arrow
კატეგორიები
arrow
ავტორები
ბლოგი
ზაზა ბიბილაშვილი – „რატომ გვიყვარს მემარცხენეები“
11/06/2020
„ის, ვინც მტერთან ბრძოლით ცხოვრობს,
დაინტერესებულია იმით, რომ მტერმა სიცოცხლე შეინარჩუნოს“.
 
გიორგი მაისურაძის წერილმა „როგორ მესმის მემარცხენეობა“ ნოყიერი ნიადაგი მოამზადა მემარჯვენეობა-მემარცხენეობის მსუყე, მაგრამ უკვე საკმაოდ დაღლილ თემაზე განსხვავებული მსჯელობისთვის.
 
როგორც ავტორი აღნიშნავს, „ის, რასაც „მემარცხენეობას“ უწოდებენ, არაერთმნიშვნელოვანი და მრავალსახოვანი, საკმაოდ ზოგადი და ხშირად უკვე არაფრისმთქმელი ცნებაა, რომელიც ერთ კონკრეტულ და ამომწურავ განსაზღვრებამდე არ დაიყვანება.“ მართლაც ასეა. მემარცხენეობა ბევრ რამეს შეიძლება ნიშნავდეს მათთვის, ვინც მემარცხენეობის იდეურ ბარიკადებზე დგას: კეთილშობილი იმპერატივებით ნაკარნახევი ამბოხი, „სამართლიანობისკენ“ დაუცხრომელი სწრაფვა, იდეალიზმად განცდილი და მორთმეული უტოპია, ყოფიერების ფუნდამენტური ტრანსფორმირების ამბიცია და სხვა... „მემარცხენეობა სამყაროსთან, მის რეალობასთან კონფლიქტური იმპულსით იწყება. მემარცხენეთათვის არსებობს მხოლოდ ერთი სამყარო და ისიც დეფექტურია, უსამართლოდაა მოწყობილი და ამიტომაც ის უნდა შეიცვალოს.“
 
მემარჯვენე ექსტრემისტისგან განსხვავებით – რომელიც ისტორიამ უკვე არაერთგზის დაამარცხა და რომლის ლანძღვა-ქილიკს ისევე მცირე დივიდენდი მოაქვს, როგორც ბარსა-ალმერიას თამაშისას ბარსას გამარჯვებაზე დადებულ თუმანს – მემარცხენე მანიაკს ჯერ კიდევ შერჩა ერთგვარი დეკადანტურ-სალონური შარმი. მემარცხენეობა – მით უფრო, ინტელექტუალური (და არა მხოლოდ სოციალური) – ევროპაში კარგ ტონად ითვლება და, თითქოს ავტომატურადაც, მოაზროვნისა და ჰუმანისტის პატივსაცემ იმიჯს ქმნის... კონფორმისტისთვისაც, ყველაზე დაბალი ღობე სწორედ მემარჯვენე ექსტრემისტია, რომელსაც ის დაუნდობლად თელავს მაღალი საზოგადოებისკენ მიმავალ გზაზე. ამდენად, დამარცხებული და დიდი ხნის წინათ დემისტიფიცირებული მემარჯვენე ექსტრემისტის კრიტიკა, რომლის დისკრედიტებული იდეალები მეინსტრიმიდან სამუდამოდ არიან აღკვეთილი (ან კი როგორ წარმოგიდგენიათ, მაგალითად, ჰიტლერის „იდეების“ მისი ბიოგრაფიისგან დამოუკიდებლად განხილვა?), მხოლოდ დროის ფუჭი ხარჯვაა...
 
მემარცხენე ექსტრემისტის შემთხვევაში საქმე სხვაგვარადაა. ავიღოთ თუნდაც მშობლიური წითელი არმიის ძლიერების შემოქმედი, სახალხო კომისარი ლევ ტროცკი, რომელიც დღესაც შეიძლება ციტირებად ავტორიტეტად მოგვევლინოს – ისე, რომ საყოველთაო აღშფოთება არ გამოიწვიოს. ...დამარცხებული იდეების აპოლოგიისადმი ასეთი შემწყნარებლობა უდავოდ ბებერ ევროპაში გაბატონებული მემარცხენე დისკურსის ბრალია. მაგრამ განა ეს იდეალიზმის საფარქვეშ კაციჭამიების ინტელექტუალურ გაფეტიშებას ამართლებს?
 
