arrow
კატეგორიები
arrow
ავტორები
ბლოგი
ილია ჭანტურიას ბლოგი – „წიგნი შიშებიდან თავდაღწევის“
21/08/2019

***

– მერამდენეა? – მეკითხება ბაბუაჩემი. კარლო არტემიჩი ორ ხეს შორის გაბმულ ჰამაკშია გაწოლილი და თან ჩემკენ იხედება.

– მეშვიდე, – ვპასუხობ.

– კიდევ სამი დაგრჩენია, – ამბობს თავისთვის. მე სირბილს ვაგრძელებ. კიდევ სამჯერ უნდა მივირბინო ძუნძულით ჩვენი ეზოს ჭიშკართან და ისევ უკან დავბრუნდე. მერე აზიდვები უნდა გავაკეთო. ბაბუაჩემის დადგენილ ყოველდღიურ დილის ვარჯიშებს რომ მოვრჩები, შემეძლება ჩემი ჯოხი ავიღო, როგორც იარაღი, ისე მოვიმარჯვო და ეზოში წარმოსახულ მტრებს, ჯოხიდან გასროლილი წარმოსახვითი ტყვიები ვესროლო. მაგრამ მანამდე სამჯერ უნდა მივირბინო ჭიშკრამდე და მერე ისევ უკან დავბრუნდე. გეგმა ასეთია.

 

***

გასული წლის საახალწლო წიგნის ფესტივალი იყო, როცა ირაკლი კაკაბაძე გავიცანი და მისი „გამოსვლის წიგნი“ შევიძინე. მაშინ მითხრა, როცა მორჩები, შთაბეჭდილებები მომწერეო, მეც თავი დავუკარი, მაგრამ ძალიან დამიგვიანდა ეს ყველაფერი.

 

მალე 26 წელი გავა მას შემდეგ, რაც სოხუმი დაეცა. მალე 26 წელი გავა მას შემდეგ, რაც ხალხს მოუწია თავისი სახლების მიტოვება და თავიანთი ქალაქებიდან და სოფლებიდან გაქცევა. მათ ნაწილს ახლაც უწევს მუდმივი გადაადგილება ერთი საცხოვრებლიდან მეორეში, მათ ნაწილს ისევ არ აქვს თავისი კუთვნილი სახლ-კარი და მიტოვებულ შენობებსა თუ დაქირავებულ ბინებში უწევს ცხოვრება. უმუშევრობა, სახელმწიფო გადასახადები და ბანკის ვალები მათი მუდმივი პრობლემაა. სიმბოლურია, არა? თავიანთი ქალაქებიდან დევნილი ხალხი კვლავ დევნილობაშია.

 

„გამოსვლის წიგნი“, როგორც უკვე მიხვდით, რუსეთ-საქართველოს ომს ეხება აფხაზეთში, ოღონდ ამ წიგნში ყველაფერი სულ სხვა თვალით არის დანახული, სულ სხვა რაკურსიდან, რადგან ამ ამბის მთხრობელად 11 წლის ბიჭი გვევლინება, რომელიც დაბა განთიადში ბებია-ბაბუასთანაა ჩასული და ამ ადგილის დატოვება უწევს შექმნილი სიტუაციის გამო. ბავშვებს აქვთ ძალა, შეამჩნიონ ისეთი დეტალები, რომლებსაც უფროსები იშვიათად აქცევენ ყურადღებას – ბიჭი საუბრისას შეიძლება ერთი შეხედვით მცირე დეტალს დაუკვირდეს და ამით მთელ სიუჟეტს შეუცვალოს მიმართულება. სწორედ ესაა ნაწარმოების მთავარი ხიბლი: ბავშვის მიერ არასწორხაზოვნად აღქმა მთელი იმ გაუგებრობისა, რაც მის გარშემო ტრიალებს.

 

გაუგებრობა შემთხვევით არ მიხსენებია, საგულისხმოა, რომ ბავშვისთვის უფრო მეტად უცხოა მიმდინარე პროცესები. უფროსები აანალიზებენ ამ ყველაფერს, ბავშვები კი სულ სხვა გადმოსახედიდან აკვირდებიან. მახსოვს, როცა 2008 წლის აგვისტოში ზუგდიდს ვტოვებდით, რადგან რუსი ჯარის შემოსვლის საფრთხე აშკარა იყო, ყველაზე დიდი დაუცველობა, შიში და გაურკვევლობა მაშინ ვიგრძენი. კითხვებს ვსვამდი და ვერც ვერავინ მპასუხობდა, თუ მპასუხობდნენ, ჩემთვის ძნელად აღსაქმელი ხდებოდა ეს ყველაფერი. აბაშაში მოგვიწია წასვლა, სადაც ბაბუაჩემი ცხოვრობდა. ასეთი კადრი მახსენდება: ქუჩაში ალიაქოთია, ხალხი სახლებს ტოვებს, ყველა გარეთაა გამოსული, ხელში ჩემი და ჩემი ძმის ზამთრის ტანსაცმლით სავსე ჩანთა მიჭირავს, ეზოდან გავდივარ და უკან ვიხედები, ფანჯარასთან ჩვენი კატა ზის და მშვიდად მიყურებს, ისე მშვიდად იყურება ამ ალიაქოთში, წამით მეც ვმშვიდდები.

