arrow
კატეგორიები
arrow
ავტორები
ბლოგი
ანი დიდიშვილის ბლოგი – „რას იწერება ემიგრაცია?“
02/10/2019

„...ერთი უბრალო ადამიანის ცხოვრებაც ერთი დიდი დაუწერელი რომანია“.

სოსო მეშველიანი

 

საქართველოში ქვა რომ ააგდო, თავზე აუცილებლად ისეთს დაეცემა, ოჯახის ერთი წევრი მაინც რომ ჰყავს უცხოეთში და წლები იმის მოლოდინში გაჰყავს, რომ მოძმე ემიგრანტი ერთ დღესაც თავის მიწას დაუბრუნდება. შორს რომ არ წავიდე, ბაბუა მყავს ემიგრაციაში და შვიდივე შვილიშვილისთვის ზაფხული ბაბუს ჩამოსვლასთან და მის გვერდით ერთი თვის გატარებასთან ასოცირდება. თუმცა, ჩვენი ცხოვრება ხანდახან ითხოვს ასეთ გადაწყვეტილებებს, ზოგისთვის ემიგრაცია ოჯახის რჩენის ერთადერთი საშუალებაა, ზოგიც სამშობლოდან შორს მიდის, რათა ისწავლოს და მომავალი უზრუნველყოს.

 

ის ორი წიგნი, რომელზეც ქვემოთ გიამბობთ, ავტორთა ემიგრაციისა და მათი უცხოური გამოცდილების შესახებ ჰყვება.

 

 

ბელა ჩეკურიშვილი „რაინისპირა ამბები“

 

ქართველებს შეგვიძლია სტერეოტიპების პროპაგანდით დავიკვეხნოთ, თანაც ამაყად. თუ საუკუნის წინ ერთი უწყინარი კაცი დაილაპარაკებს – ეს ასეაო, საუკუნის მერეც ეს ასე უნდა იყოს. არ იქნება და, დამრღვევს ვუსურვებ გამძლეობას იმ ტალღისთვის, რომელიც წინ ელის. ტალღა ბელა ჩეკურიშვილსაც დაეწია ერთ დღეს, როცა რამდენიმეწლიანი ჟურნალისტობის შემდეგ ცოდნის გაფართოებას მიჰყო ხელი და გადაწყვიტა გერმანიაში წასვლა. ვიღაცებმა გამოაცხადეს, რომ ეს უკანასკნელი დაგვიანებული სტუდენტია და ეს ამბავი არასოდეს ავიწყებს თავს. მართლაც, რა დროს ესაა?! ნახევარი ცხოვრება განვლილი გაქვს, სახლში ოჯახი დატოვე, შენ კიდევ ბონის უნივერსიტეტში და გერმანიის ქალაქებში დაპარპაშებ. ესეც შენი ემიგრაცია და განათლება.

 

„რაინისპირა ამბები“ 27 ნოველისგან შემდგარი წიგნია, რომელშიც ბელა ჩეკურიშვილი გვიყვება ეპიზოდებს გერმანიაში ემიგრაციიდან. ბონის უნივერსიტეტიდან 25 წუთის სავალზე (მატარებლით) ერთი ბინაა, სავსე ოთხი სტუდენტით, ოთხი გოგონათი და ოთხი ქვეყნით. მათ თანაცხოვრებაში კი სირთულეები, ბუნებრივია, არსებობს, განსაკუთრებით თუ ესპანელთან, ბრაზილიელსა და გერმანელთან ერთად გიწევს ცხოვრება, და მით უფრო, თუ თავად ქართველი ხარ. ავტორმაც... თავი მოუყარა ამ გერმანულ ამბებსა და კურიოზებს და გააერთიანა „რაინისპირა ამბებში“.


 

სოსო მეშველიანი „ალპური ყვავილები“

 

სოსო მეშველიანი ის ადამიანია, რომელმაც 17 წელი უცხოეთში დაჰყო. ჩვიდმეტმა წელმა მოიტანა ბევრი ამბავი, ადამიანი და ნოველების სახით თავი მოიყარა კრებულში „ალპური ყვავილები“.

