arrow
კატეგორიები
arrow
ავტორები
ბლოგი
ანი დიდიშვილის ბლოგი – „რა ფერია ცხოვრება?“
30/10/2019

1983 წელს პულიცერის პრემიის ისტორიაში მოხდა უპრეცედენტო შემთხვევა და ჯილდო გადაეცა ფერადკანიან ქალ ავტორს, ელის უოკერს ნაწარმოებისთვის „იისფერი“. წიგნი, რომელმაც რომანისტსა და პოეტს ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ლიტერატურული პრემია მოუპოვა, არაერთხელ გახდა ცენზურის მსხვერპლი და ამოღებულ იქნა სხვადასხვა ქვეყნის ბიბლიოთეკებიდან. აკრძალვებს ბევრი მიზეზი ჰქონდა: ავტორი არ შეუშინდა არაფერს და ხმა აიმაღლა რასიზმის, პედოფილიისა და ძალადობის წინააღმდეგ. და მაინც, მთავარი მიზეზი ჭეშმარიტად ერთია: „იისფერი“ ყვიროდა სიმართლეს!

 

წიგნში მოქმედება 1930-იანი წლების ჯორჯიის შტატში მიმდინარეობს. იქ, სადაც აფროამერიკელი ქალები მამაკაცებს სექსუალური მოთხოვნილების დამაკმაყოფილებელ არსებებად ესახებათ და არა სრულუფლებიან მოქალაქეებად, თავად ქალები კი წიხლის თუ მუშტის შიშით არსებულ მდგომარეობას მორჩილად ეგუებიან. სილი 14 წლის გოგონაა, რომელზეც მამინაცვალი ძალადობს და ამ ასაკში უკვე ორი შვილის დედაა. არც მომავალი აძლევს მას ამოსუნთქვის საშუალებას და ცოლად მიჰყვება თავისზე ბევრად უფროს, მოძალადე მამაკაცს, რომელსაც თავის მხრივ 4 შვილი ჰყავს. სილის ერთადერთი კეთილისმსურველი მისი და ნეტია. თუმცა, მალევე სილი ისევ მარტო რჩება, რადგან ნეტი დის ქმარს სექსუალური შევიწროების გამო გაურბის. ამ გაჭირვებაში სილის ისღა დარჩენია, წერილები წეროს, თავის შესახებ მოუყვეს ღმერთს.

 

ნაწარმოების ერთ-ერთი მთავარი ქვაკუთედი პროტაგონისტის წერილების ადრესატის ცვლაა – როგორ ქრება „ძვირფასო ღმერთო“ და მის ადგილს იკავებს „დაო ნეტი“. სილის ცხოვრება ერთი დიდი ამბავია, მას არავინ ჰყავს გვერდით ისეთი, ვინც მოუსმენს, ვინც დაამშვიდებს, რჩევას მისცემს... დამეთანმებით, ძნელია მარტო ცხოვრება იმ კაცთან, ვიც გამუდმებით არარაობად გაგრძნობინებს თავს, არ გაძლევს სწავლის უფლებას, არადა, კლასში გამორჩეული მოსწავლე იყავი; ეს კაციც იმდენად არ გიყვარს, რომ მის სახელს არც არასოდეს ახსენებ, ყველაფრის კულმინაცია კი საკუთარი დის გაქრობაა შენი ცხოვრებიდან და ისღა დაგრჩენია, ღმერთს ესაუბრო. ეს უკანასკნელი ყოველთვის მზადაა მოგისმინოს, მას უბრალოდ სხვა არჩევანი არ აქვს, აუცილებლად გისმენს. ლოგიკურია, „დაო ნეტი“-ს გაჩენა წერილის სათავეში სილის ცხოვრების ახალ ეტაპს მოასწავებს. როგორც ჩანს, ღმერთის გარდა სხვასაც ჰქონია სურვილი, უსმინოს მთავარ პერსონაჟს. გამოდის, ნეტი დაბრუნდა და ნაწარმოებიც ახალ წრეს იწყებს.

 

თუ გახსოვს ერთხელ მითხარი, რომ გრცხვენოდა ბევრი რამის, რაც ცხოვრებაში შეგემთხვა და ღმერთთანაც გიჭირდა ამ თემაზე საუბარი. უფრო დაწერა გერჩია, მაგრამ წერა შენთვის ტანჯვა იყო. ახლა ვიცი, რასაც გულისხმობდი. წაიკითხავს თუ არა ღმერთი შენს წერილებს, ვიცი, რომ შენ მაინც განაგრძობ წერას“.

