arrow
კატეგორიები
arrow
ავტორები
ბლოგი
ლანა კალანდია – „ვის უძღვნიან წიგნებს?“
20/09/2019

„აქ შენი სახელი უნდა იყოს“ – ამ ენიგმატური მიძღვნით იწყება ცნობილი მექსიკელი პოეტის, რუბენ ბონიფას ნუნიოსის პოეტური კრებული. ლიტერატურის ისტორიამ შემოგვინახა სხვა, გაცილებით მკაფიო შინაარსის მიძღვნები, რომელთა ადრესატები არიან მეგობრები, რედაქტორები, მშობლები, ცოლები, საყვარლები, შვილები და მტრებიც... ამ უკანასკნელის ყველაზე ცნობილი მაგალითი, ნობელის პრემიის ლაურეატის, ესპანელი მწერლის – კამილო ხოსე სელას მიძღვნაა, რომელმაც „პასკუალე დუარტეს ოჯახი“ თავის მტრებს მიუძღვნა: „ჩემს მტრებს, რომლებიც ასე დამეხმარნენ კარიერის შექმნაში“. ამ გრძელ და საინტერესო სიაში შეიძელება ვიპოვოთ თავისებური „არმიძღვნებიც“ – „ვაცხადებ მხატვრულ ლიტერატურად და არავის არ ვუძღვი“ (ბუკოვსკის „ფოსტა“).

 

მიძღვნებზე ფიქრისკენ მარიო ვარგას ლიოსას ბოლო თარგმანმა გვიბიძგა, რომელმაც ბევრი თავსატეხი გაგვიჩინა. ლიოსას მიძღვნის სირთულეს შინაარსობრივი ბუნდოვანების გარდა, სტილური სირთულეც ახლდა. ცხადია, მიძღვნის თარგმნა, შინაარსის გადმოცემის გარდა, სხვა კომპონენტებასაც მოიცავს – ტექსტი სხარტი და მოქნილი უნდა იყოს. საგანგებოდ გადავამოწმეთ ინგლისური და რუსული თარგმანები. ჩვენს ხელთ არსებულ არც ერთ გამოცემებში მიძღვნა თარგმნილი არ იყო. ინგლისურენოვან მთარგმნელს მხოლოდ იმ ორი ადამიანის სახელი მიეთითებინა, ვისაც წიგნი ეძღვნება. რუს მთარგმნელს არც ეს მიუჩნევია საჭიროდ. განვიხილეთ სხვადასხვა ვერსია, მათ შორის ესპანურენოვანი ტექსტის დატოვება და სქოლიოში მცირე განმარტება. ერთი გაფიქრება ისიც გავიფიქრე, თავად მწერლისთვის მიმეწერა, მაგრამ დრო არ ითმენდა...

 

„ლუის ლოაისას, ბორხესიანელ პეტიტ ტუარელსა და აბელარდო ოკენდოს, დელფინს, პატარა, მამაცი სარტრიანელისგან, გულითადი სიყვარულით – თქვენი ძმა მაშინ და ამჟამად.“

 

ვის მიუძღვნა მარიო ვარგას ლიოსამ „საუბარი კათედრალში“? ვინ არიან ლუის ლოაისა და აბელარდო ოკენდო?

 

