arrow
კატეგორიები
arrow
ავტორები
ავტორი
დავით წერედიანი
დავით წერედიანი
დაიბადა 1937 წლის 12 აგვისტოს აბაშაში, სოფელ ქოლობანში. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1960 წელს დაამთავრა, 1963 წლიდან კი მუშაობდა შოთა რუსთაველის სახელობის ლიტერატურის ინსტიტუტში.
 
 
დავით წერედიანის ყველაზე ცნობილ თარგმანებს შორისაა ფრანსუა ვიიონის „დიდი“ და „მცირე ანდერძი“, რომელიც გამოქვეყნებისთანავე განსაკუთრებულ ლიტერატურულ მოვლენად შეფასდა, ისევე როგორც იოჰან ვოლფგანგ გოეთეს „ფაუსტი“, რომლის პირველი და მეორე ტომების თარგმანისთვის დავით წერედიანს 2012 და 2018 წლებში პრემია „საბა“ მიენიჭა. ამავე პრემიით 2014 წელს საგანგებოდ აღინიშნა დავით წერედიანის მიერ ქართულ ლიტერატურაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილი; 2017 წელს გოეთეს ინსტიტუტმა და DVV International-მა დავით წერედიანი გივი მარგველაშვილის სახელობის პრემიით დააჯილდოვა.
 
 
სხვადასხვა თაობის მკითხველის დიდი სიყვარული დაიმსახურა დავით წერედიანის მიერ თარგმნილმა „სვანურმა სიმღერებმა (სვანური ხალხური პოეზიის ნიმუშები)“ და ძმები გრიმების ზღაპრებმა, ასევე პოლ ვალერის, არტურ რემბოს და პოლ ვერლენის პოეტური შედევრების თარგმანებმა.  
 
 
ორიგინალური შემოქმედებიდან აღსანიშნავია დავით წერედიანის ბრწყინვალე პოეტური კრებული „ორიონი“ (2010 წ.), წერილების, ესეებისა და ინტერვიუების წიგნი „ანარეკლი“ (2005 წ.), რომლის ძირითადი ნაწილი ქართულ კლასიკურ პოეზიას ეძღვნება, რუსთაველიდან გალაკტიონამდე (მასში, აგრეთვე, შესულია რამდენიმე რჩეული თარგმანი) და 2018 წელს გამოცემული ჩანაწერების, დღიურებისა და პოეტის/მთარგმნელის შემოქმედებითი ლაბორატორიის ამსახველი წიგნი „თემა და ვარიაციები“
 
 
დავით წერედიანის უკანასკნელი თარგმანი – ფედერიკო გარსია ლორკას „ბოშური რომანსერო“ 2019 წლის დეკემბრის ბოლოს გამოიცა და მას გამოქვეყნებისთანავე მკითხველის დიდი ინტერესი და აღიარება მოჰყვა.
 
 
გარდაიცვალა 2019 წლის 30 დეკემბერს.
 
ავტორის წიგნები
ვრცლად