23 აპრილს, 15:30 საათზე,ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში გაიმართება ვახტანგ ჯავახაძის თარგმანის, ვლადიმერ მაიაკოვსკის
4 პოემის წარდგენა.
„მაიაკოვსკი ამბობდა: პოეზიის თარგმნა შეუძლებელია, მითუმეტეს – ჩემი ლექსებისაო.
მიუხედავად ამისა, მე მრავალი ლექსი და პოემა ვთარგმნე და მითუმეტეს – მაიაკოვსკის პოემები.
ახალგაზრდობა გათამამებს და ჩემმა ბიოგრაფიამაც მიბიძგა: მე დავასრულე ქუთაისის ვაჟთა პირველი სკოლა – მაიაკოვსკის გიმნაზია.
ჩემი პირველი ლექსი, რომელიც 1947 წელს დაიბეჭდა, მაიაკოვსკი ეძღვნებოდა.
იმავე 1947 წელს სკოლაში მოვიწვიეთ ქუთაისში ცნობილი ექიმი აპოლონ მესხი – ბიძინა კვერნაძის მეუღლის ქალბატონ ნუგეშას მამა, რომელიც მაიაკოვსკისთან ერთად სწავლობდა გიმნაზიაში.
ჩვენმა სტუმარმა გაიხსენა თავისი თანაკლასელი და მე, რაკი უკვე ლექსებს ვწერდი, მასწავლებელმა იმ მერხზე გადამსვა, რომელზედაც სავარაუდოდ ვალოდია იჯდა.
მაიაკოვსკის ლექსების გრაფიკა ავტორის ცხოვრებასავით დატეხილი და მოუსვენარი იყო.
ყველამ იცის, რომ მაიაკოვსკიმ დაწერა პოემა „Хорошо!“, მაგრამ ბევრმა შეიძლება არ იცოდეს, რომ აპირებდა დაეწერა პოემა „Плохо!“ (ამბობენ, დაწერა კიდეც და გაანადგურესო).
გალაკტიონ ტაბიძე ხშირად იხსენებდა და იხსენიებდა ვლადიმერ მაიაკოვსკის, მითუმეტეს – ბაღდათი და ჭყვიში არც ისე შორსაა ერთმანეთისაგან.
ერთხელ გალაკტიონმა იკითხა:
თუ მაიაკოვსკის სწამდა
ჩვენი ცხოვრების ხვავი,
რატომ ტიროდა, ანდა
რატომ მოიკლა თავი?
და მიუხედავად ამისა, მაიაკოვსკის ბედისწერა გაიზიარა.
და მე ვკითხულობ ახლა:
თუ გალაკტიონს სწამდა
ჩვენი ცხოვრების ხვავი,
რატომ ტიროდა, ანდა
რატომ მოიკლა თავი?
გარდა პოემებისა – მე ვთარგმნე აგრეთვე მაიაკოვსკის ერთადერთი ლექსი „გამოთხოვება“. აქვე, წინასწარი მობოდიშების შემდეგ, ამ ორსტროფიანსაც გავიხსენებ, ოღონდ მაიაკოვსკის ნერვიულ სტრიქონებს გავასწორებ და დავამშვიდებ:
დავახურდავე უკანასკნელი
ფრანკი და უკვე მელის მარსელი
და მიმაცილებს მთელი თავისი
მშვენიერებით სავსე პარიზი.
გამოაჩინა ეჭვმა კლანჭები,
გული მოითხოვს პასუხს მოზომილს,
მაგრამ პარიზში როგორ დავრჩები,
რაკი არსებობს ქვეყნად მოსკოვი?!
მოსკოვში, 1930 წლის 15 აპრილს, გაზეთმა „პრავდამ“ გამოაცხადა:
– მაიაკოვსკის თვითმკვლელობას წინ უსწრებდა ავადმყოფობა, რომლისგანაც პოეტი ვერ განიკურნა.
თბილისში, 1959 წლის 20 მარტს, გაზეთმა „კომუნისტმა“ გამოაცხადა:
– უკანასკნელ წლებში გ. ტაბიძე მძიმედ იყო დაავადებული, რამაც გამოიწვია მისი ცხოვრების ტრაგიკული დასასრული.
მთლად ზუსტი თარგმანი ვერაა, მაგრამ გამგები გაიგებს“. (ვახტანგ ჯავახაძე)