ანი დიდიშვილის ბლოგი – „ლექსო-მაია. დანტეს წრეები. ვითომ“
მე დავიბადე ზუსტად იმ დღეს, როცა ასტრიდ ლინდგრენი თავის 92-ე დაბადების დღეს აღნიშნავდა შუაგულ შვედეთში, იმ წელს, როცა საქართველო გახდა ევროპის საბჭოს წევრი, ქართველმა ალპინისტებმა კი ევერესტის უმაღლეს წერტილს მიაღწიეს; მე დავიბადე ორი საუკუნის გასაყარზე, პოსტსაბჭოთა ქვეყანაში, 1999 წელს, მაშინ, როცა თავის დაბანის რიტუალი კვლავაც უმაღლეს დონეზე იყო აყვანილი და მოითხოვდა ისეთი ხელსაწყოების მომარაგებას, როგორიცაა, მაგალითად, ე. წ. „ლახანკა“ და პატარა ჯამი, რომელიც დაბანას მოწადინებულ ინდივიდს ფასდაუდებელ სამსახურს უწევდა და წყალს აპკურებდა სხეულის სასურველ ნაწილზე. მე, რამდენიმე დღის (გნებავთ, თვის) არსება, ამ საქართველოს და მთელ ამ ხელოვნებას დიდი ოპტიმიზმითა და უკბილო, უდარდელი ღიმილით ვპასუხობდი.
მე და ჩემი თაობა (+-2) უცნაურ პერიოდში შევუერთდით ამქვეყნიურ ყოფას. ჩვენ სხვანაირ საქართველოში ვცხოვრობთ, სხვანაირ გარემოში, სხვანაირი წესებით. ჩვენ არ ვიყენებთ „ლახანკას“, არ ვხმარობთ „გრელკას“, გვაქვს შუქი, წყალი, გაზი, ტელეფონი, უკვე კაი ხანია wifi-ც კი გვაქვს... და მაინც, სულ დაგვყვება გასული საუკუნის ბოლო დეკადის აჩრდილი და პერიოდულად გვახსენებს თავს. ჩვენ ის თაობა ვართ, რომელიც 90-იანებში არ დაბადებულა (გროტესკულად ვიღიმი, რამეთუ 1999-ში დავიბადე), მაგრამ რამდენიმე წელი მაინც გაუგო ამ უკანასკნელს გემო.
„38, 44“ ნესტან ნენე კვინიკაძის მესამე რომანია, რომელსაც მკითხველი მწერლის ათწლიანი შემოქმედებითი პაუზის შემდეგ გაეცნობა. ნაწარმოებში სიუჟეტური ხაზი 1997 წლის თბილისში ვითარდება და ორ პარალელურ – წარმოსახვით და რეალურ სამყაროს მოიცავს. რომანში პერსონაჟთა პალიტრა მრავალფეროვანია, თუმცა მათ შორის იკვეთება ორი მთავარი გმირი, რომელიც 90-იანების თბილისს, მთელი თავისი დიდებულებით გვაცნობს იმათ, ვინც ამ სანახაობას უბრალო ფორსმაჟორის გამო ვერ შეესწრო.
„38, 44“ არ არის მხიარული რომანი, რომელსაც დაგემოვნებით წაიკითხავთ. დროის ჭრილში თუ შევხედავთ, უკვე არაერთხელ უთქვამთ, ერთი საღამოც კი საკმარისია ბოლო გვერდამდე მისვლისთვისო, თუმცა ის ერთი საღამო ნამდვილად არ კმარა ყველა მოვლენის გასაანალიზებლად. „38, 44“ მოითხოვს ფიქრს, ფიქრს პერსონაჟებზე, 90-იანების თბილისზე, ნაწარმოების სათაურსა და სხვა მრავალ დეტალზე, რომლის წამოწევაც მწერალმა ჩვენთვის არ დაიშურა.
მეც, როგორც ყველა მკითხველი, კითხვის პროცესში, პარალელურად ვახვევდი გონებაში ერთი კადრიდან მეორეს და ამ დროს არაფერი ყოფილა ნათელი და კაშკაშა, ყველა სურათი ნაცრისფერი, ჩაბნელებული მეჩვენებოდა, ყველა სახლი 90-იანების რემონტით, ყველა ქუჩა ლამპიონებით (თუმცა ანთებული ნათურით არა), ყველა შენობის კედელი უძველესი პოსტერით მოპირკეთებული – თუმცა არა, ეს დღესაც ასეა... მეც ლექსოსა და მაიას გვერდით უხილავი პერსონაჟი ვიყავი, ორუელის დიდი ძმა, რომელიც ყველაფერს ხედავს, იმ განსხვავებით, რომ მე მხოლოდ დანახვით ვკმაყოფილდებოდი და მესმოდა მათი, როგორ ცდილობდნენ სამყაროს შესაძლო ვარიაციები შეექმნათ წარმოსახვით, რადგან რეალობა ამის შესაძლებლობას არ იძლეოდა.
როგორც ზემოთ ვთქვი, რომანს ორი მთავარი გმირი ჰყავს: ლექსო და მაია. ლექსოს გერმანიაში ცხოვრების შემდეგ სურს კინომცოდნე გახდეს. ამ გადაწყვეტილებას საქართველოში შემდეგი რეაქციები მოჰყვა:
„დედამ – რატოო?