ლუის ლოაისა პერუელი მწერალი, კრიტიკოსი და მთარგმნელი გახლდათ, რომელიც აბელარდო ოკენდოსთან (ლიტერატურის კრიტიკოსი, გამომცემელი, პროფესორი) და ვარგას ლიოსასთან ერთად იმ ვიწრო ლიტერატურულ წრეს ეკუთვნოდა, რომელიც პერუში გასული საუკუნის 50-იან წლებში გამოვიდა ლიტერატურულ ასპარეზზე. ამ დროიდან დაიწყო მათი დიდი მეგობრობა, სიცოცხლის ბოლომდე რომ გაგრძელდა. ამ ღრმა და საინტერესო ურთიერთობას ადასტურებს ლიოსას მოგონებები და პრესაში გამოქვეყნებული მიმოწერა. სამეცნიერო და პუბლიცისტურ წყაროებში მათ 50-იანელების სახელით მოიხსენიებენ. ამ სამ ადამიანს უკავშირდება ჟურნალი „ლიტერატურა“, რომლის სამი ნომერიც 50-იან წლებში გამოიცა ლიმაში. თანამოაზრეობისა და თანამზრახველობის დასტურია ის ფაქტიც, რომ ლოაისა და მარიო ვარგას ლიოსა, ამ უკანასკნელის ინიციატივით, ერთდროულად გაემგზავრნენ ევროპაში, სადაც ლოაისამ ცხოვრების ბოლო 30 წელი გაატარა. ლუის ლოაისას არ დაუტოვებია დიდი შემოქმედებითი მემკვიდრეობა (მას ეკუთვნის რამდენიმე მხატვრული ნაწარმოები, თარგმანები და ესეები), თუმცა მისი ღრმა ერუდიციითა და მაღალი ლიტერატურული გემოვნებით დაწერილი ტექსტები დღემდე პერუული ლიტერატურის საგანძურად მიიჩნევა. განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს მისი წერილები ბორხესზე და ესეი ჯოისის შესახებ, რომელსაც ლიტერატურისმცოდნეები ერთ-ერთ საუკეთესო ტექსტად მოიხსენიებენ იმათ შორის, რაც კი ოდესმე ჯოისზე დაწერილა. „ლოაისას პროზა ყველაზე დახვეწილია ისეთ ბრწყინვალე თაობაშიც კი, როგორიც 50-იანელების თაობა იყო... მის მოთხრობებს, განსაკუთრებით კი ესეებს უნიკალური სტილი აქვს, პერუულსა და უნივერსალურს შორის, რის გამოც, უდავოდ, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ხმაა ლათინოამერიკულ სამყაროში“ – წერს მარიო ვარგას ლიოსა. ლოაისას ხშირად იდუმალ, მისტერიულ მწერლად მოიხსენიებენ. ცნობილია, რომ ის გარიდებული იყო საზოგადოებრივ ცხოვრებას, არ უყვარდა საჯაროობა, არ ჩნდებოდა ღონისძიებებზე, არ მონაწილეობდა ლიტერატურულ დისკუსიებში. ამ თვისებებმა ლუის ლოაისას სახელი ერთგვარი მისტიური საბურველით შემოსა. ის იყო ადამიანი, რომელზეც 50-იან წლების პერუში ლეგენდების სერია შეიქმნა. ამბობდნენ, რომ მას „ყველა წიგნი ჰქონდა წაკითხული, რაც კი დაწერილა“. ხალხური მითოსის ნაწილი იყო პერუელ ახალგაზრდებში მოარული ლეგენდაც, რომ ლოაისა სულაც არ არსებოდა და ერთ-ერთი ბორხესიანული თამაში იყო, სადაც რეალობა და ფიქცია ერთმანეთშია არეული. „არ იძლეოდა ინტერვიუებს, არ აღელვებდა ლიტერატურული სამყარო. მხოლოდ აინტერესებდა კარგი წიგნები, რომელთაც ხარბად კითხულობდა და დროდადრო თარგმნიდა. იმ ეპოქაში ბევრი ახალგაზრდა ფიქრობდა, რომ ის მარიო ვარგას ლიოსასა და აბელარდო ოკენდოს შეთხზული მოჩვენება იყო და არა რეალური ადამიანი“ – იხსენებს პერუელი მწერალი ფერნანდო ამპუერო. ცნობილია, რომ ლოაისას ერთ-ერთი დიდი გატაცება ჭადრაკი იყო. ალბათ ამან დაუდო საფუძველი ლეგენდას, რომ მან ერთხელ ბობ ფიშერს სძლია ჭადრაკში. აღმოჩნდა, რომ ეს ამბავი სულაც არ ყოფილა ლეგენდა და 1965 წელს, ლოაისას მართლაც მოუგია მსოფლიო ჩემპიონისთვის, რომელიც ნიუ იორკში საჯარო ტურნირს მართავდა და ოცდახუთი დაფიდან მხოლოდ ერთი წააგო – ლუის ლოაისასთან.

 

