arrow
კატეგორიები
arrow
ავტორები
ბლოგი
გვანცა ჯობავას ბლოგი – „დისტანციური გაკვეთილების შემდეგ საკითხავი წიგნები“
27/03/2020

მთელ მსოფლიოსა და მათ შორის საქართველოშიც გავრცელებული კორონავირუსის გამო დღეს უამრავი ადამიანი  მეტად არაბუნებრივ მდგომარეობაში, თვითიზოლაციაში აგრძელებს ცხოვრებას, ზოგი დისტანციური მუშაობის ახალ მოდელთან ცდილობს გამკლავებას, ზოგი იძულებით შვებულებაშია, სახლში არიან მოსწავლეები თუ სტუდენტები, რომელთაც ასევე დაუგეგმავი არდადეგები აქვთ, ან პედაგოგებთან ერთად სწორედ ახლა ცდილობენ, დისტანციურ სწავლებას აუღონ ალღო. ასეა თუ ისე, შინიდან ვერ და სრულიად შეგნებულად არგასვლის პირობებში, მოსახლეობის უმრავლესობას უამრავი თავისუფალი დრო გამოუჩნდა. ასეთ დროს, ალბათ მნიშვნელოვანია მოვიფიქროთ, ისეთი რა შეიძლება სახლში ყოფნის დღეებში გავაკეთოთ, საინტერესოც რომ იყოს და თან, როდესაც ცხოვრების ჩვეულ რიტმს დავუბრუნდებით, ეს დღეები უსაგნოდ დაკარგულად არ მივიჩნიოთ. სწორედ ამგვარ ფიქრებთან დარჩენილმა ადამიანებმა, რამდენიმე საინტერესო საქმიანობასთან ერთად, არჩევანი უპირობოდ წიგნის კითხვაზე შეაჩერეს.

 

სწორედ ამიტომ, გადავწყვიტე, რეკომენდაციის სახით შემოგთავაზოთ რამდენიმე წიგნი, რომელთა წაკითხვა ამ რთულ დღეებში ერთბაშად სასიამოვნო და სასარგებლოც იქნება. და განსაკუთრებით იმ დროს, როდესაც ერთ ჭერქვეშ თავმოყრილი არიან სხვადასხვა თაობის ადამიანები, რომლებიც 24 საათიან რეჟიმში ერთად ატარებენ დროს და დღეს კიდევ უფრო მეტად სჭირდებათ ჰარმონია და ურთიერთგაგება, რა უნდა იყოს იმაზე კარგი არჩევანი, ვიდრე გამომცემლობა „ინტელექტის“ სერია „გაკვეთილების შემდეგ საკითხავის“ ფარგლებში თავმოყრილი ხუთი შესანიშნავი წიგნია.

 

თავის დროზე, როდესაც ამ სერიას გამომცემლობა „ინტელექტთან“ ერთად ჩავუყარე საფუძველი, მისი აუცილებლობა ქართულ სკოლებსა და ზოგადად დღევანდელ საგანმანათლებლო სისტემაში არსებულმა ძირეულმა პრობლემებმა დამანახა, მასწავლებლებმა, რომლებიც მოსწავლეების გარშემო შექმნილი გარკვეული პრობლემური სიტუაციების დროს თავს იმართლებენ, რომ მსგავსი საკითხები ოჯახებში უნდა წყდებოდეს, მშობლებმა, რომლებიც თითს მასწავლებლებისა და სკოლისკენ იშვერენ და მთელ პასუხისმგებლობას მათ აკისრებენ, მოსწავლეებმა, რომლებიც ხშირად ამბობენ, რომ სკოლას თუ ოჯახს მათი არ ესმით. სწორედ ამ დილემასთან გამკლავების ხელშესაწყობად გადავწყვიტეთ ჩვენი ახალი სერიისთვის მოგვეძებნა ისეთი წიგნები, რომელთა წაკითხვაც თანაბრად სასარგებლო იქნებოდა მოზარდებისთვის, მასწავლებლებისთვის, მშობლებისთვის, პოტენციური მშობლებისთვის, ყველასთვის, ვისაც უყვარს და ეძებს ხარისხიან ლიტერატურას, წიგნები, რომლებსაც მოზარდები თავად აირჩევდნენ. დარწმუნებული ვარ, ამ წიგნების წაკითხვის შემდეგ, რომელი თაობის წარმომადგენელიც არ უნდა ვიყოთ, უკეთ შევძლებთ ჩვენი შეცდომების აღმოჩენას, მათზე დაფიქრებასა და გამოსწორებასაც. ამ წიგნებს, რომლებზეც ქვემოთ ვისაუბრებთ, უდავოდ შესწევთ ჯადოსნური ძალა, დაეხმარონ სხვადასხვა თაობის წარმომადგენლებს ერთმანეთთან ჰარმონიულ თანაცხოვრებაში.