 

„გამოსვლის წიგნშიც“ სწორედ ეს ვიგრძენი. ვფიქრობ, ეს ამბავი მთხრობელის თავდაღწევის მცდელობაა იმ არეულობიდან და ქაოსიდან, რომლის დანახვაც უწევს. წიგნის სათაურის ბიბლიური წარმომავლობაც ხომ ამაზე მიგვანიშნებს – მოსე ხალხს იხსნის ეგვიპტიდან, ის იხსნის ებრაელ ხალხს მონობისაგან... მაგრამ ეს ორი ამბავი – ბიბლიური სიუჟეტი და ქართველი ავტორის თხზულება – ერთი მნიშვნელოვანი რამით განსხვავდება ერთმანეთისგან: მოსე მონობიდან თავდაღწეულ ხალხს აბრუნებს აღთქმულ, მშობლიურ მიწაზე, იქ, სადაც ერთ დროს მათი წინაპარი აბრაამი ცხოვრობდა, „გამოსვლის წიგნში“ კი პირიქითაა, ხალხს თავისი მშობლიური მიწის დატოვება უწევს.

 

ტექსტი ხალხის ორ ნაწილს გვიჩვენებს: პირველნი ახერხებენ ომში პლაცდარმად ქცეული ქალაქებიდან და სოფლებიდან თავს დაღწევას, მეორე ნაწილი კი რჩება, არ ძალუძს თავისი სახლებისა და ახლობელთა სასაფლაოების მიტოვება.

 

„აქ როგორ დაგტოვებ, რა პასუხი გავცე შენს ცოლს, შენს შვილებსო.

თავისი ცოლი და ორი ქალიშვილი ხუთი დღის წინ დაემარხა.“

 

ეს ნაწყვეტი თითქოს მშრალადაა დაწერილი, არ ჩანს მთხრობელის ემოციები, მაგრამ მიუხედავად ამისა, ერთიანად გზარავს და გაძრწუნებს გაგონილი. ბიჭი ჰყვება ყველაფერს, რასაც ხედავს, რასაც სხვები საუბრობენ და იშვიათად მისი ემოციურობა გამოჩნდეს, მიუხედავად ამისა, წაკითხულს მაინც გრძნობ და ის შთამბეჭდავ კვალს ტოვებს.

 

ირაკლი კაკაბაძის „გამოსვლის წიგნი“ ნათელი მაგალითია იმისა თუ როგორ შეიძლება ომმა იმოქმედოს ბავშვზე, მის ემოციებზე. ბევრისგან გამიგია, რომ ამ ყველაფრის შეცვლა იმ თაობას შეუძლია, რომელსაც არ მოუწია ომის გამოვლა, მაგრამ ვფიქრობ, რომ უაზრობაა ეს ყველაფერი, ომი დიდი ხნის წინ დაიწყო და ახლაც გრძელდება, მავთულხლართები მოძრაობენ და არ ჩერდებიან. პოლიტიკური ელიტა ხშირად ცდილობს მთავარი პრობლემებიდან ყურადღება მეორეხარისხოვან თემებზე და საკითხებზე გადაიტანოს, ამ დროს კი ის ადამიანები ავიწყდება, რომელებიც ქუჩაში ჩვენთან ერთად დადიან და ამ წიგნში მოყოლილ საზარელ ამბებს მუდამ თან დაატარებენ.

 

***

– მორჩი? – მეკითხება ბაბუაჩემი.

– კი.

– აჯიმანია რამდენი გააკეთე?

– თხუთმეტი.

– ცოტაა, ხვალ დილით მეტი უნდა გააკეთო, დღეს უკვე გვიანია. აბა, კუნთები მანახე.

მე სახელოს ვიწევ და გაღიმებული ბიცებს ვჭიმავ. ბაბუას ეცინება.

– ოჰ, მაგარი ბიჭი ხარ. მიდი, ახლა კოტიკია გააღვიძე, – ჩემს ძმაზე მეუბნება.

 

მე ავრბივარ და კოსტას ვაღვიძებ. კოსტა თავს წამოყოფს, რაღაცას დაილაპარაკებს, ისევ ბალიშზე დადებს თავს და ნაშუადღევის ძილს შეიბრუნებს. მე ეზოში გავდივარ, ხელში ჩემს ჯოხს ვიღებ, როგორც იარაღს, ისე ვიჭერ ხელში და ჩვენი ოდის ეზოში წარმოსახულ მტრებს ვეომები. ამ დროს საშინელი ხმაური ისმის, აფეთქების ხმაა და მიწა იძვრის, ეს ყველაფერი რამდენჯერმე მეორდება, სახლისკენ ვიხედები, ფანჯრები ზანზარებს... ცოტა ხანში მეზობელს ამბავი მოაქვს, – სენაკს დაარტყესო, მაგრამ მანამდე მე, შეშინებული, ჯოხს ვაგდებ და ბაბუასკენ გავრბივარ.

 



სხვა ბლოგები
  • ილია ჭანტურიას ბლოგი – „ძველი სკოლის კვალდაკვალ“
    08/10/2020
    თურმე სერგეი ეიზენშტეინს უთქვამს, კინო არის გახსენების და დავიწყებისო. როდესაც ფილმს უყურებ, საჭიროა წინა...
    ვრცლად
  • აქ. ახლა მარიო ვარგას ლიოსასთან და ლანა კალანდიასთან ერთად
    27/07/2020
    30 ივლისს, 20:00 საათზე, ყველა მსურველს საშუალება აქვს ვირტუალურად დაესწროს ცნობილი პერუელი მწერლის, ნობელის...
    ვრცლად
  • ზაზა ბიბილაშვილი – „რატომ გვიყვარს მემარცხენეები“
    11/06/2020
    „ის, ვინც მტერთან ბრძოლით ცხოვრობს, დაინტერესებულია იმით, რომ მტერმა სიცოცხლე შეინარჩუნოს“.   გიორგი...
    ვრცლად