arrow
კატეგორიები
arrow
ავტორები
ბლოგი
ანი დიდიშვილის ბლოგი – „ქალაქი და წიგნები“
05/08/2019

„ყველა ქალაქს ჰყავს ფიროსმანივით ნაივური პროტაგონისტი, ყველა ქალაქს აქვს ინდივიდუალური ხმა(ური), ყველა ქალაქს ჰყავს თავისის შამანი, თავისი ბომჟი და ყველა ბომჟს აქვს თავისი ურბანული ისტორია, თავისი ურბანული თავგადასავალი“ – ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ეს სიტყვები დავწერე. დღესაც ვფიქრობ, რომ სწორედ ეს უკანასკნელნი არიან მატიანეები, მხოლოდ დავამატებ: ყველა ქალაქს აქვს თავისი წიგნიც, ერთგვარი გიდი, რომელიც მკითხველს გაანდობს აქაურ ენიგმურ ამბებს. მაშ ასე, ბევრი რომ არ გავაგრძელო, გიზიარებთ ოთხ წიგნს, რომელიც ურცხვად გაგიმხელენ 4 სხვადასხვა ქალაქის ცხოვრების დეტალებს.

 

რობერტ მენასე„დედაქალაქი“

 

„ვინ გამოიგონა მდოგვი?“ – ასე იწყება პროლოგი და მომდევნო გვერდზე ავტორი განაგრძობს გროტესკულ თხრობას ამ გამოგონების ისტორიაზე (მსგავსი გროტესკი ბოლო გვერდამდე გასდევს ნაწარმოებს). „დედაქალაქი“, 2017 წლის გერმანულენოვანი ბესტსელერი და პრემირებული წიგნი, სატირული რომანია ბრიუსელის ბიუროკრატიული ცხოვრების შესახებ. მენასე პირუთვნელად აღწერს ევროკავშირის პოლიტიკოსების აკრედიტებულ ტაქტიკას. სიუჟეტური ხაზის ცენტრი კი ქალაქი ბრიუსელია, რომლის ქუჩებშიც ღორი დარბის. და რას შვრება ქალაქი ამ ანარქიის დროს? – ქუჩაში მოსეირნე ღორისთვის სახელს ეძებს. ევროკავშირის შესახებ მიუკერძოებელი, არაპროპაგანდისტული რომანი ალბათ ისაა, რაც მკითხველს ძალიან სწყურია და აინტერესებს, თანაც მაია ფანჯიკიძის თარგმანისთვის გვერდის ავლას ნამდვილად არ გირჩევთ. მაგრამ, თუ ასე შესცოდავთ, ჩათვალეთ, ახლახან პირველ კლასზე თქვით უარი.

 

                                                   

 

ედუარდო მენდოსა„საოცრებათა ქალაქი“

 

„საოცრებათა ქალაქი“ ედუარდო მენდოსას გახმაურებული რომანია. სიუჟეტი მოქცეულია მე-19 საუკუნის დასასრულსა და მე-20 საუკუნის დასაწყისში. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ იმ პერიოდში ბარსელონა ერთ-ერთი ყველაზე კრიმინალური ქალაქის ტიტულს ატარებდა. ის იყო პოლიტიკური და კრიმინალური ვნებათაღელვისა და დაჯგუფებათა სავანე, რომელსაც მოგვიანებით ბარსელონაში ჩამოსული თინეიჯერი ონოფრე ბოუვილა შეუერთდება და იწყებს მუშაობას პროკლამაციების გამავრცელებლად. ბარსელონაში ორი უნივერსალური გამოფენა იმართება, მთელი ქალაქი სამზადისშია ჩაფლული, მკითხველებსაც გვაქვს ბედნიერება ამ ფუსფუსის დეტალებს ვერბალურად ვეზიაროთ ავტორისეული სარკაზმის ფონზე (ლანა კალანდიას ბრწყინვალე თარგმანით), რომელიც უმეტესად პოლიტიკოსებისკენაა მიმართულია. ისინი, როგორც ყოველთვის ინერტულობას ინარჩუნებენ და მხოლოდ შორიდან უჭვრეტენ მოქალაქეთა შრომას. „საინტერესოა როგორ იცვლება ადამიანის ბიოგრაფია არასტაბილურ ქალაქში, როგორ დამოკიდებულია შენი ცხოვრება ქალაქის ცხოვრებაზე... „ისეთი წიგნია, ბევრჯერ შეგიძლია გაავლო პარალელი საქართველოსთან. მოკლედ, თუ ვინმეს უნდა ჰამაკში წამოწვეს და იკითხოს, შემდეგ კი ბარსელონაში ჩაფრინდეს, ეს წიგნი მისწრებაა“ – შეუძლებელია, არ დაეთანხმო ქეთი დევდარიანის შეფასებას „საოცრებათა ქალაქის“ შესახებ; ერთი სიტყვით, მოემზადეთ, დროა გაიგოთ ამბავი იმისა, თუ როგორ შეიძინა ბარსელონამ საკუთარი იდენტობა.

