის ქაოსში იბადება – ამ კრებულის ძირითადი ქსოვილია.
პოეტური ენა ხისტი და ლაკონიურია, სტრიქონიდან სტრიქონამდე ირონიისა და თვითირონიის ნაკადი მიედინება, თითქოს თავად სიტყვები აცნობიერებენ თავიანთ წინააღმდეგობრივ, წარმავალ და არასრულყოფილ ბუნებას. მკითხველისთვის ემოციური დისბალანსი ბუნებრივ მდგომარეობად იქცევა, რადგან ერთდროულად ტირი და იცინი, გტკივა და გიხარია.
ნათელა ჯანელიძე რთულ კითხვებზე მარტივ პასუხებს ნამდვილად არ გვთავაზობს, არც ურყევ ჭეშმარიტებას ქადაგებს და არც რაიმეში ცდილობს ჩვენს დარწმუნებას. მისი პოეზია სივრცეს ქმნის შეკითხვებისთვის, რეფლექსიისთვის, გრძნობებისთვის და, ალბათ, ყველაზე მეტად იმის აღიარებისთვის, რომ წინააღმდეგობები, გაურკვევლობა, ტკივილი და მწუხარება ტვირთი კი არ არის, არამედ ისაა, რაც ადამიანებად გვაქცევს.
და მაინც, თუ დაფიქრებულხართ იმაზე, რომ „ადამიანის მთავარი უფლება სიცოცხლის კი არა, სიკვდილის უფლებაა“?“ – თამარ მღებრიშვილი