arrow
კატეგორიები
arrow
ავტორები
ბლოგი
ანი დიდიშვილი – „ბოდიში, მაგრამ ეს ბოდიში...“
11/07/2019

„მე მოგიყვებით საუცხოოდ ამაყ ხალხზე, კავკასიონის მთების ძირში რომ დასახლებულა. ეს ერი მცირე მიწით, პატარა ქვეყნით, დიადი ისტორიითა და ეკლექტური კულტურით, უკვე მერამდენე საუკუნეა ეგზისტენციალურ კრიზისს განიცდიდა“ – ასე და ამგვარადო, დათო ჯიქიამ და თხრობას შეუდგა, შეუდგა და მერე როგორ. კითხვა დავიწყე, ეშხში შევედი, თანდათან ტემპსაც მოვუმატე და ბოლოს იქამდე მივედი, ჩემი თვალით დანახული წინადადებები წინ უსწრებდა გონებით აღქმულს.

 

                      

 

ეს გახლავთ „კაკაფონია“, იგივე არაკეთილხმოვანება, არაფერი ჭეშმარიტი… ესაა საქართველოს უახლესი, ტრაგიკომედიური წარსულის გროტესკული ანალიზი, ქართველი ჰოლდენ კოლფილდის თვალით დანახული უნიკალური სამშობლო, თავისი დიადი კულტურით. ესაა ნაწარმოები, რომელიც სილას აწნავს საქართველოს იმ საამაყო შვილებს, ქვეყნის სადარაჯოზე კომბლებით რომ დგანან. ესაა თაობის გამკივანი ხმა მთავრობისკენ მიმართული, იმ ადამიანთა როკვა, რომლებიც არასოდეს მიეკუთვნებიან პრეზიდენტის საახალწლო მისალოცი ტექსტის ადრესატთა მრავალრიცხოვან ნუსხას. „ყველას ულოცავდა, ჩვენ გარდა. არც აფხაზეთში ვიყავით და არც ცხინვალში... არც ოფიცრები და არც ჯარისკაცები. ჩვენზე არავინ ზრუნავდა, არავინ იღვწოდა, არვინ დარდობდა. ჩვენით არავინ ამაყობდა, არავინ გვაქებდა, არავინ გვლოცავდა. ჩვენ არასდროს ვყოფილვართ მათ რიცხვში, ვისზე მზრუნველობაც პრიორიტეტად ესახებოდათ. დამპალი, უზრდელი და გაუზრდელი ახალგაზრდობა!“

 

წიგნი ბოდიშით იწყება, იმ ბოდიშით, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა რომ მოიხადა. ბოდიში, მაგრამ ეს ბოდიში გულწრფელი რომ ყოფილიყო, ფრაზის ავტორს სხვაგვარად წარადგენდა მწერალი. ბოდიში, მაგრამ წიგნის შემდეგი თავები ამ ბოდიშის ფასს ბრწყინვალედ აღწერენ. ბოდიში, მაგრამ 17 მაისი ცოტა ხნის, 20 ივნისი კი კიდევ უფრო ცოტა ხნის წინ ვიწვნიეთ. ბოდიში, მაგრამ ქვეყანაში მომხდარი ამბები რეალობაზე მეტად სიზმარს ჰგავს, შორეულ ზმანებას, ღრმა ძილში ხილულს. ბოდიში, მაგრამ „კაკაფონია“ სულ იმაზეა, რის თქმასაც ახალგაზრდები ვცდილობთ.

 

                       

 

ცხელი წიგნი – ეს ფრაზა არასოდეს არაფრისთვის ისე შესაფერი არ ყოფილა, როგორც დათო ჯიქიას სადებიუტო ნაწარმოებისთვის „კაკაფონია“, მით უმეტეს ახლა, როცა 20 ივნისის ღამე ასე ახლობელი წარსულია. 23 თავის, ერთი კომიქსის და 47 ილუსტრაციისგან შემდგარი წიგნი თემო ტალახაძის ცხოვრების ქრონიკაა, სამ ასეულ გვერდში ჩატეული. თემო ერთი ჩვეულებრივი, არაფრით გამოჩეული ბიჭია, რომელსაც ქართველთა ტრადიციული სენი სჭირს – ნიჭიერია, მაგრამ ზარმაცი! იგივე ითქმის მის ძმაკაცებზეც: რატი კობახიძეზე, ლაშა თოდუაზე და სხვებზე. ბიჭები დროს სიამოვნების მიღებაში ატარებენ: ბულბულატორი, კლუბი, პრობლემების მოგვარება, მერე ისევ ბულბულატორი, კლუბი და ასე უსასრულოდ, ლუპზე. „ასე გადის დღეები რეკვებში, მიმოწერაში და საბოლოოდ – ან მტანჯველ სიფხიზლეში, ანდაც მომაბეზრებელ გასულობაში“. მაგრამ დასასრული ყველაფერს აქვს, ცხოვრების ამ მონოტონურ ტემპსაც კი, რომელსაც მკითხველები მაშინ ვეზიარებით, როცა თემო და რატი წლების შემდეგ ხვდებიან ერთმანეთს. თხრობის სტილიც იდეალურია – ურბანული, ბარბარიზმებით გაჯერებული, როგორც ქართულ რეალობაში ხდება ხოლმე.

 

ღმერთმანი, უფრო რელევანტური იქნება, ციტატების ნაცვლად მთელი წიგნი რომ გადმოვწერო, მაგრამ ეს ის შემთხვევაა, როცა ძნელია თეორია და პრაქტიკა თანხვედრაში მოიყვანო. უბრალოდ, დაიჭირეთ ხელში „კაკაფონია“, რომელიც არ შეიცავს არაფერ ჭეშმარიტს, რომელიც არავითარ შემთხვევაში არ უნდა შემოდოთ თაროზე და ეზიარეთ არაკეთილხმოვანებას. სულ ესაა.

 

 



სხვა ბლოგები
  • ილია ჭანტურიას ბლოგი – „ძველი სკოლის კვალდაკვალ“
    08/10/2020
    თურმე სერგეი ეიზენშტეინს უთქვამს, კინო არის გახსენების და დავიწყებისო. როდესაც ფილმს უყურებ, საჭიროა წინა...
    ვრცლად
  • აქ. ახლა მარიო ვარგას ლიოსასთან და ლანა კალანდიასთან ერთად
    27/07/2020
    30 ივლისს, 20:00 საათზე, ყველა მსურველს საშუალება აქვს ვირტუალურად დაესწროს ცნობილი პერუელი მწერლის, ნობელის...
    ვრცლად
  • ზაზა ბიბილაშვილი – „რატომ გვიყვარს მემარცხენეები“
    11/06/2020
    „ის, ვინც მტერთან ბრძოლით ცხოვრობს, დაინტერესებულია იმით, რომ მტერმა სიცოცხლე შეინარჩუნოს“.   გიორგი...
    ვრცლად