ვის უყვარს მატარებელი? არის აქ ვინმე ისეთი, ვისაც მატარებელი უყვარს? მოდი, ავიღოთ ღამის მატარებელი. ღმერთო, რა საშინელებაა. მჯდარხართ ზუგდიდი-თბილისის ღამის მატარებელში? მგონი, ორი სახის მატარებელი აქვთ: ერთი უფრო მაღალი ფასის, სადაც ცალკე კუპეებია და მეორე ე. წ. „პლაცკარტი“, რომელიც უფრო იაფფასიანია. სადღაც 2010 წელი იყო, თუ არ ვცდები, როცა ამ უკანასკნელით მომიწია მგზავრობამ, ჩემმა დამ ნახევარ ფასშია დევნილებისთვისო და ჩვენც ვენდეთ და „პლაცკარტს“ გავყევით. ღია კუპეებიანი ვაგონებია, მარტო კედლები ყოფს, ყველა მგზავრის საუბარი ერთმანეთში ირევა, იქით ვიღაც ხვრინავს ბოლო ხმაზე, აქეთ მეზობლის ფეხსაცმლისა და დასპირტული ღვინის სურნელი ერთმანეთში ირევა, შენ კიდევ ათი წლის ხარ, გარემო საშინლად გზიზღდება და წვები, ცდილობ, რომ დაიძინო, ცდილობ და თან მატარებლის ხმას უსმენ, „ჩქჩქ-ჩქჩქ, ჩქჩქ-ჩქჩქ, ჩქჩქ-ჩქჩქ“ და ასე თბილისში ჩასვლამდის, მერე სლოკინი გეწყება, გეწყება სლოკინი და ვერაფრით ჩერდები, მაგრამ ათი წლის ხარ და ჯერ არ წაგიკითხავს ეროფეევის „მოსკოვი-პეტუშკი“, სადაც მთავარი პერსონაჟი, რომელსაც იგივე სახელი და გვარი აქვს, რაც ავტორს და დიდი ეჭვი მაქვს, რომ მისი პროტოტიპიცაა, ამბობს, რომ კანონი ყველა ჩვენგანზე მაღლა დგას, ხოლო სლოკინი – ყველა კანონზე მაღლა, დაცემა-ამაღლება და ტანჯვა-წამებაც სწორედ სლოკინის ტემპში ხდება ცხოვრებაში, ასე არასტაბილურად. ეს მაშინ არ ვიცოდი. რომ მცოდნოდა, ამაზე გადავერთვებოდი, ამაზე გადავიტანდი ყურადღებას და სლოკინიც ალბათ მორჩებოდა და ჰო, ღამის მატარებელი, ღამის მატარებელი იმ დღის მერე მძულს, მაგრამ იმ დღიდან კარგად მხოლოდ მატარებლის ხმა მახსენდება, „ჩქჩქ-ჩქჩქ, ჩქჩქ-ჩქჩქ, ჩქჩქ-ჩქჩქ“ – ეს ხმა გასდევს სწორედ ვენედიქტ ეროფეევის რომანს მოსკოვის სადგურიდან პეტუშკიმდე და მერე ისევ უკან, ეს ხმა გასდევს ლოთი ვენიკოს ოდისეას, საბჭოთა პროლეტარული ქალაქების სადგურების გავლით.
არ მგონია, რთული იყოს სხვისი დაცინვა, ყოველ შემთხვევაში საკუთარი თავის დაცინვაზე რთული, მეეჭვება, იყოს. რომანის მთავარი პერსონაჟი/ამბის მთხრობელი ამ ყველაფერს იდეალურად ახერხებს. წიგნის კითხვისას დამრჩა შთაბეჭდილება, რომ მთხრობელი საკუთარ თავზე ქილიკობს, მისი საუბრიდან თვითირონია მოჟონავს. ის გულწრფელად, პირდაპირ და შეულამაზებლად ხან თავის ამბებს გვიყვება, ხან კი ანგელოზებთან – მის თანამგზავრებთან მასლაათობს.

