ლევან ბერძენიშვილი – გალაკტიონი
ავტორი: ლევან ბერძენიშვილი
ჩვენი სერია ორ ტომს აერთიანებს, პირველ ტომში შერჩევითაა მიმოხილული ჩვენი ლიტერატურა სულხან-საბა ორბელიანიდან ცისფერყანწელებამდე, ხოლო მეორე ტომი მთლიანად გალაკტიონს ეძღვნება.
ეს წიგნი ახალგაზრდა მკითხველზეა გათვლილი და არაა გადატვირთული სოფისტიკით, მეცნიერული წიაღსვლებით ან გალაკტიონის ბგერწერაზე, მეტრიკასა და მეტაფორისტიკაზე ამომწურავი საუბრებით.
წიგნში შევეცადე, წარმომედგინა ჩემი პირადი დამოკიდებულება გალაკტიონისადმი.
და როგორია ჩემი პირადი დამოკიდებულება ჩვენი პოეზიის უკანასკნელი გენიოსისადმი?
გალაკტიონი არის მეოცე საუკუნის მსოფლიო პოეტი. როგორც რომაელი დრამატურგი, ტიტუს მაკკიუს პლავტუსი ამბობდა, Nomen est omen „სახელი თავად ლაპარაკობს საკუთარ თავზე“, გალაკტიონი არის გალაქტიკა, კოსმოსური პოეტი. შედევრების რიცხვით მას, ალბათ, ვერავინ ვერასოდეს ვერ გაუტოლდება. ჩვენ უბრალოდ ვალდებული ვართ, რომ ეს განძი მსოფლიოს ვაჩუქოთ. დიახ, გალაკტიონი მსოფლიოს ეკუთვნის და მსოფლიო მას საერთოდ არ იცნობს. იყო რამდენიმე გამონაკლისი, როდესაც ზოგიერთმა ჩვენმა კეთილმოსურნემ მსოფლიოს გალაკტიონი უხსენა ან გაახსენა, ან შეახსენა (ვგულისხმობ ბორის პასტერნაკის მაღალ შეფასებას, როდესაც ნობელიატმა პოეტმა ბრძანა, ბარათაშვილს, შექსპირსა და გოეთეს შევბედე თარგმნა და გალაკტიონს ვერ შევბედეო; ბულატ ოკუჯავას მიერ იტალიური გამოცემისთვის მიცემულ ინტერვიუში გალაკტიონის მსოფლიოს ნომერ პირველ პოეტად დასახელებას; ასევე ბელა ახმადულინას ყველაზე უფრო ადეკვატურ თარგმანებსა და მშვენიერ სიტყვას გალაკტიონზე ნიუ-იორკში), მაგრამ ეს მხოლოდ ზღვაში წვეთია. ის ამბავი, რომ ზოგიერთ კულტურაში გალაკტიონი ცნობილია მხოლოდ როგორც ტიციანის ბიძაშვილი, კიდევ ერთხელ მიგვითითებს იმ სამუშაოთა მოცულობაზე, რომელიც დღევანდელი თაობის გასაკეთებელია.
ლევან ბერძენიშვილი
კატეგორია: საყმაწვილო ლიტერატურა
ISBN: 9789941319464
| სერია | |
|---|---|
| ჟანრი | |
| გამოცემის წელი |
2026 |
| ენა | |
| გვერდები | |
| ფორმატი | |
| ყდა | |
| ნაწარმოების ენა |
ორიგინალი |
