arrow
კატეგორიები
arrow
ავტორები
ბლოგი
გვანცა მგალობლიშვილის ბლოგი „აფრიკელები“
10/05/2017

დაწერილია საგანგებოდ თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალისთვის

1952 წელს, შვედეთის სამეფო აკადემიამ ნობელის პრემია მშვიდობის დარგში  მიანიჭა ადამიანს, რომელმაც თავისი ცხოვრების 50 წელი აფრიკის მოსახლეობაზე ზრუნვას მოახმარა. უკვე აღიარებულმა ფილოსოფოსმა და მუსიკოსმა, ალბერტ შვაიცერმა ოცდაათი წლის ასაკში ევროპა დატოვა და აფრიკაში, მდინარე ოგოვეს ნაპირზე, ლამბარენეში დასახლდა. კოლონიზაციის სიმძიმით დათრგუნულ და ღვთისა და კაცისაგან სრულიად მიტოვებულ ამ გარემოში შვაიცერი ადგილობრივებს ყოველდღიურობას უმსუბუქებდა, შვებას ჰგვრიდა და სნეულთა და დავრდომილთ  მკურნალობდა.

                                                                                     ალბერტ შვაიცერი

დიდი ჰუმანისტის ამ სულისსშემძვრელ ცხოვრებას თითქმის იმეორებს ჟან-მარი გუსტავ ლე კლეზიოს ავტობიოგრაფიული  რომანის – აფრიკელის – მთავარი გმირი. რომანი მწერალმა საკუთარ მამაზე დაწერა. და მამაზე, რომელმაც 30 წლის ასაკში სრულიად გაწყვიტა კავშირი ჩვეულ გარემოსთან – ევროპასთან და ნიგერიაში დასახლდა. ის იყო ერთადერთი ექიმი ოგოჟას უზარმაზარ ტერიტორიაზე და ათასობით ადამიანის ჯანმრთელობაზე ზრუნვაც მისი ვალი და ტვირთი ყოფილა. ორი ათეული წელი უმკურნალა კეთრითა და მალარიით დაავადებულ ადამიანებს და კოლონიზაციისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლასაც დიდი ენერგია შესწირა.

 

ლე კლეზიომ პირველად მამა რვა წლისამ ნახა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, გაჩანაგებული და დანგრეული საფრანგეთიდან დედასთან და ძმასთან ერთად გამგზავრებულა მის სანახავად.   

რომანის ავტობიოგრაფიული შტრიხები თავისებურ ინტიმს ანიჭებს თხრობას და მწერალი მოგვითხრობს იმ პირველი განცდების შესახებ, რომელიც აფრიკასთან შეხვედრისას და „შეხებისას“ გაუჩნდა. „აფრიკა უფრო სხეული იყო, ვიდრე სახე“ – წერს ავტორი გემიდან ჩამოსვლისთანავე განცდილ პირველ შთაბეჭდილებას. ამ შეგრძნებებიდანვე შემოდის მის თვალსაწიერში ახალი სამყარო და ეს შემოსვლა კი არაა მხოლოდ, არამედ უფრო ურთიერთშეღწევადობა. ყმაწვილს აკვირვებს იქაურობის ნაირგვარობა, სხეულთა მრავალფეროვნება და ის „ურცხვობა“ შიშველი ქალების შიშველი სხეულებიდან, მათი ზურგების ბზინვარების, კანის სუნის, სიმსუბუქისა და სითბოსგან რომ მოედინება.

ომს, შიმშილობას და ჩაკეტილობას თავდაღწეული ბავშვი აფრიკაში ნანატრ თავისუფლებას პოულობს და სულ მალე, ნიგერიელ ბიჭებთან ერთად ფეხშიშველი დარბის მდინარე ეიას წითელ დაბლობზე. რამდენადაც ახლობელი და მომხიბვლელია მისთვის აფრიკა, იმდენად შორეული და მიუღწეველია მამის უხეშობამდე მისული ავტორიტეტულობა.