 

 

ასტრიდ ლინდგრენი/სარა შვარტი – „შენს წერილებს ლეიბის ქვეშ ვინახავ“

 

ამ სამყაროში ჩუმი ძახილივით, გადამალული ვიოლინოს კვნესასავით გაისმის ერთმანეთის მონატრებით სავსე ადამიანების ხმები. ბავშვებს ენატრებათ მშობლები, რომლებსაც მათთვის არ სცალიათ; დას ენატრება და, რომელსაც ახლა სხვა მეგობრები ჰყავს; ძმას ენატრება ძმა, რომელსაც ის აღმერთებს; მეგობარსმეგობარი, რომელიც მის მიმართ გაცივდა, კაცსქალი, რომლის გული ჯერაც ვერ მოიგო, ქალსკაცი, რომელიც მისგან წავიდა, დაბოლოს, ყველაზე ძლიერად და ყველაზე დიდი მოკრძალებით მშობლებს თავისი შვილები ენატრებათ, რომლებიც ცხოვრებამ სხვაგან გადაისროლა.


ადამიანებით დასახლებულ ამ სამყაროში ვიოლინოს სიმის კვნესასავით, ჭაობის პირას ჩამომჯდარი პრანჭია ჩიტის კივილივით ისმის ერთმანეთს მონატრებული ადამიანების ხმები.

 

ასტრიდ ლინდგრენის ეს შესანიშნავი წიგნი, 2016 წელს შვედეთში მოგზაურობის დროს, გოტებორგის წიგნის ბაზრობაზე სრულიად შემთხვევით აღმოვაჩინე. და მაშინ, როდესაც ჯერ კიდევ მეგონა, რომ ლინდგრენის შესანიშნავი წიგნებიდან არ დარჩენილა არც ერთი, რომლის შესახებაც მისმა ერთგულმა მკითხველებმა არ ვიცოდით, ხელში მეჭირა უნიკალური გამოცემა, რომელიც ქართველ მკითხველებს საშუალებას მოგვცემდა უკეთ გაგვეგო, ვინ იდგა ჩვენთვის ყველასთვის საყვარელი პერსონაჟების – პეპის, კარლსონის და სხვათა უკან, როგორი იყო სინამდვილეში ეს ლეგენდარული საბავშვო მწერალი და რაც კიდევ უფრო საინტერესო იყო, როგორ ურთიერთობდა ის ბავშვებთან. ორივე შეკითხვაზე სრულყოფილ პასუხს სწორედ ამ წიგნში თავმოყრილი მიმოწერიდან ვიღებთ, რომელიც 1971 წელს იღებს სათავეს, როდესაც სარა შვარტი, 12 წლის შვედი გოგონა პირველ თამამ წერილს მისწერს ასტრიდ ლინდგრენს. ამ შემთხვევის უნიკალურობას კი ის განაპირობებს, რომ მათი მიმოწერა მრავალი წლის განმავლობაში, თითქმის მთელი ცხოვრება გაგრძელდება. ამ მიმოწერის ყველაზე აქტიური ფაზა სარას ცხოვრების ყველაზე რთულ და პრობლემებით სავსე ხანას ემთხვევა. მწერალი თავისი თბილი და მეგობრული დამოკიდებულებით ახალგაზრდა ქალის ცხოვრებაში წარუშლელ კვალს დატოვებს. ასტრიდ ლინდგრენის განსაკუთრებული მიდგომა პატარა გოგონასადმი, რითაც ის ცდილობს არაერთი სირთულის დაძლევაში დაეხმაროს სარას, შესაძლებელია ერთგვარ მასტერკლასადაც კი მივიჩნიოთ ჩვენი მშობლებისა და პედაგოგებისათვის.

