„ოლგა“ ის წიგნია, რომლითაც ნებისმიერი ადამიანი შეძლებს იმოგზაუროს დროში და ამასთან ერთად, შეიგრძნოს ორი რადიკალურად განსხვავებული ადამიანის სიყვარულის ამბავი. ბერნჰარდ შლინკი თავის რომანში დიდგვაროვანი, ამბიციური ჰერბერტისა და ობოლი, ორდინარული ოლგას სიყვარულზე გვიყვება, რომელიც მე-20 საუკუნის თითქმის ყველა მნიშვნელოვანი მოვლენის ფონზე ვითარდება.
ოლგას რომანის პირველივე გვერდიდან ვეცნობით, მოგვიანებით ჰერბერტსაც. დასაწყისშივე გიჩნდება კითხვა ამ პერსონაჟებთან დაკავშირებით – „რა ელით?“ და ამ ინტერესით ერთი ამოსუნთქვით იკითხება წიგნიც. ოლგა და ჰერბერტი ერთმანეთის ანტიპოდები არიან, ამას ოლგას სიტყვებიც ადასტურებს: „შენ არ იცი, რას ნიშნავს იყო მე, მაგრამ არც მე ვიცი, რას ნიშნავს ვიყო შენ“. როდესაც ოლგა სოფლის ჩვეულებრივ ცხოვრებას სჯერდებოდა, ამ დროს ჰერბერტი ყოველთვის დიდი მიზნებისკენ მიისწრაფოდა, მაგრამ მათ სიყვარულს ეს ხელს არ უშლიდა. ჰერბერტი უსასრულობას მიელტვოდა, ხოლო ოლგას ეს უსასრულობა ყოველთვის აშინებდა მით უმეტეს მაშინ, როდესაც ჰერბერტის ლექსიდან წაიკითხა ფრაზა: „გერჩივნოს ცხოვრების შუაგულში მოგცელოს სიკვდილმა“.
მკითხველი ჯერ კოლონიზაციის პერიოდში ხვდება და ჰერბერტთან ერთად უდაბნოს იკვლევს, შემდეგ პირველი მსოფლიო ომისა და მეორე მსოფლიო ომის სიმწარეს შეიგრძნობს ოლგა რინკესთან ერთად. ამასობაში ჩვენ ვხედავთ პერსონაჟების შეხედულებათა ცვლილებებს, ვიკვლევთ გერმანულ ხასიათსა და მათ დამოკიდებულებებს გარდამტეხი მოვლენების მიმართ.
მთავარი პერსონაჟების – ოლგასა და ჰერბერტის გარდა, რომანში მრავალი სხვა საინტერესო გმირიც გვხვდება, მაგალითად ოლგას ახალგაზრდა მეგობარი ფერდინანდი. ფერდინანდი, რომელიც ერთი ჩვეულებრივი ადამიანია და დიდი მიზნებიც არა აქვს, ერევა ოლგას ცხოვრების საიდუმლოთა მორევში, და იკვლევს მას, მისი შეხედულებებით, და ამ პროცესში კარგად ჩანს თაობათაშორისი აზრთა სხვადასხვაობა, რაც დღესაც ძალიან აქტუალურია. ოლგას არ მოსწონს უსასრულობის იდეაზე დამყარებული ახალგაზრდობა, რომელიც მიაჩნია, რომ თავისი პროტესტით შეძლებს სამყაროს შეცვლას.
დროში მოგზაურობისა და სასიყვარული ისტორიის გარდა, თავგადასავლებიც არ აკლია მაია ფანჯიკიძის მიერ თარგმნილ წიგნს. ყველაზე სასიამოვნო ძველი წერილების წაკითხვა აღმოჩნდა, თუ როგორი ჩამთრევია სხვა ადამიანების ცხოვრების შესწავლა მათივე ინტერპეტაციით. ბარათები გვიმარტივებს ოლგას განცდების შეცნობას – მთავარი პერსონაჟის გამხელილი თუ სამუდამოდ დამარხული საიდუმლოები კი თითქოს გვაახლოვებს დრამატულ ფინალთან, რომელიც სწორედ შინაგანი და დიდხანს დაგუბებული პროტესტის აქტია...