„საუბარი კათედრალის“ მიძღვნაში ვარგას ლიოსა ლუის ლოაისას ბორხესიანელს უწოდებს, რაც სულაც არ უნდა იყოს გასაკვირი თუ გავითვალისწინებთ, რომ პირველად სწორედ ლოაისამ წააკითხა მას ბორხესის მოთხრობები; ლოაისას ესეებმა გაუკვლია გზა ბორხესის ინტელექტუალურ ლაბირინთებში; ლოაისა ბორხესის საუკეთესო მცოდნე იყო, ზეპირად იცოდა მისი ტექსტები და მეგობრების წრეში, ძალიან ხშირად, ხმამაღლა ციტირებდა. 1963 წელს პარიზში მყოფმა ვარგას ლიოსამ ინტერვიუ ჩაწერა ბორხესთან, რომელიც პარიზში შექსპირის საიუბილეო კონფერენციაზე იყო მიწვეული. ახალგაზრდა მარიო ვარგას ლიოსა პარიზის რადიოში ჟურნალისტად მუშაობდა. ამ ინტერვიუს შესახებ ნიუ იორკში გაიგო ლოაისამ, რომელიც იმხანად გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში თარჯიმნად მუშაობდა და ლიოსას საყვედურნარევი წერილი მისწერა: „აბელარდომ ახლახან გამომიგზავნა შენი ინტერვიუ ბორხესთან და ისეთი განცდა დამეუფლა, თითქოს მიღალატეს. როგორ შეიძლებოდა ვრცლად და დაწვრილებით არ მოგეწერა ამ შეხვედრის შესახებ? ვინ იფიქრებდა, ბორხესს შეხვდებოდი და მე არ გაგახსენდებოდი? ნუთუ ადამიანს აღარაფრის არ უნდა სწამდეს?“

 

„საუბარი კათედრალშის“ მიძღვნაში ლიოსა ლუის ლოაისას პეტიტ ტუართან ერთად მოიხსენიებს. ვინ იყო პეტიტ ტუარი და რა კავშირშია ლოაისასთან? ეს სახელი წყნარი ოკეანის მეორე ომთან, ეგრეთ წოდებულ გვარჯილის ომთან არის დაკავშირებული, რომელიც ჩილემ გვარჯილის საბადოების გამო წამოიწყო პერუსა და ბოლივიის წინააღმდეგ (1879-1883). დიდი ბრიტანეთის დახმარებით 1881 წელს ჩილელები ლიმაში შევიდნენ და პერუს ტერიტორიების დათმობა აიძულეს. ამ ომს პერუელების მხრიდან ჰყავდა მათი გმირი, ფრანგი ადმირალი პეტიტ (პეტი) ტუარ, რომელიც კალიაოში იყო დაბანაკებული ევროპის სხვა ნეიტრალურ სამხედრო ძალებთან ერთად. მშვიდობიანი მოსახლეობის წინაშე არსებული საფრთხით შეშფოთებულმა ევროპელმა სამხედრო მეთაურებმა, ადმირალ პეტიტ ტუარის დიდი მეცადინეობითა და ძალისხმევით, მირაფლორესში უცხოელი დიპლომატებისა და სამხედროების შეხვედრა გამართეს. ამ შეხვედრაზე მოეწერა ხელი მემორანდუმს მშვიდობიანი მოსახლეობის ხელშეუხებლობის შესახებ. ამ შეთანხმების წყალობით, ჩილეს ჯარის შესვლას ლიმაში მსხვერპლი და ნგრევა არ მოჰყოლია. ცნობილია, რომ ადმირალმა პეტიტ ტუარმა ჩილელი სამხედრო მეთაურები გააფრთხილა, თუ კალიაოს პორტს შეუტევთ, გაერთიანებული ძალები ჩილეს დაბომბავენო. გავა დრო და ისტორიკოსები არაერთგვაროვნად შეაფასებენ ფრანგი ადმირალის როლს ამ სამშვიდობო მოლაპარაკებაში, თუმცა, ლიმელებისათვის ის ბოლომდე დარჩება თავისუფლების სიმბოლოდ. ფრანგი ადმირალის ღვაწლის აღსანიშნავად, ლიმაში დღემდე არსებობს მისი სახელობის გამზირი და მემორიალი. ლოაისას მოხსენიება პეტიტ ტუარის კონტექსტში მკითხველმა შესაძლოა მეტაფორულად გაიაზროს, რაც სულაც არ არის გასაკვირი. ერთი შეხედვით, მართლაც რთულია პირდაპირი კავშირის პოვნა ფრანგ ადმირალსა და მიძღვნაში მოხსენიებულ მწერალს შორის. სიმართლე გითხრათ, ეს ჩვენთვისაც დიდი თავსატეხი აღმოჩნდა. ამ მისტერიის გასაღებს სრულიად შემთხვევით, არც თუ ისე დიდი ხნის წინ მივაგენი, როდესაც 50-იანი წლების ლათინური ამერიკის ლიტერატურაზე გამოქვეყნებულ სტატიებს ვათვალიერებდი და ჩემი ყურადღება ცნობილი პერუელი მწერლისა და კრიტიკოსის, მიგელ ოვიედოს წერილმა მიიპყრო. მიგელ ოვიედო ინტელექტუალების იმ ვიწრო წრეს ეკუთვნოდა, რომელიც ლოაისამ, ვარგას ლიოსამ, აბელარდო ოკენდომ და იმ ეპოქის რამდენიმე გამორჩეულმა ადამიანმა შექმნა 50-იან წლებში. ოვიედოს ნოსტალგიურ მოგონებებში სხვა საინტერესო ამბებთან ერთად, ჩემთვის ერთი ფრაზა აღმოჩნდა საგულისხმო: „ლუის ლოაისა პეტიტ ტუარის ქუჩაზე ცხოვრობდა“. სავარაუდოდ, სწორედ ამას გულისხმობდა „კათედრალის“ ავტორი (შესაბამისად, მიძღვნაში პეტიტ ტუარელი უნდა ეწეროს).

