arrow
კატეგორიები
arrow
ავტორები
ბლოგი
გელა ჩარკვიანის სიტყვა შექსპირზე
04/09/2019

დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საგანგებო და

სრულუფლებიანი ელჩის, გელა ჩარკვიანის სიტყვა-სადღეგრძელო, წარმოთქმული

უილიამ შექსპირის 444-ე დაბადების დღის აღსანიშნავ წვეულებაზე, 2008 წლის 26 აპრილს

სტრედფორდ-ონ-ეივონში. სიტყვა შესულია წიგნში „ნაგერალა 80“.

 

ჩემო ლორდებო,

აღმატებულებანო,

ქალბატონებო და ბატონებო!

 

პირველ ყოვლისა, ორგანიზატორების მადლობელი ვარ იმ დიდი პატივისათვის, რომ მომცეს შესაძლებლობა სიტყვით გამოვსულიყავი იმ ადამიანის დაბადების დღის აღმნიშვნელ თავყრილობაზე, რომელსაც ისტორიაში ყველაზე დიდად მივიჩნევ. ვიცი, მის ამგვარ შეფასებაში მარტო არა ვარ – რამდენიმე მილიარდი ადამიანი ჩვენს პლანეტაზე იზიარებს ამ აზრს. მეორე მხრივ, თავი საკმარისი კომპეტენციის მქონედ არ მიმაჩნია იმისათვის, რომ მეცნიერულად განვმარტო მისი სიდიადის მიზეზები. ამ სიდიადის მოკრძალებული მოწმე ვარ მხოლოდ.

 

ამას წინათ მეგობარმა მთხოვა გამეხსენებინა, რომელი იყო პირველი თეატრალური წარმოდგენა, ბავშვობაში რომ ვნახე. რაგინდ უცნაურადაც უნდა გეჩვენოთ, ეს არ ყოფილა არც „წითელქუდა“ და არც „კონკია“. ეს იყო „ოტელო, ვენეციელი მავრი“. ყოველ შემთხვევაში, ეს არის წარმოდგენა, რომელიც ნათლად მახსოვს, შესაძლოა იმიტომ რომ აქ პირველად შევხვდი პირისპირ ისეთ ბოროტებას, რომელსაც ადამიანური ვნება კვებავდა. ეს იყო პირველი გზავნილი, რომელიც მივიღე ამქვეყნად მცხოვრებ ადამიანთა შემაშინებელი მრავალფეროვნების შესახებ. ზღაპრის მგლებისა და დრაკონებისა არ მეშინოდა, მაგრამ იაგომ შემაშინა. ოტელო და დეზდემონა ძალიან შემეცოდნენ და იმასაც გეტყვით, რომ მიუხედავად მავრის გრიმისა და მის მიერ ვენეციის ხშირი და ბოლოს კი ალეპოს ხსენებისა, სრულიად დარწმუნებული ვიყავი, რომ ორივე, ოტელოც და დეზდემონაც, ქართველები იყვნენ, ისევე როგორც გარეწარი იაგო, და საერთოდ სუყველა.

 

ზეპირად ვისწავლე ოტელოს, ასე ვთქვათ, გამოსამშვიდობებელი სიტყვა და ვართობდი ჩემს მშობლებს და მათ მეგობრებს უსასრულო ქართულ ქეიფებზე. „ჯერ შეიცადეთ, მათქმევინეთ ორიოდ სიტყვა...“ და ხანმოკლე პაუზის შემდეგ გავაგრძელებდი... ბუნებრივია, ყოველივე ამას ქართულ ენაზე ვაკეთებდი და ეს ასე ჟღერდა: „მე ვენეციის სახელმწიფოს გამგებელთათვის, გამიწევია სამსახური, თვითვე იციან“.

 

რაგინდ გაუგებარი და ეგზოტიკურიც უნდა იყოს ჩვენი ენა თქვენთვის, სინამდვილეში, ის, რასაც მე ქართულ შექსპირს ვუწოდებ, ბრიტანელი თეატრალებისთვის უცხო არ არის. ვფიქრობ, ამგვარი ტერმინი გამართლებულია, რადგან დღეს ბევრს მიაჩნია, რომ არსებობს იმდენი შექსპირი, რამდენ ენაზეცაა თარგმნილი მისი ნაწარმოებები. რადგან სიტყვამ მოიტანა, გეტყვით, რომ შექსპირის ტრაგედიების პირველი ქართული თარგმანები ორიგინალის ენიდან მე-19 საუკუნის შუახანებში გამოჩნდა და მათ გავლენას ქართული ლიტერატურის შემდგომ განვითარებაზე ხშირად სამართლიანად ადარებენ იმას, დაბადებისა და სახარების თარგმანებმა რომ მოახდინეს. ცნობილია, რომ მათ მნიშვნელოვნად გაამდიდრეს და გაამრავალფეროვნეს ადრეული შუა საუკუნეების ქართული ლიტერატურის ტრადიციები.

