ღონისძიებაზე მოწვეულმა ავტორებმა: დათო ტურაშვილმა, დიანა ანფიმიადმა და ნესტან ნენე კვინიკაძემ საჯაროდ წაიკითხეს თავიანთი ნაწარმოებები და წიგნიერების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
ღონისძიების დასკვნით საღამოზე უკვე მეორედ გამოვლინდა წლის წიგნის ქომაგი, რომელიც საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ინიციატივით დაწესდა და უკვე ტრადიციულ პრემიად იქცა.
ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ სატელევიზიო სერიალში, საუკეთესო საეთერო დროს, მთელი სეზონის მანძილზე წიგნის სრულიად შეგნებული და წინასწარგამიზნული უსასყიდლო რეკლამისთვის წიგნის ქომაგი 2017-ის პრემია გადაეცა ფორმულა კრეატივს სერიალისთვის ხელოვნური სუნთქვა და სცენარისტებს, ქეთი დევდარიანსა და დათო გაბუნიას.
იმისთვის, რომ სერიალის ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟის, თინეიჯერი გოგონას მთავარი მახასიათებელია წიგნის კითხვის სიყვარული, იმისთვის, რომ მას ქართველ თინეიჯერებში უამრავი მიმბაძველი გამოუჩნდა.
იმისთვის, რომ სერიალში, მისი სცენარიდან გამომდინარე, ფართოდ ხდებოდა მწერლებისა და საგამომცემლო საქმიანობის პოპულარიზაცია.
წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა და მას ყოველწლიურად მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში აღნიშნავენ, ღონისძიებაში მონაწილეთა რაოდენობა 31 მილიონამდე აღწევს.
საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცის მიზანია, საქართველო კიდევ ერთხელ შეუერთდეს ამ საერთაშორისო ინიციატივას და გახდეს მსოფლიოს ამ მასშტაბური ღონისძიების ნაწილი, საქართველო და მისი ქალაქები მოხსენიებული იყოს მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქების გვერდით. ჩაერთოს ბევრი ადამიანი და ვიკითხოთ წიგნი მსოფლიოსთან ერთად.