თეონა დოლენჯაშვილის ახალი მოთხრობების კრებული „პერსონალური ქრისტე“ სულ რამდენიმე თვის წინ გამოსცა „ინტელექტმა“. სანამ უშუალოდ წიგნზე/მოთხრობებზე ვისაუბრებ, მინდა ხაზი გავუსვა წიგნის გარეკანისა და სათაურის მიმზიდველობას.
მაღაზიის დახლებზე შემოდებული „პერსონალური ქრისტეს“ გარეკანი აუცილებლად მიიქცევს ჩვენს ყურადღებას, გვაიძულებს ხელში ავიღოთ და კარგად დავაკვირდეთ ყდაზე გამოსახულ სიურეალისტურ სურათს – „სიქსტის მადონა“, რომელსაც ხელში უჭირავს ყრმა იესო, მაგრამ ამ შემთხვევაში არა კონკრეტული სახით – ის არის რენე მაგრიტისეული ცა, უსასრულობა, კოსმოსი, ყველაფერი. ბავშვობიდან ყველას გვყავს დახატული, წარმოდგენილი ღმერთი ჩვენს გონებაში: თეთრწვერებიანი ბაბუა, ან პირიქით, მორგან ფრიმენივით ფერადკანიანი ადამიანი (ეს ჩემი ვერსიებია, წარმომიდგენია თქვენში რამდენი „სახის“ მქონე ღმერთი არსებობს). სწორედ არაკონკრეტული/აბსტრაქტული სახით გამოსახული იესო გვაძლევს საშუალებას, მასში ვიგულისხმოთ ისეთი ღმერთი, როგორიც ჩვენ წარმოგვიდგენია. გარეკანი ეხმიანება სათაურს – ჩვენ ყველას გვყავს ჩვენი პირადი ქრისტე, რომელიც ჩვენშია, რომელიც შეიძლება იყოს გარეკანზე გამოსახული ცა.

გარეკანის დიზაინერი: თეონა ჭანიშვილი
ეს წიგნი ერთგვარი მოგზაურობაა წარსულში, აწმყოსა და შეიძლება ითქვას, მომავალშიც. ნოსტალგიურ გარემოს ცვლის აპოკალიფსური, იმერეთის სოფელს კი პარიზის თოვლიანი ქუჩები. მთავარი გმირები ქალები არიან – შაბლონური კი არა, გრძნობებით, ქალურობით სავსე ქალები, რომლებსაც ბევრი პრობლემა შეხვდათ, რომლებმაც გაუძლეს, გადაიტანეს, ან ვერც. ზოგს პირად ცხოვრებაში არ გაუმართლა, მეტიც, ერთ-ერთმა მათგანმა რაღაც საოცარი დამთხვევის (ფატალისტები ამას ბედისწერას მიაწერდნენ, ჩემგან განსხვავებით) წყალობით ერთ დიდ პროცესში ამოჰყო თავი. დიახ, აქ ყველას გვახსენდება კაფკას „პროცესის“ მთავარი გმირი იოზეფ კ. ადამიანი, რომლის ცხოვრება ერთ დილის განმავლობაში თავდაყირა დადგა, ისე, რომ მან არც კი იცოდა ამის მიზეზი. სწორედ, ნატალის ცხოვრებაც აი, ასე, ერთი ფოტოს წყალობით რადიკალურად იცვლება. ავტორი ამ შედარებას მოთხრობა „მორჩილებაშიც“ იყენებს:
„რა უნდა ეთქვა? ის, რომ ამ აბსურდის კანონზომიერებანი რეალურ ცხოვრებაში უფრო მოქმედებს და რომ ახლა თავადაც კაფკას „პროცესში“ მოხვდა? ის, რომ შემოქმედება ხშირად მართლაც არის წინასწარმეტყველება?“
ნატალი არ არის ბედისწერის მსხვერპლი, მან თვითონ შექმნა საკუთარი „პროცესი“, თვითონ დაუშვა შეცდომები, თავისი ფეხით მივიდა იმ ქუჩაზე, თავისი ხელით გადაიღო ფოტო და თვითონვე გააგზავნა ის რედაქციაში. აქ ბედისწერა არაფერ შუაშია. ჩვენ ჩვენ თვითონვე ვწერთ მას ყოველდღიურად, ყოველ წუთს, ყოველ წამს, ჩვენი ერთი ნაბიჯი განსაზღვრავს იმას თუ რა იქნება მერე, ან არც.
წიგნის გმირები არიან კაცები, ქართველი მოქეიფე კაცები, ტერორისტები, წარმატებული კაცები. თითოეულ მოთხრობაში გვხვდება კაცის სახასიათო და დამაფიქრებელი პერსონაჟი, მაგრამ ამ შემთხვევაში „პერსონალური ქრისტეს“ მთავარ გმირზე გესაუბრებით, ისე, რომ მინიმალურად დაგასპოილეროთ.

თაკო სონღულაშვილის ფოტო
ნიკოს წარმატებული კარიერა აქვს, ჰყავს ორი შვილი, მაგრამ თავისი დაუდევრობის წყალობით დაკარგა საყვარელი ქალი, რასაც არ აღიარებს, მეტიც ცდილობს გაამართლოს თავისი საქციელი.
„ორი ადამიანის ურთიერთობა ძალადობაა, – გაიფიქრა, – სიყვარული ძალადობაა, სისასტიკეა, შიშია. სხვა ადამიანთან გახსნილად ყოფნის შიში.“
მას ეგზისტენციური კრიზისი აქვს, ვერ გარკვეულა რა უნდა, რა სჭირდება, რა არის სწორი და რა – არა. ის მხოლოდ სამსახურს ეპოტინება, დაავიწყდა ყველაფერი სხვა – ოჯახი, შვილები, მეგობრები და საკუთარი თავიც კი. რა/ვინ არის ხსნა? – სასმელი? მეგობრები? საუბარი? ქრისტე? თუ ადამიანი, რომელიც მის ნაცვლად აიკიდებს ნიკოს სატარებელ ჯვარს? ადამიანი იმიტომაც არსებობს ამ წარმოუდგენლად დიდ სამყაროში, რათა იფიქროს ყველაფრის საწყისზე და დასასრულზე, აი, იმაზე, რაც ყველაზე ბოლოსაა. შეუძლებელია, მხოლოდ იცხოვრო და არც კი გაივლო გონებაში, თუ რა არის ამის მიზეზი.
არ მეგულება ადამიანი, რომელსაც ეგზისტენციური კრიზისი არ განუცდია ბევრი სხვადასხვა, განსხვავებული ფორმით – ზოგს წამიერად გაუვლია გონებაში, ზოგსაც ღამეები არ სძინავს ხოლმე ამაზე ფიქრით. მე უფრო მეორე კატეგორიას მივეკუთვნები და ჩემი გადმოსახედიდან, ამდენი ფიქრის შემდეგ გამოსავალი, ალბათ, უფრო ერთია – ცხოვრება და, როგორც ნიკოს თავისი პერსონალური ქრისტე ეუბნება, სულის მენეჯმენტი.
ბევრს არ გავაგრძელებ: ეს არის წიგნი ქალებისთვის, კაცებისთვის, მათთვის, ვისაც ჯერ კიდევ ვერ უპოვნია პერსონალური ქრისტე. ან ჯერ კიდევ მის ძიებაშია.