„და აი, ახლა ტირის და არ შეუძლია თავის შეკავება, რომ არ იტიროს. თითქოს ვინც ტირის, ის კი არა, მის გვერდით მძინარე სხვა ადამიანია, მასში რომ სძინავს და არ ემორჩილება“.
***
იბრაჰიმ ალ-ქუნი ძალიან ცნობილი თანამედროვე ლიბიელი მწერალი და ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული არაბულენოვანი ავტორია. მიღებული აქვს მრავალი ლიტერატურული პრემია. როგორც უმეტეს შემთხვევაში ხდება, მისი ლიტერატურული მოღვაწეობა ვარსკვლავურად არ დაწყებულა, იყო დაბრკოლებები, რომლებიც შემდეგ მწერლურ გამოცდილებად თუ უპირატესობად იქცა. წარმოშობით ტუარეგი, ლიბიის უდაბნოს ფეზანის ოაზისებში მდებარე პატარა ქალაქ ღადამესში გაიზარდა. დაბადებიდანვე შეისისხლხორცა უდაბნოს მისტიურობა, ყველა წეს-ჩვეულება და ტრადიცია, რაც შემდეგ მკაფიოდ აისახა მის ტექსტებში.
იბრაჰიმ ალ-ქუნის Magnum Opus-ი „ოქროს ქვიშა“ (არაბულიდან თარგმნა დარეჯან გარდავაძემ) ერთგვარი ფანჯარაა, რომელიც პროტაგონისტ უხაიადისა და მისი ჭრელი მაჰრული აქლემის ამბით შეგვახედებს ტუარეგულ ცხოვრებაში. ტექსტში მაჰრული აქლემი არ არის მხოლოდ ცხოველი, შეიძლება ვიფიქროთ, რომ ისაა ადამიანი აქლემის სხეულში, იმდენად ბუნებრივი და ადამიანურია მისი ქცევები. წიგნი უდაბნოს იდუმალებითა და მირაჟებივით სიუჟეტებითაა სავსე.
„ოქროს ქვიშის“ მკითხველთა ორი განსხვავებული ფლანგი არსებობს. ერთნი მიიჩნევენ, რომ მთავარი პერსონაჟი – უხაიადი საკუთარ სურვილებს აყოლილი, დაუფიქრებელი ეგოცენტრიკია, რომლისთვისაც არც ცოლს და არც შვილს მნიშვნელობა არ აქვს. ის ასოციალური პათოლოგია, რომელიც ვერ ხვდება, რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს მის გადადგმულ ნაბიჯებს და შედეგის დადგომის შემდეგ თითქოს შეცდომის გამოსასწორებლად კიდევ უფრო მეტ შეცდომას უშვებს.
მეორე ჯგუფის აზრით კი უხაიადი სიყვარულისგან დაბრმავებული ბერბერია, რომლის ერთადერთი საზრუნავი და საფიქრალი ჭრელი მაჰრული ულაყია, რომელთანაც, როგორც თვითონ პროტაგონისტი ამბობს, დაბადებამდელი მეგობრობა აკავშირებს. ამ შემთხვევაში უფერულდება ყველა ის შეცდომა, რომელიც უხაიადმა დაუშვა ოჯახთან მიმართებით. რადგან წინა პლანზე გადმოდის მათი საოცარი მეგობრობის სულისშემძვრელი ამბავი.
სულისშემძვრელი შემთხვევითი სიტყვა არაა, ბოლო რამდენიმე გვერდის წაკითხვისას თქვენც შეგეკვრებათ სუნთქვა და ყველაფერ იმას იგრძნობთ, რაც უხაიადმა და მაჰრულმა აქლემმა ერთად განიცადეს.
ზაფხულის ცხელ დღეებში „ოქროს ქვიშა“ მისწრებაა, უბრალოდ ერთი რამ გაითვალისწინეთ: როდესაც გაშლილ, ქვეყნიერებას მოწყვეტილ, ცხელ უდაბნოში აღმოჩნდებით, ყველაზე დამცავი თილისმის – წყლის წაღება არ დაგავიწყდეთ, რადგან „წყლის გარეშე უდაბნოში არავითარი სასწაული არ ხდება!.. და რომ მოხდეს სასწაული, უწყლობა მას წარხოცავს და ილუზიად, მირაჟად აქცევს!“
***
„ამლაყ აქლემს თვალები ცრემლებით ჰქონდა სავსე. უხაიადმა მკლავები მოხვია და იდგნენ ასე დიდხანს ერთმანეთს ჩახვეულები, სანამ საღამოს ბინდი არ გახშირდა.“