 

„რომ ვუთხარი, უცხოეთში დავდივარ-მეთქი, თავისი ამბავი მომიყვა, როგორ აიღო მაღალპროცენტიანი სესხი, ვიღაც ქართველი შეპირებია გერმანიაში წაყვანას, ჩასულა კიევში და იმ გარეწარს გადაუგდია. უკან ვერ დავბრუნდებოდი ჩემი ვალების გადამკიდეო, იქაც ვიღაც დაპირებია უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე ფეხით გადაყვანას, სამი ღამე უთენებია უკრაინულ ზამთარში, ტყეში. გადასულა, პოლონეთში დაუჭერიათ, კაი ხანი აყურყუტეს თურმე, მერე რაღაცნაირად იქიდანაც გამოუღწევია... მერე კიდევ... მერე კიდევ...“. თანაც ეს ყველაფერი არაა. ყოველდღე ცოლი ურეკავს – „იქნებ გვიშველო რამე, მევალეები გვახრჩობენ, ცოტა ფული მაინც გამოაგზავნე, რომ პროცენტი დავფაროთ, არც ბავშვების ტანსაცმელი მაქვს, მალე სკოლა ეწყებათ, მარტო შენ გიჭირს ამისთანა უსაშველობა?“ და ეს მაშინ, როცა დათოს ჯიბის ფული არ აქვს, მაშინ, როცა დათო მწეველია, საშინელი მწეველი, სიგარეტის ფულიც არ რჩება და ახლა ქუჩაში შეგროვებული, გადაგდებული სიგარეტების შეკოწიწებას ცდილობს.

 

სამწუხაროდ, ეს არაა ერთადერთი ამბავი, რომელსაც ამ წიგნში ამოიკითხავთ და კიდევ უფრო სამწუხაროა, რომ დათო არაა ერთადერთი უიღბლო ქართველი ემიგრანტი.

 

წიგნი სწრაფად იკითხება და ჩრდილივით დაყვება დიდი ემოციური ტალღაც. სოსო მეშველიანი ის კაცია, საკუთარ ტყავზე რომ იწვნია უკვე ყველაფერი და გადაწყვიტა სხვებისთვისაც მოეყოლა თუ როგორ მძიმე პირობებში უწევთ ცხოვრება ემიგრანტებს, ყველანაირი შრომითი უფლებისა და შესაბამისი ანაზღაურების გარეშე, მშობლიური სახლ-კარისა და ოჯახისგან შორს, ამავდროულად, გაუთავებელი პრობლემების კვალდაკვალ. ერთი ნოველიდან/ჩანაწერიდან მეორემდე უსამართლობის გრძნობა მეტად გწვავს და გიღრღნის სულს, იმდენად, რომ ბოლო ფურცლის შემდეგაც დიდი დროა საჭირო ამ ემოციის ჩასახშობად.


 

 



სხვა ბლოგები
  • ილია ჭანტურიას ბლოგი – „ძველი სკოლის კვალდაკვალ“
    08/10/2020
    თურმე სერგეი ეიზენშტეინს უთქვამს, კინო არის გახსენების და დავიწყებისო. როდესაც ფილმს უყურებ, საჭიროა წინა...
    ვრცლად
  • აქ. ახლა მარიო ვარგას ლიოსასთან და ლანა კალანდიასთან ერთად
    27/07/2020
    30 ივლისს, 20:00 საათზე, ყველა მსურველს საშუალება აქვს ვირტუალურად დაესწროს ცნობილი პერუელი მწერლის, ნობელის...
    ვრცლად
  • ზაზა ბიბილაშვილი – „რატომ გვიყვარს მემარცხენეები“
    11/06/2020
    „ის, ვინც მტერთან ბრძოლით ცხოვრობს, დაინტერესებულია იმით, რომ მტერმა სიცოცხლე შეინარჩუნოს“.   გიორგი...
    ვრცლად