 

წიგნის შესანიშნავი ქართული თარგმანი ეკუთვნის ლიკა ჩაფიძეს, რომელმაც ის შვედური ენიდან თარგმნა.

 

 

თამარ გეგეშიძე – „სული-ჩიტი“

 

სერია „გაკვეთილების შემდეგ საკითხავში“ ქართველი ავტორის მიერ მოზარდებისთვის დაწერილი წიგნის გამოცემა უკიდურესად მნიშვნელოვნად მიგვაჩნდა, რადგან ვფიქრობდით, რომ არაფერი იქნებოდა თანამედროვე ქართველი მოსწავლისთვის, მშობლისა თუ მასწავლებლისთვის იმაზე უფრო საინტერესო საკითხავი, ვიდრე ჩვენი თაობის მწერლის მიერ მხატვრულად აღწერილი ქართული სკოლაა. სწორედ ამ ძიებაში მივაკვლიეთ ახალგაზრდა მწერალს და ამასთან ბავშვებისთვის საყვარელ მასწავლებელს, რომელმაც სკოლაში მიღებული გამოცდილებით, პირად დაკვირვებებზე დაყრდნობით, დაწერა არაჩვეულებრივი სადებიუტო წიგნი „სული-ჩიტი“ – ქართველი ავტორის მიერ მოზარდებისთვის შექმნილი ერთ-ერთი გამორჩეული თანამედროვე რომანი.

 

თუკი მშობლებს გაინტერესებთ, რა ხდება საკლასო ოთახებში მას შემდეგ, რაც თქვენს შვილებს სკოლის კარამდე აცილებთ და იქ ტოვებთ, მასწავლებლებს – რა ხდება ოჯახებში, როდესაც ბავშვები გაკვეთილების შემდეგ სახლში ბრუნდებიან, მოზარდებს – როგორ ურთიერთობენ თქვენ თანატოლები, რა სწყინთ, რა უხარიათ, რა შეცდომებს უშვებენ და შემდეგ როგორ ცდილობენ მათ გამოსწორებას, რა სწორ და არასწორ ნაბიჯებს დგამენ და ყოველთვის არსებობს თუ არა გამოსავალი, და ბოლოს, ჰგავს თუ არა რამით მათი ცხოვრების ნიუანსები თქვენი ცხოვრებისას, მაშინ 11 წლის ლუკას ისტორია სწორედ თქვენთვის დაწერილი ტექსტია, რომელიც ბევრ რთულ შეკითხვაზე პასუხების მოძებნაში დაგეხმარებათ.

 

აქვე უნდა დავძინო, რომ თამარ გეგეშიძემ 2020 წელს მოზარდებისთვის კიდევ ერთი შესანიშნავი წიგნი „საშლელები“ გამოსცა.

 

 

 

 

შერმან ალექსი – „დროდადრო ინდიელის აბსოლუტურად მართალი დღიური“

 

ვფიქრობდი, რომ მსოფლიო იყოფოდა ტომებად, შავკანიანებად და თეთრკანიანებად, ინდიელებად და თეთრკანიანებად. მაგრამ ახლა ვიცი, რომ ეს სიმართლეს არ შეეფერება. მსოფლიო მხოლოდ ორ ტომად იყოფა: საზიზღრებად და არასაზიზღრებად.

