„თუ წარმოგიდგენიათ უჯინსოდ ცხოვრება? ჯინსზე კეთილშობილი შარვალი დედამიწის ზურგზე არ არსებობს!.. მე თუ მკითხავთ, ჯინსი შარვალი კი არ არის, მთელი პრინციპია.”
დიახაც! ედგარ ვიბოს მონური მორჩილება ლურჯი ჯინსისადმი შესაძლოა არც ისე უცხო ყოფილიყო XX საუკუნის 70-იან წლებში, თუმცა ეს ციტატა ულრიხ პლენცდორფის ნაწარმოებიდან „ახალგაზრდა ვ.-ს ახალი ვნებანი“ მაინც ნელი მოქმედების ბომბი აღმოჩნდა წიგნის გამოცემისთანავე. არცაა გასაკვირი, ეს ხომ თანამედროვე ისტორიის ის პერიოდია, როცა ჯინსი აღმოსავლეთ გერმანიაში დასავლური ანტიკულტურის დამღას ატარებდა. მეტიც, გერმანიის საცეკვაო დარბაზების კარებს გამაფრთხილებელი წარწერა ამშვენებდა ჯინსიანი მოქალაქეებისთვის: „აქ თქვენი ადგილი არ არის!“ ხოლო ამ წმინდა შარვლის მატარებელთ ბედი ისეთივე გაუცხოვებას უქადდა საზოგადოებისგან, როგორც ედგარ ვიბოს თავის ახალგაზრდობაში.
ჯინსზე შეყვარებული მთხობელი 17 წლის, სკოლაში მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე ბიჭია, რომელიც ცდილობს შექმნას სახატავი ელექტროდანადგარი, თუმცა მისი ეს მცდელობა ფატალური შედეგით სრულდება. ვიბოს არ სურს ცხოვრება მშობლების, მეგობრების, სკოლის, ნათესავებისა და მასწავლებლების მიერ დადგენილი უაზრო წესებით და თავს დასავლეთ ბერლინში გახიზვნით შველის. თინეიჯერი არაფერ შეუძლებელს არ ითხოვს, მას არა პოლიტიკურად ან ნაცნობთა ნებით შებოჭილ რეჟიმში, არამედ თავისუფლებაში ცხოვრება სურს.
სანამ პლენცდორფის ამ ნაწარმოებს გადაავლებთ თვალს, უმჯობესია გოეთეს შემოქმედებასაც იცნობდეთ, თუმცა, ბუნებრივია, ამ უკანასკნელი პუნქტის შეუსრულებლობა უაზროს არ ხდის წიგნის კითხვას. ახალგაზრდა ვერტერი ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მასიური თვითმკვლელია მსოფლიო ლიტერატურაში. მისი გავლენა იმდენად დიდი იყო, რომ ნაპოლეონი საომარი მოქმედებების დროს თანამებრძოლებს ამ რომანის კითხვას უკრძალავდა. გადასახლების ჟამს ვიბოც ეზიარება გოეთეს რომანს „ახალგაზრდა ვერტერის ვნებანი“ და ალბათ ნათელია როგორ იმოქმედებდა ულრიხ პლენცდორფის პროტაგონისტზეც ეს დიადი წიგნი.
„ჩემი საყვარელი წიგნი იყო „რობინზონ კრუზო“ და აი, იმ სელინჯერის წიგნი. (...) ახლაც მაჟრიალებს ტანში, რომ წარმოვიდგენ, რა მეშველებოდა, ის წიგნი რომ ხელში არ ჩამვარდნოდა. ის სელინჯერიც მაგარი ვინმეა, დაეხეტება იმ გალუმპულ ნიუ-იორკში და შინ მისვლა ვერ გაუბედია, იმიტომ, რომ სკოლიდან აითესა, საიდანაც ისედაც უპირებდნენ გამოპანღურებას. ამას რომ ვკითხულობ, სულ ჯიგარში მხვდება. მისამართი რომ მცოდნოდა, მივწერდი, ჩვენთან ჩამოსულიყო. ის ჯიგარი ჩემი ტოლი იქნება.“
სელინჯერსაც ეგ არ უნდოდა?! თვითონ იძახდა, მწერალი ეგეთი უნდა იყოს, მასთან დარეკვა და დაძმაკაცება მოგანდომოსო. ჰოდა, მისია შეასრულა! აგერ წლებია ჰოლდენისნაირი ტიპის პოვნაზე ვოცნებობ და ლამის დაზარფული დავიარები ამის გადამკიდე. რა ვიცოდი, ვიბოსაც იგივე გასაჭირი თუ ჰქონდა!..
თუ გავითვალისწინებთ პროტაგონისტის ლიტერატურულ გემოვნებას და პირველ პირში თხრობას, ძნელი გამოსაცნობი არ იქნება ურბანიზმისა და ჟარგონების წილი ნაწარმოებში. ზოგადად, ამგვარად გადმოცემული ამბავი გემრიელი წასაკითხია, თუმცა ამ დროს მწერალი ვალდებულია ოქროს შუალედს არ გასცდეს და ხელში სრული თრეში არ შემოგვაჩეჩოს. თამამად ვიტყვი, რომ ოქროს შუალედი მკაფიოდ იგრძნობა ნაწარმოებში, აქ ვერ იპოვით ვერც ერთ ზედმეტ სიტყვას, ერთ უაზროდ ჩაკვეხებულ ჟარგონსაც კი, რაც ცხადია, მთარგმნელ დალი ფანჯიკიძის დამსახურებაცაა.
პოლიტიკური რეჟიმის სიძულვილი, საზოგადოების ფენებად დაყოფის პროტესტი და თავისუფლებისადმი ლტოლვა, თავმოყრილი „ახალგაზრდა ვ.-ს ახალ ვნებანში“ რევანშით დასრულდა ულრიხ პლენცდორფისთვის. წიგნის 4 მილონზე მეტი ეგზემპლარი უსწრაფესად გაიყიდა, მალევე ითარგმნა 30 ენაზე, თავად პლენცდორფი კი გერმანიაში საკულტო ფიგურად იქცა. ადრეული 70-იანი წლებიდანვე წიგნი გერმანიის სკოლებში სასწავლო პროგრამის განუყოფელი ნაწილია.