 

როგორც უკვე აღვნიშნე, სილი არასოდეს ახსენებს ქმრის სახელს. ეს პერსონაჟი იმდენად ტანჯავს, იმდენად ასახიჩრებს გოგონას ცხოვრებას, რომ ლამის ევფემიზმად იქცეს. და თუ მაინც ცნობილი გახდა თქვენთვის ამ „იდუმალი“ მამაკაცის ვინაობა (და ეს დიდ სირთულეს არც წარმოადგენს) იცოდეთ, სილის ის არ უხსენებია, მისთვის „მისტერ _____“-ც საკმარისია.

 

„იისფერის“ პერსონაჟი ქალები რადიკალურად განსხვავდებიან ერთმანეთისაგან და საერთო მხოლოდ სქესი აქვთ. თუ სილი გაწნულ სილას მეორე ლოყას უშვერს, სოფია არ ეპუება არავის და საპასუხო დარტყმაზე გადადის; თუ სილი ნაღვლიანია, შიგ ავერი, ჯაზის მომღერალი ქალი, ენერგიას ვერ იტევს და უხვად გასცემს; თუ სილის ცხოვრებამ სწავლის უფლება არ მისცა, ნეტი მოშორდა ჯორჯიის შტატს და ახლა აფრიკაში ეხმარება ბავშვებს. თუმცა, სასიამოვნოა ის ფაქტი, რომ ასეთი განსხვავებული ქალები სოლიდარობას უცხადებენ ერთურთს, ახლოვდებიან და ერთად ებრძვიან მამაკაცების კულტს და საბოლოოდ, ეს ბრძოლა მათი რევანშით სრულდება.

 

„იისფერი“ რომ წავიკითხე, რამდენიმე დღე ვფიქრობდი ქალებზე, უოკერის ქალებზე. ვფიქრობდი სოფიაზე, სილის მეზობელზე, ვფიქრობდი შაგზე, სილის ქმრის საყვარელზე, ვფიქრობდი უოკერზე, მწერალზე, რომელმაც ეს ქალები, სხვადასხვა იდეოლოგიის ფონზეც კი ასე ჰარმონიულად შეაზავა ერთმანეთში. სწორედ სოფიასა და შაგში, ქალებში, რომლებიც იბრძვიან ბედნიერებისა და თავიანთი უფლებებისათვის, ხედავს სილი იისფერს – “True colour of female power“. იისფერი ხომ წითელისა და მუქი ლურჯის, ბედნიერებისა და ტკივილის შერწყმაა. „ცხოვრება არც მარტო ბედნიერი წითელია ან ნაღვლიანი ლურჯი, არამც და არამც, ცხოვრება იისფერია!“ – გვერდს ვერ ავუვლი ერთ-ერთი მკითხველის დადებით შეფასებას Goodreads-ზე.

 

...არც მთარგმნელს დავტოვებ უყურადღებოდ. გია ბერაძემ თხრობის ყველა სახასიათო შტრიხი, რომელიც მწერალმა გამოიყენა „იისფერის“ შექმნისას, ქართულ ვარიანტში მაქსიმალურად შეინარჩუნა. და ბოლოს, როგორც ელის უოკერი იტყოდა: „ხო, მე ღარიბი ვარ. ხო, მე შავი ვარ, შეიძლება მახინჯიც და საჭმლის კეთებაც არ ვიცი, უთხრა ხმამ ყველას, ვინც უსმენდა. მარა მე ვარ, ვარ. ამინ.“

 



სხვა ბლოგები
  • ილია ჭანტურიას ბლოგი – „ძველი სკოლის კვალდაკვალ“
    08/10/2020
    თურმე სერგეი ეიზენშტეინს უთქვამს, კინო არის გახსენების და დავიწყებისო. როდესაც ფილმს უყურებ, საჭიროა წინა...
    ვრცლად
  • აქ. ახლა მარიო ვარგას ლიოსასთან და ლანა კალანდიასთან ერთად
    27/07/2020
    30 ივლისს, 20:00 საათზე, ყველა მსურველს საშუალება აქვს ვირტუალურად დაესწროს ცნობილი პერუელი მწერლის, ნობელის...
    ვრცლად
  • ზაზა ბიბილაშვილი – „რატომ გვიყვარს მემარცხენეები“
    11/06/2020
    „ის, ვინც მტერთან ბრძოლით ცხოვრობს, დაინტერესებულია იმით, რომ მტერმა სიცოცხლე შეინარჩუნოს“.   გიორგი...
    ვრცლად