მთავარი » წიგნები » ჟურნალი ქართული მწერლობა – თებერვალი #28 2026

ჟურნალი ქართული მწერლობა – თებერვალი #28 2026

ავტორი: ჟურნალი ქართული მწერლობა

6,00 

დღევანდელ ნომერში ერთმანეთის გვერდით აღმოჩნდა სამი ხმა, სამი ეპოქიდან, მაგრამ ერთი შინაგანი ძარღვით დაკავშირებული: მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა, თავისუფლების წყურვილი და მომავლის იმედი.
მწერალი ელზა გურგენიძე ჩვენთან ინტერვიუში მკაცრ და მტკივნეულ დიაგნოზს სვამს:
„საბჭოთა სისტემა თუ ციხე იყო, დღევანდელი საქართველო ჭაობია, საიდან ამოსასვლელადაც მხოლოდ ფეხების აქტიური ქნევა არ გვიშველის“.
ეს სიტყვები მეტაფორად კი არა, მოქალაქეობრივ მოწოდებად ჟღერს. ავტორი გვახსენებს, რომ სპონტანური აღშფოთება საკმარისი არ არის; საჭიროა „თანმიმდევრული, სწორად გათვლილი და მიზანმიმართული მოქმედებები“. დღეს, როგორც არასდროს, – ამბობს იგი, – გვჭირდება სოლიდარობა და ძირითად პრინციპებზე შეთანხმებული მოქმედება. ეს არის გონიერებისა და თანადგომის გზით „რუსული რეჟიმის ბალოტების“ დაშრობის რწმენა.
ამ მოწოდებას ისტორიული ექო აქვს. 1874 წელს ჟენევაში მყოფი იონა მეუნარგია წერდა:
„ესეც ევროპა, ესეც ახალი ცხოვრება!“.
მისი სიტყვები ქართველის სიხარულს და ტკივილს ერთდროულად ატარებს – თავისუფლების აღმოჩენის სიხარულს და სამშობლოს მძიმე მდგომარეობის გაცნობიერებას.
მეუნარგიასთვის ახალი ცხოვრება არ იყო მხოლოდ გეოგრაფიული გადაადგილება; ეს იყო შინაგანი გარდატეხა. ის ახალგაზრდობას მოუწოდებდა, ებრძოლათ „საზოგადო ბოროტების“ წინააღმდეგ, ემოქმედათ სინდისიერად და თავი აერიდებინათ პიროვნული ლანძღვისა და ქიშპობისთვის.
როგორი თანამედროვეა ეს გაფრთხილება!
საზოგადოებრივი ბრძოლისას ყველაზე ადვილად სწორედ ერთმანეთის წინააღმდეგ მობრუნება გვჩვევია, მაშინ როცა საერთო მტერი შეუმჩნევლად ძლიერდება.
ამ ორ ხმას მოულოდნელად ერთვება პოეტური ხედვა ბესიკ ხარანაულისაგან. მისი სტრიქონები – „ათას წლის შემდეგ სინამდვილე იქნება კარგი“ – თითქოს დროის უსასრულო ჰორიზონტს გვიხსნის. იქ, სადაც „წყალი მწყურვალს წინ დაედგმება“.
სამივე ტექსტი, ინტერვიუც, ჩანაწერიც და პოეტური წინასწარმეტყველებაც – ერთ საერთო აზრამდე მიგვიყვანს:
საზოგადოებრივი გარდაქმნა იწყება შინაგანი პასუხისმგებლობით, გრძელდება სოლიდარობით და სრულდება რწმენით, რომ ჩვენი ძალისხმევა უშედეგო არ არის.
თუ XIX საუკუნის ქართველი მოაზროვნე ევროპიდან გვწერდა: „მშვიდობა შენდა, ახალო ცხოვრებავ“, ხოლო XXI საუკუნის მწერალი ჭაობიდან ამოსვლის სტრატეგიას გვთავაზობს, პოეტი ათასწლეულის მიღმა გვაჩვენებს სინამდვილის გამთლიანებულ სახეს.
ჩვენი ამოცანაა, ეს სამი დრო: წარსული, აწმყო და მომავალი ერთ მოქმედებად ვაქციოთ.
სწორედ ამას ემსახურება ჟურნალი „ქართული მწერლობა“:
სიტყვით დავიწყოთ ის, რაც საქმედ უნდა იქცეს!..
🖊️ რედაქტორებისგან
📰 ჟურნალის ახალ ნომერში წაიკითხავთ:
▪️ბესიკ ხარანაული — ახალი ლექსები
▪️ეკატერინე ტოგონიძე — სიცივე (მოთხრობა)
▪️ინტერვიუ ელზა გურგენიძესთან — „ზაოდი“ ჩემი ქვეცნობიერის სარკეა, ფირია, მაგრამ მკითხველისთვის ის გამადიდებელი ლინზაა (ესაუბრა თამარ მღებრიშვილი)
▪️კატია ვოლტერსი — მთარგმნელის დღიური (ოლგა ტოკარჩუკის „წიგნები იაკობისა“)
▪️თინათინ ჩოხელი — ვისი სული ვის ხელშია? (რეცენზია მიკოლაი ლოზინსკის „სტრამერზე“)
▪️ინტერვიუ ქეთი ქანთარიასთან — „რაც ხელოვნებაში კეთდება, ყველაფერი არ აიხსნება“ (ესაუბრა თამარ მღებრიშვილი)
▪️ბრუნო შულცი — კომეტა (პოლონურიდან თარგმნა კატია ვოლტერსმა)
▪️გიორგი შარაშენიძე — ჩემი სამშობლო მღრღნელი იყო (რეცენზია ივა ფეზუაშვილის „ედელვაისებზე“)
▪️იონა მეუნარგია — ევროპის დღიურები
▪️ვიქტორია ამელინა — არჩევანის დრო (ფრაგმეტი წიგნიდან „ვუყურებთ ქალებს – ომს ვხედავთ“) — ინგლისურიდან თარგმნა გვანცა ჯობავამ)
▼ Show more

კატეგორია: დამხმარე რესურსები

ISBN: 2009882604403

სერია

გამოცემის წელი

2026

ენა

გვერდები

ფორმატი

ყდა

არ არის მარაგში