ტროკადეროს ბაღის პოლ ვალერის ძეგლს მიმსგავსებული შპალერის ლაქა
კარანტინში ყოფნის მეჩვიდმეტე დღეს
წერის დრო დადგა,
მწერლობისა, პოეტებისა,
ვთქვი და საწოლში გადავბრუნდი,
მხარი ვიცვალე ჩემი ჩრდილისკენ,
კედლისაკენ,
რომლის ქაღალდზეც დროისა და სიძველის მკრთალმა ლაქებმა
კვალი დატოვეს და გამოსახეს ყველაფერი,
რაც ადრე იყო:
ხმაურიანი ეზოები ბავშვებით სავსე;
გაბოლილი ყავახანები მოხუცებით და ნარდის დაფებით;
ალმოდებული, შეყვარებული ახალგაზრდები ჩამქრალ სკვერებში;
მატარებლები
ქალაქიდან ქალაქებში მოგუგუნენი და
მეოცნებეთა, მომლოდინეთა, მონატრებულთა
სხვა სივრცეებში გადამყვანები;
სახეები, სახეები, უფერული სახის ნაკვთები,
ზოგი ნაცნობის, ახლობლის და დაკარგულისა,
ზოგიც უცნობის, მაგრამ უკვე შინაურისა,
შენი კედლის, შენი სახლის ბინადარისა.
მათ სივრცეებში ჩარჩენილს და მარტოდ დარჩენილს,
გაკვირდებიან, გიმზერენ და გეკითხებიან –
ახლა ვინა ხარ?
როგორ ზომავ გასავლელ მანძილს?
როგორ ალაგებ პოეზიას, საგნებსა და გარდასულ დღეებს?
რას ეკითხები საკუთარ ჩრდილს კედლის ლაქებზე დაღვრილს,
რას ეკითხები საკუთარ თავს
ყოფიერების მეორე მხარეს?
***
როცა მიდიან,
როცა გვტოვებენ,
როცა გარბიან,
რას გვიტოვებენ,
ზამთრის სიშიშვლეს,
თუ სისავსეს გაზაფხულისას?..
მზე თუ ჩადის,
ხომ გვიბრუნდება?
გზას თუ გავყვებით,
ხომ დაგვაბრუნებს ისევ უკანვე?
მაშ, სიყვარული სამუდამოდ როგორ გვტოვებს,
როგორ გაგვირბის.
როგორ გვიმეტებს –
ფოთოლცვენისთვის,
დავიწყებისთვის?
როცა მიდიან,
რას გვიტოვებენ,
ზამთრის სიშიშვლეს,
თუ სისავსეს გაზაფხულისას?..
სახლი ერეკლეს ქუჩაზე
ამ სახლში იდა თვარაძე ცხოვრობდა,
მხატვარი,
უფრო მეტად კი,
ვინც შეძლო ყოფილიყო საკუთარი ნახატების მსგავსი.
ბედისწერაზე მაღალი და
ცხოვრებაზე გულწრფელი.
ამ სახლიდან ჯერ კულტურის მინისტრმა გამოასახლა,
რომ ფიროსმანივით სადმე კიბის ქვეშ მიეგდო და ჩაეკლა.
შემდეგ ტილოების კუთხეებში მიხატულმა ანგელოზებმა არ დაინდეს და
ძალით გაიყვანეს ამ სახლიდან,
არადა, მას ცხოვრება სწყუროდა და არ აცალეს.
არ დააცალეს საათივით მოწიკწიკე გულის ოპერაციისთვის გამოყოფილი თანხის დარიგება,
რაზე ფიქრმაც და თითებზე ანგარიშმა ღამეები ათენებინა და
თვალი არ დაახუჭინა,
ითვლიდა, თუ ვის რამდენს უწილადებდა,
რამდენ მშიერს დააპურებდა,
რამდენს მევახშეს დაუმშვიდებდა,
რამდენ ბავშვს შეარგებდა დაბადებას.
არ დააცალეს გამთენიისას მოქარგულ აივანზე მგალობელი შაშვების ხატვა.
ფული ბნელი საქმეებისთვის მღვდლებმა მიითვისეს,
სახლის გაციებული კედლები მინისტრმა გაყიდა და
უსახლკარო იდა თვარაძის სული
საოპერაციო გულით ხელში
თბილისის ცივ ქუჩებში
შეუმჩნევლად დაეხეტება.
***
დილიდან ვებრძვით
ვერაგ სიბერეს მე და დედაჩემი,
გამოვწიეთ ტახტი,
გამოვაღეთ ყველა კარადა.
ვეკითხებით ჩვენს ძაღლს,
ავკეცეთ ჭრელი ფარდაგი.
ვერსად ვპოულობთ
კბილებს დედისას...
***
რა სხვანაირად შემოვიდა ეს შემოდგომა,
შენს დატოვებულ ღია კარში
ფოთლების შეყრით...
აგვისტოს ომი
დგას კარადასთან
თერთმეტი წლის სიზმრების ბიჭი,
ვერ ხედავს, ეძებს,
თვალებს იფშვნეტს,
წამით ჩერდება...
დგას კარადასთან
თერთმეტი წლის პატარა ბიჭი,
მამის ფლოსტებში ფეხებსა ჰყოფს,
ფლოსტებს იზომავს...
07.08.2019