ეს მშვენიერი წიგნი, რომელიც პირველ ყოვლისა მოზარდებისთვისაა შექმნილი, თუმცა არა მხოლოდ მათთვის, 14 წლის ინდიელი ბიჭის ამერიკულ ცხოვრებას აღწერს. და შესანიშნავია არა მხოლოდ იმიტომ, რომ უბადლოდაა აღწერილი მოზარდების ცხოვრება, მათი პრობლემები, ურთიერთობები და გამოწვევები, არამედ იმიტომაც, რომ წიგნის მთავარი ფოკუსი ჩერდება ეთნიკური უმცირესობების უმნიშვნელოვანეს თემაზე, მათი საზოგადოებაში არ ან ვერ ინტეგრაციის პრობლემაზე. რატომ არ უნდა გავრიყოთ ჩვენი მოქალაქეები ეთნიკური ნიშნით და რატომ უნდა უნდოდეთ სხვა თანამოქალაქეებთან ინტეგრირება. ამ წიგნის 14 წლის გმირი, გმირობის მაგალითს აჩვენებს სხვა ინდიელებს, მას არ უნდა მთელი ცხოვრება ინდიელების მცირე დასახლებაში გაატაროს, მან იცის, რომ სამყარო ბევრად დიდია და სჯერა, რომ შეუძლია გაცილებით დიდი სამყაროს ნაწილი გახდეს. იცის ისიც, რომ შესწევს იმის უნარი, ე. წ. თეთრკანიანებს დაუმტკიცოს, რომ მიუხედავად კანის ფერისა, მიუხედავად მძიმე სოციალური პირობებისა, ისიც მათიანია, ისიც მათი მსგავსია.

 

ამ წიგნის ბრწყინვალე თარგმანი გია ბერაძეს ეკუთვნის.

 

 

მარკ ტვენი – „ჰაკლბერი ფინის თავგადასავალი“

 

„საერთოდაც ასე ხდება: იკადრებ რაღაც უკადრებელს და მერე აღარც გინდა პასუხი აგო საკუთარი საქციელისთვის – ასე გგონია, თუ არ გახმაურდა, სასირცხოც არაფერიაო. მეც ჩემდათავად, ზუსტად ასე დამემართა. რაც უფრო მეტად ვუკირკიტებდი ამ ამბავს, სინდისიც უფრო მწარედ მქენჯნიდა, უფრო და უფრო საძაგელ არამზადად, ნაძირალად და უნამუსოდ ვგრძნობდი თავს. და აი, ბოლოს უცებ გონება გამინათდა: მივხვდი, განგებამ სწორედ იმიტომ შემომილაწუნა სახეში ასე მწარედ, რათა დავრწმუნებულიყავი – ყველა ჩემს ნაბიჯს ზეციდან რო დასცქერიან.“

 

მსოფლიო ლიტერატურის მარგალიტს, მარკ ტვენის მარადიულ საყმაწვილო რომანს „ჰაკლბერი ფინის თავგადასავალი“ დიდი წარდგენა არც სჭირდება. იშვიათად მეგულება ადამიანი, ბავშვობაში ერთხელ მაინც რომ არ ჩავარდნოდა ხელში ეს განუმეორებელი წიგნი განუზომელ თავისუფლებაზე, სიკეთეზე, რომელთან ზიარების საშუალება სწორედაც რომ ადრეული ასაკიდან უნდა გვეძლეოდეს, თუმცა მასთან მიბრუნება არასდროს არის გვიან, არც უფროს ასაკში, როდესაც მარკ ტვენის ამ გენიალურ წიგნს განსხვავებული თვალითა და შეგნებით წავიკითხავთ. მით უფრო, რომ ხელახლა წაკითხვის მიზეზს ნამდვილად გვაძლევს ზაზა ჭილაძისა და გაი ჭუმბურიძის სრულიად ახალი, ბრწყინვალე თარგმანი და სრულიად ახლებურად ამეტყველებული ჰაკლბერი (და არა ჰეკლბერი) ფინი.

 

ბევრისგან მოისმენთ და ბევრგანაც ამოიკითხავთ, რომ სწორედ „ჰაკლბერი ფინის თავგადასავლით“ იწყება ამერიკული ლიტერატურა, უშიშარი, გონიერი და უცნაური ბიჭის, ჰაკის ფათერაკიანი თავგადასავლით, რომელიც თავის მეგობარ ტომ სოიერთან ერთად, უარს იტყვის ცივილიზებულ სამყაროში მშვიდ ცხოვრებაზე, ყოფაზე, რომელიც ყოველდღიურ რუტინას, ერთფეროვნებასა და სტაბილურობას სთვაზობს და შფოთიან, სახიფათო თავგადასავლებით სავსე სამყაროში დაუფიქრებლად გადაეშვება.