 

64 წლის ლე კლეზიო აფრიკელის წინასიტყვაობაში წერს:

 

„ყოველი ადამიანი მამისა და დედის ანარეკლია. შესაძლოა არ ვაფასებდეთ მათ, არ გვიყვარდეს; შესაძლოა ეჭვის თვალითაც ვუყურებდეთ, მაგრამ ისინი აქ არიან, თავიანთი სახით, პოზით, მანერებით და ახირებებით, ილუზიებით, იმედებით, ხელის ფორმითა და ფეხის თითებით, თვალისა და თმის ფერით, ლაპარაკის მანერით, ფიქრებით, გარდაცვალების სავარაუდო ასაკით, ეს ყველაფერი კი ჩვენშია გავლილი“.

ჟან-მარი გუსტავ ლე კლეზიოს აფრიკელის ქართული გამოცემა (ფრანგულიდან თარგმნა დალი იაშვილმა, ინტელექტი, 2016 წ.)

 

აფრიკელი არის ერთგვარი მცდელობა, ზრდასრული ადამიანის პერსპექტივიდან  წარსულის გადახედვისა, რადგან მწერალი წუხს, რომ ვერ შეიყვარა მამის პიროვნება. ავტორმა ამ რომანით ერთგვარად გადაამოწმა საკუთარი სიღრმისეული განცდები და სცადა  ობიექტურად და სამართლიანად შეეფასებინა მამა.

 

აფრიკას კიდევ ერთი ნობელიანტის ბიოგრაფია უკავშირდება – იორუბის ტომში დაბადებული უოლე შოინკა, რომელიც ქრისტიანმა მშობლებმა გაზარდეს, თუმცა, პაპისგან სპირიტუალური ტრადიციებიც შეისწავლა და მოგვიანებით, თავის შემოქმედებაში დასავლეთაფრიკული ფოლკლორი და რელიგია ქრისტიანობის ელემენეტებს შეუზავა. შვაიცერის მსგავსად შოინკაც ჰუმანისტია და ისიც  აქტიურად გამოდიოდა კოლონიალიზმისა და ნეგროფილიის წინააღმდეგ. მის  ავტობიოგრაფიულ რომანში აკე – ბავშვობის წლები მწერალი გვიყვება 1934-1945 წლების აფრიკული ყოველდღიურობის, ბავშვის თვალით დანახული და მის მიერ აღქმული დრამატული მოვლენების, თავგადასავლებისა და მოგონებების შესახებ. მწერალი ასევე ხაზს უსვამს განათლების მნიშვნელობის საკითხს.

უოლე შოინკას აკე – ბავშვობის წლების ქართული გამოცემა (ინგლისურიდან თარგმნა მაია ჯიჯეიშვილმა, ინტელექტი, 2014 წ.)

 

ბავშვობისდროინდელი იმპრესიების და ცოცხალ ბუნებასთან ურთიერთობის დამსახურებით, ორივე ნობელიანტი მწერლის ლიტერატურა გამოირჩევა მხატვრული და პოეტური სახეებით, მეტაფორების სიუხვით, ლირიკულობით.

 

ლე კლეზიოსა და შოინკასთვის შავი კონტინენტი მთელი თავისი იდუმალებით, ველური გარემოთი და მრავალფეროვნებით ინსპირაციის წყარო აღმოჩნდა.



სხვა ბლოგები
  • ილია ჭანტურიას ბლოგი – „ძველი სკოლის კვალდაკვალ“
    08/10/2020
    თურმე სერგეი ეიზენშტეინს უთქვამს, კინო არის გახსენების და დავიწყებისო. როდესაც ფილმს უყურებ, საჭიროა წინა...
    ვრცლად
  • აქ. ახლა მარიო ვარგას ლიოსასთან და ლანა კალანდიასთან ერთად
    27/07/2020
    30 ივლისს, 20:00 საათზე, ყველა მსურველს საშუალება აქვს ვირტუალურად დაესწროს ცნობილი პერუელი მწერლის, ნობელის...
    ვრცლად
  • ზაზა ბიბილაშვილი – „რატომ გვიყვარს მემარცხენეები“
    11/06/2020
    „ის, ვინც მტერთან ბრძოლით ცხოვრობს, დაინტერესებულია იმით, რომ მტერმა სიცოცხლე შეინარჩუნოს“.   გიორგი...
    ვრცლად