arrow
კატეგორიები
arrow
ავტორები
ბლოგი
ნინი ნაცვლიშვილის ბლოგი – „სინათლის მოლოდინში“
15/01/2020

„ხშირად ხდება ხოლმე, რომ ყველა მართალია და ამ სიმართლეებში

ვიღაც ისრისება, ვიღაც უბრალო.“

 

ბოლოდროინდელი მოვლენების გათვალისწინებით, ამდენი ახალგაზრდა ადამიანის სიცოცხლე რომ შეეწირა უსამართლობას და ამდენი დასახიჩრდა, რატომღაც დათია ბადალაშვილის წიგნიდან ეს სიტყვები განსაკუთრებით მნიშვნელოვნად მივიჩნიე და ბლოგის ეპიგრაფადაც გამოვიტანე. „ფიჭვები შორს იყო“ ხომ უბრალო ადამიანების შესახებაა – სიყვარულზე, მეგობრობაზე, სიკვდილსა და ტრაგედიაზე, ყოფის ნამცვრევებიც რომ შეერევა ხოლმე.  

 

კიდევ რაზეა და – დედაშვილური ამბებიდან ადამიანის სიკვდილის შემდეგ დატოვებულ დიდ სიცარიელეზე; მეგობარზე, რომლის მცირე ჟესტმაც კი შეიძლება შეცვალოს უიმედო კაცის ცხოვრება, რადგან „არის რაღაცები, რისთვისაც ღირს იცხოვრო, ის რაღაცები, რომლებიც გაძაღლებულ სიცოცხლეს გაძლებინებს.“ არაერთ ნოველაში შეხვდება მკითხველი ცხოვრების ირონიასა და ადამიანების ტრაგედიას, რომელთათვის ცხოვრება იმაზე რთული აღმოჩნდა, ვიდრე წარმოედგინათ. ეს წიგნი დიდებზეცაა, რომლებიც ბავშვებზე სასტიკები არიან, მაგრამ ბავშვებისგან განსხვავებით, ამას კარგად მალავენ; პასუხგაუცემელ სიყვარულზე და მისგან დატოვებულ სევდაზეა; თბილ ურთიერთობებსა და სოფლის მონატრებაზე...

 

თითქმის ყველა ნოველაში გვხვდება სიკვდილი, როგორც თანამდევი პერსონაჟი, როგორ განიცდის და ელოდება თითოეული ადამიანი მის ჩრდილს, მის გამოჩენას. ერთ-ერთი ნოველა, რომელსაც „ბებრის სიკვდილი“ ჰქვია, რწმენისა და თანამედროვე რელიგიის უმნიშვნელოვანეს საკითხზეც დაგვაფიქრებს:

 

„როცა ვერ ვპოულობ კითხვაზე პასუხს, როცა პირველყოფილივით მეშინია მეხის, მე მწამს ღმერთი და ისევე მჭირდება, როგორც ქოლგა თავსხმა წვიმის დროს.

 

ოღონდ არასდროს გამომიდვია თავი ჩემი ღმერთისთვის. არ მითქვამს, რომ ჩემი ღმერთი უკეთესია სხვის ბუდაზე, კრიშნაზე თუ იროკეზულ ტოტემზე.

 

რატომ?!

 

იმიტომ, რომ ლაპარაკი იმაზე, შენი რწმენაა მართალი თუ სხვისი, გოიმობაა და მეტი არაფერი.

 

მღვდელი ხომ არ ვარ, მოლასათვის მრევლის წართმევას რომ ცდილობს?!“

 

ჩვენში ხშირად იჭყლიტებიან უბრალო ადამიანები უსამართლოდ, ორი მხარის ვითომ სიმართლეების გამო. მათი ტანჯვის, გარიყვის პროცესი ღრმად, ლაკონიურადაა აღწერილი – რაღაცით გოდერძი ჩოხელის ნოველების ასოციაციაც გამიჩნდა.

 

...„მე მაინც ველოდები სინათლეს, რომელიც მოდის, გზაშია. დინჯად, მოთმინებით“ჩვენც, დათია ბადალაშვილის პერსონაჟებისა არ იყოს, ეტყობა დიდხანს მოგვიწევს ბრძოლაც და ლოდინიც ამ სინათლისა და სიმართლისთვის...

 



სხვა ბლოგები
  • ილია ჭანტურიას ბლოგი – „ძველი სკოლის კვალდაკვალ“
    08/10/2020
    თურმე სერგეი ეიზენშტეინს უთქვამს, კინო არის გახსენების და დავიწყებისო. როდესაც ფილმს უყურებ, საჭიროა წინა...
    ვრცლად
  • აქ. ახლა მარიო ვარგას ლიოსასთან და ლანა კალანდიასთან ერთად
    27/07/2020
    30 ივლისს, 20:00 საათზე, ყველა მსურველს საშუალება აქვს ვირტუალურად დაესწროს ცნობილი პერუელი მწერლის, ნობელის...
    ვრცლად
  • ზაზა ბიბილაშვილი – „რატომ გვიყვარს მემარცხენეები“
    11/06/2020
    „ის, ვინც მტერთან ბრძოლით ცხოვრობს, დაინტერესებულია იმით, რომ მტერმა სიცოცხლე შეინარჩუნოს“.   გიორგი...
    ვრცლად