 

                                                 

 

 

რუსუდან რუხაძე„ერთი თქვენგანი გამცემს“

 

„შემოდგომის ცივ საღამოებს „თბილად“ რომ გაგატარებინებს ისეთი კრებულია“ – წერს ვინმე სალომე Goodreads-ზე. სალომეს არც ანა ჩამორჩება და აღფრთოვანებას შემდეგი სიტყვებით გამოხატავს: „ძალიან გემრიელი მოთხრობებია და დამსახურებულად აქვს აღებული „საბა““. ამ კრებულზე უარყოფითი ვერავინ თქვა, თითქოს მკითხველი შეთანხმდა, რომ რუსუდან რუხაძის ათი მოთხრობისგან შემდგარი კრებული მძაფრ ფიზიკურ ტკივილს და დიდ ემოციებს იწვევს. ცისიას, გუჯას, სალომეს და სხვა პერსონაჟების ცხოვრების ტრაგიკული ისტორია ჰარმონიულად ერწყმის ქალაქის ცხოვრებას. მოთხრობებში რეალისტური, ოღონდ ზოგადი, აბსტრაქტული გარემო იქმნება პატარა ქალაქისა და მწერალიც იქ მცხოვრები გოგონას შინაგან ემოციებსა და სხეულებრივ სურვილებს აღწერს, მათ გამძაფრებასა და ტრანსფორმაციებს, მაგრამ თანდათან მოთხრობა სულ სხვა განზომილებას იძენს, თანდათან ირკვევა, რომ მწერლის მთავარი მიზანი სულ სხვა რამ იყო: თურმე ის თვითმკვლელების ქალაქს ხატავს, ქალაქს, სადაც სუიციდის მსურველებს შეუძლიათ ჩავიდნენ და ექიმებთან კონსულტაციების გავლის შემდეგ სასურველი და უმტკივნეულო სიკვდილი ლეგალურად მიიღონ. ანუ, საბოლოოდ, რუსუდან რუხაძე ცდილობს ამ პატარა ქალაქში ეროსისა და თანატოსის თანაცხოვრების ატმოსფერო შექმნას.

 

                                                

 

 

მილორად პავიჩი„ბელგრადის ბიოგრაფია“

 

ცნობილი სერბი მწერალი მკითხველს აფრთხილებდა, რომ იმდენ სიამოვნებას მიიღებდა მისი ნაწარმოებების კითხვით, რამდენსაც თავად მოინდომებდა. ვერ შევედავები: პავიჩის მონდომება მოგვიანებით წიგნით გამოწვეულ სიამოვნებას აისხლეტს და აღფრთოვანებას მოგგვრით. გურამ გოგიაშვილის მიერ თარგმნილ ამ წიგნში ყველას თავისი ბელგრადის წარმოდგენა შეუძლია. ბელგრადის ამ ულამაზეს მოკლე ისტორიაში პავიჩი მოგვითხრობს საუცხოო ლეგენდებს, ისტორიას ვერცხლის ძაფების შესახებ, სამოთხის მდინარეზე, ქალაქზე სახელად „ომების პორტალი“ ან კიდევ ამ პორტალგამოვლილ კულტურაზე. „მათთვის, ვისაც ბელგრადში უმოგზაურია, ან პირიქით, მოგზაურობას აპირებს, ნამდვილად საინტერესო და გამოსადეგი წიგნია“ – ასე აფასებს „ბელგრადის ბიოგრაფიას“ თანამედროვე ქართველი ავტორი ბექა ადამაშვილი Goodreads-ზე. 

 

                                                    



სხვა ბლოგები
  • ილია ჭანტურიას ბლოგი – „ძველი სკოლის კვალდაკვალ“
    08/10/2020
    თურმე სერგეი ეიზენშტეინს უთქვამს, კინო არის გახსენების და დავიწყებისო. როდესაც ფილმს უყურებ, საჭიროა წინა...
    ვრცლად
  • აქ. ახლა მარიო ვარგას ლიოსასთან და ლანა კალანდიასთან ერთად
    27/07/2020
    30 ივლისს, 20:00 საათზე, ყველა მსურველს საშუალება აქვს ვირტუალურად დაესწროს ცნობილი პერუელი მწერლის, ნობელის...
    ვრცლად
  • ზაზა ბიბილაშვილი – „რატომ გვიყვარს მემარცხენეები“
    11/06/2020
    „ის, ვინც მტერთან ბრძოლით ცხოვრობს, დაინტერესებულია იმით, რომ მტერმა სიცოცხლე შეინარჩუნოს“.   გიორგი...
    ვრცლად