 

 

პენი ჯოლსონი – „მე არაფერს ვმალავ“

 

რამდენიმე დღის წინ, 21 მარტს მთელმა მსოფლიომ დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე აღნიშნა და მაშინ, როდესაც თანამედროვე სამყაროში განსხვავებული ადამიანებისთვის ცხოვრების თანაბარი პირობების შექმნა ერთ-ერთ საკვანძო გამოწვევად რჩება, თქვენს ყურადღებას ინგლისელ მწერალ პენი ჯოლსონზე და მის მშვენიერ წიგნზე „მე არაფერს ვმალავ“ გავამახვილებ.

 

მართალია, წიგნის მთავარ გმირს, 14 წლის გოგონა ჯემას არა დაუნის სინდრომი, არამედ ცერებრული დამბლა აქვს უმძიმეს ფორმებში, მთავარი სულ სხვა რამეა: წიგნში აღწერილია ერთი ოჯახის ცხოვრება, რომელმაც სამი განსაკუთრებული საჭიროების ბავშვი იშვილა და დიდი სიყვარულით ზრდის მათ: ჯემას პატარა ძმა აუტიზმის მქონეა, უმცროს დას კი ფსიქიკური პრობლემები აწუხებს. თუმცა, მშობლები წარმატებით ახერხებენ თავი გაართვან ყველანაირ სირთულეს და თავიანთ შვილებს, ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულ ბავშვებს, ისეთებს იღებენ, როგორებიც არიან.

 

ცხადია, შესაშურია ამ წიგნში იმის ამოკითხვა, რამდენად ადაპტირებული და მოწყობილია ბრიტანული განათლების სისტემა განსხვავებული ბავშვების ნებისმიერ საჭიროებაზე და კვლავაც და კვლავაც როგორ ცდილობენ ცალკეული მეცნიერები ახალი გამოგონებებით ბავშვების ცხოვრება უკეთესი გახადონ.

 

თუმცა, აქვე დავძენ, რომ ეს არაა პროფესიული ლიტერატურა, ძალიან საინტერესოდ საკითხავი და ამასთან სასარგებლო მხატვრული ტექსტია, სადაც მთავარი გმირი, რომელსაც უბადლო გონება აქვს, თუმცა, საკუთარ სხეულს ვერ იმორჩილებს და ვერც საუბრობს, შეძლებს მის უბანში მომხდარი მკვლელობის გამოძიებაში პოლიციას დაეხმაროს. როგორ და რანაირად, ამას წიგნიდან შეიტყობთ.

 

ისევე როგორც ნებისმიერი სხვა წიგნი ამ სერიაში, „მე არაფერს ვმალავ“ აუცილებელი საკითხავია ბავშვებისთვის, მშობლებისთვის, მასწავლებლებისა და ყველასთვის, ვისაც უყვარს კარგი ლიტერატურა.

 

დიდი მადლობა თამარ სუბელიანს, რომ ასე კარგად გვითარგმნა ეს წიგნი და ხელმისაწვდომი გახადა ქართველი მკითხველისთვის.

 

სასიამოვნო კითხვას გისურვებთ და გახსენებთ: #დარჩითსახლში #გადაარჩინეთსიცოცხლე #იკითხეთწიგნები და გპირდებით, რომ წიგნებთან ერთად არც ერთი დღე არ იქნება მოსაწყენი.

 

 



სხვა ბლოგები
  • ილია ჭანტურიას ბლოგი – „ძველი სკოლის კვალდაკვალ“
    08/10/2020
    თურმე სერგეი ეიზენშტეინს უთქვამს, კინო არის გახსენების და დავიწყებისო. როდესაც ფილმს უყურებ, საჭიროა წინა...
    ვრცლად
  • აქ. ახლა მარიო ვარგას ლიოსასთან და ლანა კალანდიასთან ერთად
    27/07/2020
    30 ივლისს, 20:00 საათზე, ყველა მსურველს საშუალება აქვს ვირტუალურად დაესწროს ცნობილი პერუელი მწერლის, ნობელის...
    ვრცლად
  • ზაზა ბიბილაშვილი – „რატომ გვიყვარს მემარცხენეები“
    11/06/2020
    „ის, ვინც მტერთან ბრძოლით ცხოვრობს, დაინტერესებულია იმით, რომ მტერმა სიცოცხლე შეინარჩუნოს“.   გიორგი...
    ვრცლად