მემარცხენეობა გამძლეა, ვინაიდან მას კონვენციური იარაღით ვერ ეწინააღმდეგები, ის ალოგიკურად იშვება და ირაციონალურად არსებობს. არის მემარცხენეობის სიცოცხლისუნარიანობაში რაღაც უსიამოვნოდ რუსული – მემარცხენეობაც, რუსეთივით, ყველა დიდ ომს წაგების ხარჯზე იგებს და მაინც ცოცხალი რჩება...
 
ამდენად, ალალად განცდილი და ლამაზად გასიტყვული ემოციები, რომლებიც გიორგი მაისურაძემ თავის წერილში გადმოსცა, მხოლოდ ხელოვნების აბსტრაქტულ სივრცეში შეიძლება ინარჩუნებდეს ხიბლსა და მიმზიდველობას. რაციონალიზმის ენაზე გადმოთარგმნისას, როგორც კი ეს იდეები პრაქტიკულობასთან, ადამიანის ბუნებასთან და ბუნების კანონებთან მოდის შეხებაში, ავტორის მიერ დახატული ფაქიზი სამყარო, მისივე აღიარებით, იმსხვრევა, როგორც პარიზის კომუნა „რეალობასთან“ შეჯახებისას.
 
მიუხედავად ამისა, გიორგი მაისურაძის წერილი ერთ-ერთი საუკეთესო მემარცხენე მანიფესტია, რომელიც ბოლო წლებში წამიკითხავს. საუკეთესოა თუნდაც წერილიდან მომდინარე გულწრფელი ემოციის ნაკადით – ემოციისა, რომელსაც არანაირი პრეტენზია არ გააჩნია რაციონალიზმზე. ავტორი არც თავს იტყუებს და არც მკითხველს ატყუებს მემარცხენეობის არსის შესახებ, უხერხულ სიმართლეს თვალს უსწორებს და ფაქტებსაც სწორად აფასებს („მემარცხენე სადაც არის, ყველგან გაუგებრობაა, შეუსაბამობაა...“). ამდენად, მარტივი ასახსნელი უნდა იყოს ის კეთილგანწყობა, რომელიც წერილის წაკითხვის შემდეგ დამეუფლა და რომელმაც მარადიულ კრებსით ულტრამემარცხენეზე ახლებურად, სიყვარულით შეხედვა მომანდომა. რატომ სიყვარულით? სანამ ამას ავხსნიდე, მოდით, მოკლედ დავხატოთ მარადიული ულტრამემარცხენის პორტრეტი – ისეთისა, რომელიც ჩვენს ზრუნვასა და მოფრთხილებას იმსახურებს.
 
მაშ ასე, როგორია მარადიული ულტრამემარცხენე?
 
მარადიული ულტრამემარცხენე უტეხი ოპტიმისტია! – მას სჯერა, რომ ადამიანის ბუნებაზე ჩატარებული ერთი და იგივე ექსპერიმენტი ოდესმე აუცილებლად განსხვავებულ შედეგს მოიტანს.
 
მარადიული ულტრამემარცხენე ყოველთვის კატეგორიულია! ოდესმე ის აუცილებლად აღიარებს საკუთარ შეცდომებს, მაგრამ მხოლოდ მაშინ, როცა აღიარებას ყველანაირი აქტუალობა და სიმძაფრე ექნება დაკარგული და მხოლოდ ისე, რომ მომავალში იმავე შეცდომის ახლებურად დაშვების ალიბი დაიტოვოს...
 
მარადიული ულტრამემარცხენე სულით ხორცამდე დიდაქტიკოსია: ის გვეუბნება – „აი, ასე იცხოვრეთ!“ თუ არ დავუჯერებთ, მაშინ თვითონ მოაწყობს ქვეყანას ისე, რომ სხვანაირი – უსამართლო და უგვანო – ცხოვრების არჩევანი არ დაგვიტოვოს.
 