მამამ თქვა – შენი იმედი არასოდეს მქონიაო.
მამას მეგობარმა – გერმანიაში პიდარასტი გახდიო?“
ლექსო გერმანიაში ვინ გახდა არ ვიცი, მაგრამ საქართველოში მაინც დაიწყო კინომცოდნეობის შესწავლა, თუმცა კი ესმოდა ამ იდეის უტოპიურობა. დიახაც, პარადოქსულია, გახდე კინომცოდნე საქართველოში, იმ ქვეყანაში, სადაც კინოკრიზისია და ფილმის გადაღება ლამის დეკადის მთავარი მოვლენაა. მისი პერსონაჟი ნაწარმოებში ძალიან მომწონს, ყველაფერს გროტესკულად აღიქვამს და ცდილობს, მკითხველს მხიარულად მოუთხროს მისი წარსული და აწმყო, თუმცა მის ხმაში იგრძნობა ტრაგედია, იუმორნარევი სიბრალული თავისი მიძინებული ქვეყნის მიმართ და იუმორს მოკლებული სიბრალული ბებიის მიმართ, რომელიც ალცჰაიმერითაა დაავადებული.
„ის ქალი ახლა ჩემ წინ დგას და მარცხენა ხელის მთელ მტევანს საცვალში იტენის. ამაზე არ მეცინება, ამას ვერ დავცინი, იმიტომ, რომ ეს არაა ლიტერატურა. ცხოვრებაში რაც ხდება, ხშირად იმას ვერ იტანს ლიტერატურა. ფორმა რასაც არა აქვს, ვერ დავცინებ.“
მშობლების უცხოეთში ყოფნის, ალცჰაიმერით დაავადებული ბებიისა და უპერსპექტივო საგნის სწავლის ფონზე ლექსოსთვის შვება ამქვეყნიურობას მოწყვეტა და ლიტერატურის სამყაროში აბსორბციაა. თამაში მარტივია: ერთი წიგნის პერსონაჟს თავისი ნაწარმოებიდან აგდებ და სხვა რომანის პროტაგონისტს (გნებავთ ანტაგონისტს) ახვედრებ. მე, მაგალითად, დიდი სიამოვნებით დავაჯახებდი იოზეფ კ.-სა და უცხოს, პოპკორნს მოვიმარჯვებდი და მათი დიალოგის მსმენელად მოგევლინებოდით.
რომანის – „38, 44“ მეორე ნარატორი მაიაა, რომელიც სტომატოლოგიას სწავლობს, რათა არ დაუშვას რამდენიმე წლის შემდეგ ღიმილის გაქრობა ქართველ ქალ-ვაჟთა სახეებიდან. მაია ერთი ჩვეულებრივი 90-იანელი გოგონაა, სხვებისგან არაფრით გამორჩეული, მისი პერსონაჟი ლექსოსთან შედარებით უფრო ტრაგიკულია და მის თხრობაში არასოდეს იგრძნობა იუმორი. თვითგადარჩენის მიზნით მაია თანხმდება მეგობრის შემოთავაზებას და გარდაცვლილ ადამიანებს ეხმარება, დანტეს წრეებში მაკიაჟით შეაღწიონ, სანაცვლოდ კი საკმაო ფულს იღებს. ვინაიდან და რადგანაც მაიას ეშინია გარდაცვლილების, საქმის გამარტივების მიზნით იწყებს ამბების შეთხზვას ამ უკანასკნელთა შესახებ. ეს მეთოდი ამართლებს.
რომანში ერთ-ერთი საკვანძო სიტყვაა „ვითომ“. სიტყვა, რომელსაც განსაკუთრებულად დიდი სიხშირით პატარა ბავშვები იყენებენ, ის ბავშვები, რომელთა წარმოსახვის დაუსაზღვრელობა გვაოცებს ხოლმე მოზარდებსა და შედარებით უფროს თაობას. მაიაც და ლექსოც ბავშვები არიან, ვითომ სამყაროში ცხოვრობენ, ვითომ კინკლაობენ, ვითომ დისიდენტები არიან, ვითომ მათ მეგობრებს იჭერენ, და საერთოდაც, ლექსო, მაია, საქართველო და 1997 წელი ერთი დიდი „ვითომ“-ია.
ნესტან ნენე კვინიკაძე სათაურშივე ხელში გვაჩეჩებს ინტერპრეტაციის პირველ შესაძლებლობას და გვიწევს ფიქრი 38-ისა და 44-ის დატვირთვაზე. მიყვარს ასეთი სათაურები, ვფიქრობ, ენიგმურობას სძენენ წიგნებს და შენც რაღაცნაირად ხელს გკრავენ მათი მნიშვნელობის გასაგებად. როგორც თავად მწერალი ამბობს, ეს უბრალო რიცხვები ბევრ რამეს განასახიერებს და მათ შორის ერთ-ერთ ალტერნატივაზე არჩევანის შეჩერება მისი უდიდებულესობა მკითხველის პრივილეგიაა.