 

მაგრამ, მოდით დავუბრუნდები ქართული შექსპირის თემას ბრიტანეთში. დღემდე მის საუკეთესო გამოვლინებად უნდა მივიჩნიოთ თბილისის რუსთაველის თეატრის უდიდესი წარმატება 1980 წლის იანვარში, როცა დასმა რობერტ სტურუას მიერ დადგმული რიჩარდ მესამე წარმოადგინა ლონდონის რაუნდჰაუზის თეატრში. „ერთი რამ უდავოა, – წერდა ჯეინ ფენტონი „სანდი თაიმსში“ პრემიერის შემდეგ, – რუსთაველის თეატრმა თავისი „რიჩარდ მესამით“ სენსაცია მოახდინა“. „გარდიენის“ მაიქლ ბილინგტონი უფრო შორს წავიდა: „დარბაზის დატოვებისას გრძნობ, რომ ქართველებს შეუძლიათ არაერთი რამ გვასწავლონ იმის შესახებ, თუ როგორ უნდა დაიდგას შექსპირი“. ზოგმა წარმოდგენას ჰიპნოტური უწოდა, რადგან, მათი თქმით, სხვაგვარად ძნელია აიხსნას, თუ როგორ მოახერხა ამ სპექტაკლმა ორი კვირის განმავლობაში აევსო დარბაზი მაყურებლებით, „რომლებიც გულით იყვნენ მოწადინებული ესმინათ შექსპირის სიტყვებისთვის, მათთვის სრულიად გაუგებარ ენაზე რომ იყო თარგმნილი“.

 

ქართველები, ისე, როგორც მსოფლიოს ყველა სხვა ხალხი, ადვილად და ბუნებრივად აიგივებენ თავს შექსპირის გმირებთან, რადგან ისინი არქეტიპულია და დიდი სიზუსტითაა გამოქანდაკებული. გარდა ამისა, ეს პერსონაჟები – გამორჩეული სიმამაცის და კეთილშობილური თვისებების მქონე მამაკაცები და ქალბატონები, ისე, როგორც ძალაუფლების მოპოვების ჟინით შეპყრობილი ცნობილი შექსპირისეული არამზადები, მუდამ რომ შეთქმულებებს აწყობენ და ინტრიგებში ეხვევიან, ყველა ერის წარსულისა და აწმყოს ნაწილს წარმოადგენენ.

 

სწორედ ადამიანურ სისუსტეთა გამჭრიახი ხედვისა და ფაქიზად შეგრძნების გამო იყო, რომ შექსპირის პიესებს ხშირად არასასურველად მიიჩნევდნენ ათასგვარი წვრილმანი თუ ძლევამოსილი დიქტატორები და მათი ერთგული დამქაშები. და მაინც, მაშინაც კი, როცა შექსპირის ნაწერები შავ სიაში ხვდებოდა და იკრძალებოდა, მისი გმირები რაღაც იდუმალი გზებით აღწევდნენ ტირანიზებულ ხალხთა გულებამდე და ეხმარებოდნენ მათ, დაპირისპირებოდნენ თავიანთ მჩაგვრელებს.

 

როგორც ამბობენ, მეოცე საუკუნის უდიდესმა ტოტალიტარულმა იმპერიამაც კი მონუმენტური ნგრევა იმ ეპიზოდიდან დაიწყო, როცა მმართველი პოლიტბიუროს ქართველმა წევრმა, ბოლოს და ბოლოს, გაბედა ეთქვა მაშინ ჯერ კიდევ მომავალი გენერალური მდივნისათვის, მიხაილ გორბაჩოვისათვის ფრაზა, რომელიც რამდენადმე შექსპირულად ჟღერდა, იმის შესახებ, რომ „რაღაც (უფრო სწორად, ყველაფერი) დალპა სსრკ-ში“.