ვენედიქტ ეროფეევი
პერსონაჟი გამუდმებით საუბრობს ალკოჰოლზე, მის გარეშე წამსაც ვერ ძლებს. აი, მაგალითად, იმისთვის, რომ იდეალურ ხასიათზე დავდგეთ, საჭიროა 1:2:1 პროპორციით გავაზავოთ დენატურატი, „ხავერდოვანი“ ლუდი და დაწმენდილი ხის ლაქი, საბოლოოდ კი მივიღებთ კოქტეილს „ქანაანურ ბალზამს“. ხის ლაქის დაწმენდისთვის რაა საჭირო, ამაზე საუბრით თავს არ გვაწყენს, რადგან, მისი აზრით, ეს ბავშვმაც კი იცის. ავტორი ამბობს, რომ რატომღაც მთელ რუსეთში არავინ იცის, რამ მოკლა პუშკინი, – მაგრამ ხის ლაქის დაწმენდა – იცოცხლე! ამ მოკლე წინადადებით მთელი ეპოქა ცოცხლდება, რა საჭიროა გაწელილი ფრაზები, როცა რამდენიმე სიტყვით შეგიძლია აღწერო შენი დროის ადამიანების ცხოვრება, პატარა ადამიანების, პროლეტარების, ქარხნის მუშების, რომლებსაც წესით ძალაუფლება უნდა ჰქონოდათ ხელში, ამის ნაცვლად კი უცხო სადარბაზოებში ეღვიძებათ ყოველ დილით, ვერც ხვდებიან იქ რანაირად მოხვდნენ, სულ თან დაატარებენ სასმელს და უფრო მეტიც – გრაფიკებს ადგენენ სამსახურში იმაზე, თუ რომელ დღეს რამდენი დალიეს...
სიუჟეტი ტექსტში, მატარებლის მოძრაობისგან განსხვავებით, მხოლოდ ერთ გზას არ მიჰყვება. აქ ერთი ამბიდან შეიძლება სრულიად მოულოდნელი რამ დაიწყოს: ასე, უბრალოდ, იყო მატარებელში, სვა შენს თანამგზავრებთან ერთად, მერე ოდნავ თვალი მიხუჭო, და სრულიად სხვა სიტუაციაში მოხვდე, შენს ალკოჰოლიკ ამხანაგებთან ერთად რევოლუციას აწყობდე, ოღონდ, რაც მთავარია, თუკი რამეს ცვლი, აუცილებელია ვინმეს ომი წამოუწყო. დიახ, რომელიმე ქვეყანას, არ აქვს მნიშვნელობა, თუნდაც ნორვეგიას ან პოლონეთს. ამ რევოლუციური მოქმედებებიდან კი შეიძლება წამში სულ სხვაგან დაბრუნდეთ, იმასაც ვერ მიხვდებით, ცხადი რომელი იყო, ის, როცა მატარებელში ალკოჰოლს მგზავრებთან ერთად ყლურწავდი, თუ ის, ამხანაგებთან ერთად რევოლუციას რომ აწყობდი, ან ის ანგელოზები ვინ იყვნენ, ან იქნებ არც ეს მოთხრობილი ამბავია რეალური, იქნებ ესეც უბრალოდ ლოთი ვენიკოს ერთი ჰალუცინაციაა.
მოკლედ ეს წიგნი ჭიდილია რეალურისა და არარეალურის, წარმოსახვისა და სინამდვილისა, მოგზაურობაა ჰალუცინაციებით, სპირტის სურნელითა და ბლუზის ჰანგებით გაჯერებული. ამიტომაც, თუკი წიგნის გადაშლამდე ვინმემ გკითხოთ, რომელი საათიაო, როგორც ბოდლერი იტყოდა, უპასუხეთ, რომ თრობის საათია, მეგობრებო, თრობის და თავდავიწყების!