მარადიული ულტრამემარცხენე არ ენდობა ადამიანებს და მიიჩნევს, რომ მას უკეთ შეუძლია მიხედოს ამ ადამიანთა ცხოვრებას, ვიდრე თავად ამ ადამიანებს. მისთვის ეს უნდობლობა ადამიანების უპატივცემულობას არ ნიშნავს.
 
მარადიული ულტრამემარცხენე ავტორიტარია: მისი ოცნებები იმდენად სუფთაა და მაღალი, რომ დაუნანებლად გაიმეტებს ყველას, ვინც ამ ოცნებების სიმაღლეს ვერ შესწვდება...
 
მარადიული ულტრამემარცხენე ამასთანავე კაცთმოყვარეა. მისი ჰუმანიზმი მისი თვითშეფასების ქვაკუთხედია. ყველაზე მეტად საკუთარ თავში მას სწორედ ჰუმანურობა უყვარს. იგი იმდენად ჰუმანურია, რომ მზადაა გაუგებარი მერკანტილური ქვენაგრძნობებით ატანილი ადამიანები თანალმობით დახუთოს.
 
ჭეშმარიტი ულტრამემარცხენე ჯინიანი ბავშვივითაა – ვიდრე მის ხასიათს შევიცნობთ და დავიჯერებთ, რომ კუთხეში დაყენებით ჭკუას ვერ ისწავლის, უკვე გაზრდილია და ისეთ რამეებს აშავებს, რასაც კუთხეში დაყენება ვეღარ შველის...
 
მარადიული ულტრამემარცხენე პიროვნების მტერია... იგი თვითონაა პიროვნება!
 
მარადიული ულტრამემარცხენე წყაროსთვალივით ანკარაა: ის იმდენად ალალია, რომ რაც არ უნდა მავნე იყოს მისი საქციელი, გვიჭირს მისი გაწირვა! იშვიათია ფარისეველი ულტრამემარცხენე. იგი ყოველთვის გულწრფელია – და, ამდენად, გაცილებით უფრო ანგარიშგასაწევი, როგორც ნებისმიერი გაუცნობიერებელი საწყისი.
 
ჭეშმარიტი ულტრამემარცხენისთვის ნებისმიერი პასუხისმგებლობის აღება მემარცხენე პრინციპების დათმობას უდრის („რეალიზმის სამყაროში მემარცხენე მუდმივი ოპოზიციონერია და ამ პოზიციის დათმობით ის სხვის მოედანზე გადადის, სხვისი თამაშის წესებით იწყებს თამაშს...“). მემარცხენეს სურს, მარადიულ ბავშვად დარჩეს, რომ არასოდეს შეიზღუდოს პასუხისმგებლობით. მემარჯვენეზე ქვეცნობიერად დანდობილი, იგი ხშირად უგნურებამდე მიამიტი და რისკიანია... ჭეშმარიტი ულტრამემარცხენე მემარჯვენის მიერ შექმნილი მოცემულობის არსებითი ნაწილია, რომელსაც ამ მოცემულობისგან დამოუკიდებლად არსებობის უნარი (თუ სურვილი?) არ გააჩნია. ის მხოლოდ მემარჯვენესთან ბრძოლით თვით-განისაზღვრება...
 
თუმცა, მგონი გავერთე და სიტყვა გამექცა. მინდოდა ამეხსნა, თუ რატომ უნდა გვიყვარდეს მემარცხენეები და ჩვეულებამ გადამძალა – აქამდე მხოლოდ ის მიწერია, თუ რატომ არ უნდა გვიყვარდეს ისინი... მოდით, დავუბრუნდეთ პირვანდელ სათქმელს: რატომ გვიყვარს ან უნდა გვიყვარდეს მემარცხენე? როგორ უნდა მიუდგე ადამიანს, რომელიც კარგად აცნობიერებს, რომ ბუნების კანონების შეცვლას ცდილობს და ნებისმიერ მოცემულობასთან ფუნდამენტურ დისკომფორტშია? ასეთი ამბიცია თითქოს ასაკთან ერთად უნდა ქრებოდეს... მაგრამ როცა არ ქრება? პირველი ინსტინქტია – გაღიზიანდე. შემდეგი სტადიაა – გაგეღიმოს. ბოლო ეტაპია – შეიყვარო! ოღონდ მემარცხენის გულჩვილი მოყვასი არასოდეს უნდა მოდუნდეს, როგორც მშობელი, რომელსაც ახსოვს, რომ რა წამს ბავშვის სიჯიუტეს დანებდება, ბავშვი უმანკოებას კარგავს და მავნე არსებად იწყებს ჩამოყალიბებას...
 