 

თავს იღბლიანად მივიჩნევ, რადგან ცხოვრებაში ერთხელ მეც შემიკვეთეს შექსპირის პიესის ქართულად თარგმნა. ეს „მეფე ლირი“ იყო და ბატონ სტურუას, რომელიც ადრე ვახსენე, ესაჭიროებოდა ის თანამედროვე ქართულ ენაზე თარგმნილი, რომელსაც დღევანდელი მაყურებელი ადვილად გაიგებდა. მე და ჩემს კოლეგა ქალბატონს ამ სამუშაოს შესასრულებლად ექვსი თვე დაგვჭირდა. ჩემი ცხოვრების ეს პერიოდი განსაკუთრებული იყო, თუმცა ცოტა მეძინა, რადგან ღამეც კი ვერაფრით ვახერხებდი შემეწყვიტა შესაფერი სიტყვებისა და გამოთქმების ძიება. მეორე მხრივ, ტექსტის ფაქიზ ნიუანსებზე ინტენსიური კონცენტრაციის საჭიროებამ მომცა შესაძლებლობა, სრულად დამენახა ბარდის (შექსპირის) სიდიადე. მასთან ერთად, ზოგი რამ უცნაურად მეჩვენა – გარითმული ორტაეპედი ბრწყინვალე თეთრი ლექსის ბოლოს. ზოგიერთი პასაჟის ენა არა თუ არ იყო, ასე ვთქვათ, ჯენტლმენური, აშკარად უხამსად ჟღერდა. მეტიც, ავტორი უზუსტობას იჩენდა ისტორიისა და გეოგრაფიის ფაქტების გამოყენებისას. მაგრამ, ვის-ვის და შექსპირს ეპატიებოდა ყველა ეს შეცოდება ერთი უბრალო მიზეზის გამო – იგი გენიოსი იყო.

 

მსოფლიო, რომელშიც დღეს ვცხოვრობთ, ყველაფრის – სიყვარულის, ბედნიერების, სიამაყისა და პრესტიჟის რიცხვებით გაზომვის სიგიჟითაა შეპყრობილი. როგორც თანამედროვე, ისე წარსულის პოლიტიკოსებისა და კულტურის სფეროში მოღვაწე პიროვნებების რეიტინგების დადგენა განსაკუთრებით პოპულარულია. ამ დღეებში ინტერნეტზე ასეთ შეკითხვას წავაწყდი – „ხომ არ ფიქრობთ, რომ შექსპირი გადაჭარბებულადაა შეფასებული“. შევწუხდი. და თუმცა მტკიცედ მწამს, რომ ყველას აქვს უფლება დასვას ყველანაირი შეკითხვა, რომელსაც საჭიროდ მიიჩნევს, ეს ერთი ჩემთვის მიუღებელი და მკრეხელური იყო. შექსპირის გენიალურობა განვლილი დროითაა გამოცდილი და ამ შეფასების დამაჯერებლობის გადასინჯვის საჭიროება არ არსებობს.

 

საქართველოში სადღეგრძელოს წარმოთქმისას ასე ვამბობთ, გაგიმარჯოსო. ეს სიტყვა ნიშნავს, ყოველთვის გამარჯვებული ყოფილიყავიო. შექსპირი საუკუნეების განმავლობაში გამარჯვებული იყო და ასე დარჩება იმ დღემდე, როცა დრო და სივრცე, რომლებსაც იგი ასე წარმატებულად უგულებელყოფდა, დაასრულებს არსებობას „ან სლუკუნით, ან გრუხუნით“ – მეორე დიდი პოეტის სიტყვებით რომ ვთქვათ. დარწმუნებული ვარ, რომ იმ დღეს ჰამლეტი, დანიის სამეფოს პრინცი, ჯერაც ცოცხალი იქნება, რათა აუწყოს თანაპლანეტელებს, რომ წინ „სხვა არაფერი დარჩა, გარდა მარადიული სიჩუმისა“.

 

გამხნევდით! იმ დღემდე სავარაუდოდ მილიარდობით წელი გვაშორებს. მანამდე კი ვიხალისოთ ცხოვრებით, რომელმაც, სხვა მრავალ განძთან ერთად, უილიამ შექსპირის საოცარი ფენომენი გვიბოძა.

 



სხვა ბლოგები
  • ილია ჭანტურიას ბლოგი – „ძველი სკოლის კვალდაკვალ“
    08/10/2020
    თურმე სერგეი ეიზენშტეინს უთქვამს, კინო არის გახსენების და დავიწყებისო. როდესაც ფილმს უყურებ, საჭიროა წინა...
    ვრცლად
  • აქ. ახლა მარიო ვარგას ლიოსასთან და ლანა კალანდიასთან ერთად
    27/07/2020
    30 ივლისს, 20:00 საათზე, ყველა მსურველს საშუალება აქვს ვირტუალურად დაესწროს ცნობილი პერუელი მწერლის, ნობელის...
    ვრცლად
  • ზაზა ბიბილაშვილი – „რატომ გვიყვარს მემარცხენეები“
    11/06/2020
    „ის, ვინც მტერთან ბრძოლით ცხოვრობს, დაინტერესებულია იმით, რომ მტერმა სიცოცხლე შეინარჩუნოს“.   გიორგი...
    ვრცლად