„ქვეყანა, რომელიც უნდა ვინატროთ, და ქვეყანა, რომელში ცხოვრებაც გვეკუთვნის...“ – ეს ფიქრი თუ, გნებავთ, სურვილი აღეძვრება მკითხველს ვანო ბურდულის წიგნის, „საქართველო – არარჩეული გზა“, წაკითხვის შემდეგ და სრულიად სამართლიანადაც. ტექსტიდან მკაფიოდ ჩანს, როგორ იცნობს (და არა მხოლოდ იცნობს, არამედ იაზრებს, იკვლევს) ავტორი საქართველოს უახლეს წარსულს, ქვეყანაში განვითარებული პოლიტიკური მოვლენების ქაოსურ ბუნებასა თუ, ზოგადად, გეოპოლიტიკურ ძვრებს, რომელთა გაცნობიერების შედეგად, ორიგინალური და განსხვავებული გზით ქმნის ერთგვარ ალტერნატიულ რეალობას. ამ განზომილებაში ავტორის სამშობლოს შესაძლებელია მართლაც რომ სიტყვა „სასურველი“ შეეფერებოდეს და არა მხოლოდ „სასურველი“, არამედ „ხელშესახები“, „შესაძლებელი“, „განხორციელებადი“, ქვეყნის ისტორიული მდინარების ბორბალი სხვაგვარად რომ დატრიალებულიყო.
თუმცა ავტორის მიერ შექმნილი ეს ალტერნატიული ისტორია არ წარ მოადგენს იმედგაცრუებას წარსულის მიმართ, პირიქით ის გვიბიძგებს ვიყოთ კეთილი მომავლის შესაძლებლობით შთაგონებულნი, რადგან, როგორც ავტორი გვახსენებს, ყველაფერი, რისი წარმოდგენაც შეგიძლია, რეალურია (პაბლო პიკასო) და ამ წარმოდგენითა და რწმენით, ყველა გეოპოლიტიკური სირთულის მიუხედავად, ჩვენი ბედი ჯერ კიდევ ჩვენს ხელთაა. ჩვენს ხელთაა გავიაზროთ წარსული და დავიწყოთ საკუთარი ისტორიის თავად წერა.
ვანო ბურდული, კინორეჟისორი და სცენარისტი, დაიბადა თბილისში, 1974 წელს; დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს თეატრისა და კინოს სახელმწიფო ინსტიტუტი და მოსკოვის სცენარისტთა და რეჟისორთა უმაღლესი კურსები. არის სხვადასხვა საერთაშორისო კინოფესტივალის პრიზიორი, ავტორი ფილმებისა „გრაფიტი“, „კონფლიქტის ზონა“, „გაყინული შადრევნების წელიწადი“ და სხვა. „საქართველო – არარჩეული გზა“ მისი პირველი ლიტერატურული ნაწარმოებია, რომელიც ავტორმა 2023 წელს, საქართველოს მთავრობის მიერ „რუსული კანონის“ პირველად დაინიცირებისა და მისი თანმდევი პროტესტის ფონზე დაწერა.