მემარცხენე, თავისდაუნებურად, თავისი მუდმივი ოპონირებით, პროგრესის აუცილებელი და განუყოფელი შემადგენელი კომპონენტია. ნებისმიერი კონკურენცია იდეათა თავისუფალ ბაზარზე (რომელიც ასე არ უყვარს მემარცხენეს) შედეგად გარდაუვლად იწვევს განვითარებას. ამიტომ, მემარცხენე სასარგებლოა! რა მნიშვნელობა აქვს, რის გამო ან რის ხარჯზე – ფაქტია, რომ მემარცხენე უფრო დიდ ხანს ინარჩუნებს ოცნების უნარს და ოცნებათა შესაძლო ასრულების ილუზიას. მერე რა, რომ ეს ოცნებები ხშირად ფანტასტიკური და მიუღწევადია? განა ფანტასტიკურობა ოცნების ნაკლია?! ოცნების ამბიცია და უნარი კი, თავისთავად, უკვე ღირსებაა...
 
მემარცხენე გვარწმუნებს, რომ ყველაფერი, რასაც საღი გონება გვკარნახობს, შესაძლოა არც არაფერი იყოს, რომ ყველაფერი, რაც „ვიცით“ – არაფერია, თუ მიამიტი და „პირველადი“ იქნები. სისულელე? არამც და არამც. პირიქით! ახლა დეტალებს ნუ ჩავუღრმავდებით, მხოლოდ შევიგრძნოთ ის ენერგეტიკა, რომელიც ამ აზრიდან მოდის!
 
მემარცხენე მეოცნებე და თავგასული ბავშვია. განა საკითხავია თუ რატომ გვიყვარს ის? მის გარეშე ხომ სამყარო აუტანლად მოსაწყენი იქნებოდა! წარმოგიდგენიათ შვეიცარული საათივით აწყობილი და გამართულად მომუშავე საზოგადოება, სადაც მხოლოდ გონიერი, „წესიერი“, გაპარსულ-დავარცხილი ადამიანები იცხოვრებდნენ, რომლებიც შაბათობით კლასიკური მუსიკის კონცერტებზე ივლიდნენ, ხოლო კვირაობით – წირვაზე? საზოგადოება, სადაც არ იარსებებდა არც ერთი ჭიჭყინა, ხმაურიანი და უზნეო ბავშვი, თავისი სასაცილო, საყვარელი და ხშირად სახალისო აკვიატებებითა და სულელური სიჯიუტით?!
 
ვაღიაროთ: თავისდაუნებურად, მაგრამ მაინც მხოლოდ მემარცხენემ მიგვახვედრა იმას, რომ ყველა სიმართლე – და ყველას სიმართლე – ერთდროულად არსებობს. და რომ, პრინციპში, ყველა „მართალია“. თავად მემარცხენე ამას არასდროს აღიარებს, მაგრამ გამოვუტყდეთ საკუთარ თავს და ერთმანეთსაც – მემარცხენის გარეშე ამას კიდევ დიდ ხანს ვერ ან არ დავინახავდით... (მართალია მემარჯვენის შეფასებისას, მემარცხენეს საკუთარი პრინციპები ავიწყდება და აღარ ახსოვს, რომ ყველა სიმართლე ერთდროულად არსებობს და რომ თავისებურად, ყველა მართალია, მაგრამ განა ამ ორმაგი სტანდარტის გამო უნდა განვსაჯოთ იგი?)
 
