„ოცდაათ მაისს
გზნებით სავსე.
ხალხი ზეიმობს
ვაცის ნადიმს.“
დომინიკური მერენგეს ეპიგრაფად მოხმობით იწყებს მარიო ვარგას ლიოსა ტრუხიოლიოს დიქტატურის წლების აღწერას. მწერალი ოსტატურად ახერხებს მკითხველის დაბრუნებას დომინიკის ხმაურიან ქუჩებში დროის ორ სხვადასხვა მონაკვეთში; რომანში ნათლად ვხედავთ ტოტალიტარიზმის გავლენას საზოგადოებაზე და ასევე რეჟიმის დამარცხების შემდგომ მცდელობას ამ გავლენის მოშორებისთვის. ამისთვის კი ლიოსას თავისი პროტაგონისტის – ურანია კაბრალის დახმარება სჭირდება.
რომანის მთავარი პერსონაჟი ურანია კაბრალი ოცდათხუთმეტი წლის შემდეგ ბრუნდება სამშობლოში, მამასთან შესახვედრად, რომელიც მაღალი თანამდებობის პირი იყო ტრუხილიოს მმართველობის დროს. მასთან გულახდილი საუბრის მცდელობისას, ურანია იხსენებს მაშინდელი მთავრობის წევრების ზღვარსაგადასულ ქცევებს, ვაცის აბსოლუტურ გავლენას მის ხელქვეითებზე: „ეს როგორ შეიძლებოდა, მამა? როგორ შეიძლებოდა ასეთი კულტურული, განათლებული, გონიერი ადამიანი ამას შერიგებოდა? რას გაძლევდათ დონ ფროილანს, ჩირინოსს, მანუელ ალფონსოს, შენ, ყველა თავის მარჯვენა და მარცხენა ხელს, რომ ბინძურ ჩვრებად გაქციათ?“ ურანიას ასეთი ემოციური დამოკიდებულება შეიძლება გავიაზროთ, როგორც ნებისმიერი, ტოტალიტარიზმგადატანილი ადამიანის ლეგიტიმური პროტესტი სისტემის კაცების, თანაშემოქმედების მიმართ; პარალელურად ავტორი ოცდათხუთმეტი წლის წინანდელ ეპოქაში აბრუნებს მკითხველს და თანმიმდევრულად აღწერს მოვლენებს, რომელსაც უნდა მოჰყვეს ტირანის სიკვდილი. შეთქმულებაში მონაწილე ოთხკაციან ჯგუფს მათზე გადავლილი რეჟიმის ტერორი და დრამა უბიძგებს ამ საბედისწერო გადაწყვეტილებისკენ.
მარიო ვარგას ლიოსა შთამბეჭდავად აღწერს იმდროინდელ შეგრძნებებს, დიქტატურის გავლენასა და მის შემდგომ დატოვებულ ტრავმებს. უნდა ითქვას, რომ ლიოსა ამ თემებს „ვაცის ნადიმამდეც“ და მის შემდგომაც შეეხო – მან არაერთხელ აღწერა ძალადობრივი, ავტორიტარული ეპოქა – თუნდაც „საუბარი კათედრალში“ და „ხუთი კუთხე“ ამ მხრივ შესანიშნავი მაგალითია.
ლანა კალანდიას მიერ თარგმნილი რომანის კითხვისას ბუნებრივად აკავშირებ ვაცისა და სტალინური (და მის შემდგომი) პერიოდის საბჭოთა დიქტატურებს. ბევრი საერთო ელემენტის პოვნა შეგვიძლია. მაგალითად, მმართველის, ბელადის ხატის შექმნა: „ამდენმა მილიონმა ადამიანმა – პროპაგანდით გაბრუებულმა, ინფორმაციას მოწყვეტილმა, დოქტრინებით გასასტიკებულმა, იზოლირებულმა, თავისუფლებაწართმეულმა – ნებაყოფლობით და შესაძლოა, შიშის, მლიქვნელობისა და მორჩილების ცნობისმოყვარეობით შეპყრობილმა, ტრუხილიო გააღმერთა“. ჩვენც ხომ ხშირად გვსმენია უფროსი თაობისგან, რომ „იმ დროს უკეთესი იყო“...