 

მიძღვნაში მოხსენიებულ აბელარდო ოკენდოს ლიოსა მეტსახელით – დელფინი – მოიხსენიებს. როგორც ჩანს, აბელარდოს განსაკუთრებული თავაზიანობისა და ნატიფი ქცევების გამო შეარქვეს ეს მეტსახელი. თუმცა, მიგელ ოვიედო თავის მოგონებებში აღნიშნავს, დღემდე არ ვიცი, ოკენდოს დელფინს რატომ ეძახდნენო. მეორე მხრივ, ეჭვს არ უნდა იწვევდეს ლიოსას მიერ საკუთარი თავის სარტრიანელად მოხსენიება. მკითხველს კარგად მოეხსენება ფრანგი ეგზისტენციალისტით მწერლის გატაცების შესახებ. ახალგაზრდა ლიოსა სრულად იზიარებდა სარტრის მოსაზრებას მწერლის მოვალეობისა და საზოგადოებრივი პასუხისმგებლობის შესახებ. სარტრი ჩემი ახალგაზრდობის განუყოფელი ნაწილიაო, წერს. ადრეული წლების ლიოსას „სარტრიანიზმი“ მჭიდროდაა დაკავშირებული მის მემარცხენე იდეოლოგიასთან. პირველი ბზარები ამ მსოფლმხედველობრივ სისტემას 60-იანი წლების ბოლოს გაუჩნდა, რაც კუბის კომუნისტური რეჟიმის, კერძოდ, ფიდელ კასტროს მიერ, კუბელი პოეტის, პადილიას დაპატიმრებას მოჰყვა. აქედან იწყება კომუნიზმით იმედგაცრუებული ვარგას ლიოსას თანმიმდევრული და მეთოდური სვლა ლიბერალიზმისკენ.

 

ლოაისას და აბელარდოს სახელებს უკავშირდება ლიოსას პირველი რომანის („ქალაქი და ძაღლები“) ამბავიც. გამოცემამდე ცოტა ხნით ადრე, მარიო ვარგას ლიოსამ წიგნის ხელნაწერი ლოაისას და ოკენდოს გაუგზავნა და მოუთმენლობითა და მღელვარებით აღსავსე წერილი მისწერა. ის სთხოვდა, თამამად გაასწორეთ და შენიშვნები გამომიგზავნეთო. თუმცა, ეს ამბავი ალბათ სხვა წერილის თემაა და ოდესმე დავუბრუნდებით...



სხვა ბლოგები
  • ილია ჭანტურიას ბლოგი – „ძველი სკოლის კვალდაკვალ“
    08/10/2020
    თურმე სერგეი ეიზენშტეინს უთქვამს, კინო არის გახსენების და დავიწყებისო. როდესაც ფილმს უყურებ, საჭიროა წინა...
    ვრცლად
  • აქ. ახლა მარიო ვარგას ლიოსასთან და ლანა კალანდიასთან ერთად
    27/07/2020
    30 ივლისს, 20:00 საათზე, ყველა მსურველს საშუალება აქვს ვირტუალურად დაესწროს ცნობილი პერუელი მწერლის, ნობელის...
    ვრცლად
  • ზაზა ბიბილაშვილი – „რატომ გვიყვარს მემარცხენეები“
    11/06/2020
    „ის, ვინც მტერთან ბრძოლით ცხოვრობს, დაინტერესებულია იმით, რომ მტერმა სიცოცხლე შეინარჩუნოს“.   გიორგი...
    ვრცლად