და ბოლოს, მემარცხენე უნდა გვიყვარდეს, რადგან სინამდვილეში, ყველაზე მეტად სწორედ მას ვუყვარვართ. ვუყვარვართ თუნდაც სხვა მემარჯვენეზე მეტად (რომელსაც არ აინტერესებს, რას იზამ, ვინაიდან შენი თავი შენვე გეყუდნის) და, ხშირად, საკუთარ თავზე მეტადაც (ჩვენ შეიძლება მოვდუნდეთ და საკუთარ თავს არ მივხედოთ, მემარცხენე კი ვერასდროს დაუშვებს, რომ საკუთარი თავის ანაბარა მიგვატოვოს!). აკი ითქვა უკვე: „ის ვინც, მტერთან ბრძოლით ცხოვრობს, დაინტერესებულია იმით, რომ მტერმა სიცოცხლე შეინარჩუნოს“...
 
 

ადამიანური, მეტისმეტად ადამიანური და სათაურს მოწყვეტილი ეპილოგი

 
მემარცხენეობა არის „...პირველქმნილი უშუალობისადმი ნოსტალგია და დაკარგული უმანკოების ტკივილი კომერციისა და მომხმარებლობისგან გაერთსახოვნებულ და გაუპატიურებულ სამყაროში, სადაც ყველაზე ინტიმურ გრძნობებსაც კი დახლებზე გამოსატანი პროდუქტის დანიშნულება აქვს. წარმატებულობის კულტი, ძალაუფლებისა და მომხვეჭელობის მანია, სოციალური სტატუსის მოპოვებისა თუ „გაუმჯობესებისათვის” ბრძოლა კი ადამიანებს დედამიწის ფაუნის ყველაზე პრიმიტიულ და მოსაწყენ არსებებად აქცევს...“ – წერს გიორგი მაისურაძე.
 
ვკითხულობ და მგონია, რეაქციონერი რიხარდ ვაგნერის გენიალური ქმნილების, „ნიბელუნგის ბეჭდის“ იდეური სინოფსისის ერთ-ერთ ვერსიას ვეცნობი. რა შუაშია მემარცხენეობა ან მემარჯვენეობა?! ეს ხომ ინდივიდის პრობლემებია! ის, რასაც ავტორი ადამიანურად განიცდის – სრულიად გასაგებია, ის იდეოლოგიზებული მიზეზები კი, რითიც იგი ამ განცდებს ხსნის – აბსოლუტურად მცდარი!
 
სწორედ ესაა მარადიული ულტრამემარცხენის მთავარი პრობლემა: დიდაქტიკური ტონითა და ჩვეული კატეგორიულობით, ის ადამიანებს აფასოებს, კლასებად და კატეგორიებად ყოფს, იბრძვის, ებრძვის, განიკითხავს... იმაში კი ვერ უტყდება საკუთარ თავს, რომ სინამდვილეში ყველა პრობლემა თუ დილემა – ყველა აზრი თუ უაზრობა – ყველა ნება თუ ბზარი ნებელობაში – მხოლოდ ადამიანური, მეტისმეტად ადამიანური ტრაგედიის ნაწილია, რომელსაც ინდივიდი ეულად, „წარმატებას“ დახარბებული ადამიანებისთვის გაუგებრად და პირობითი იდეოლოგიებისგან დამოუკიდებლად განიცდის...
 
3 მარტი, 2011
წერილი შესულია კრებულში – „ოდნავ უფრო თავმოყვარე ქვეყანაში“


სხვა ბლოგები
  • ილია ჭანტურიას ბლოგი – „ძველი სკოლის კვალდაკვალ“
    08/10/2020
    თურმე სერგეი ეიზენშტეინს უთქვამს, კინო არის გახსენების და დავიწყებისო. როდესაც ფილმს უყურებ, საჭიროა წინა...
    ვრცლად
  • აქ. ახლა მარიო ვარგას ლიოსასთან და ლანა კალანდიასთან ერთად
    27/07/2020
    30 ივლისს, 20:00 საათზე, ყველა მსურველს საშუალება აქვს ვირტუალურად დაესწროს ცნობილი პერუელი მწერლის, ნობელის...
    ვრცლად
  • ირაკლი კაკაბაძე – „სიონის ქრისტე და თორმეტი ჰაიკუ“
    15/05/2020
    * შევყურებ ეზოში მოხუც დედაჩემს და ვფიქრობ, ვის უსხამს წყალს, ხეს თუ  საკუთარ სიცოცხლეს?.. * ყველა...
    ვრცლად